Imagine სხვა საქართველო…

ამ გაგანია კომპრომატების ომის დროს მეც ჩამივარდა ხელში 2086 წლის ერთ-ერთი ქართული გაზეთიდან მასალა. ტან ტარარა რაა რაააა! მას უცვლელად გთავაზობთ:

“შემოდგომაა. სექტემბრის ბოლო, ჰაჰა ოქტომბერი. უკვე აღარავის უკვირს რომ თბილისში რამდენიმე თვეა გადაბმულად “ჯოს ჯოს ჯოს” ძახილი აღარ ისმის, და “ბესო წადი”-ს აღარავინ ყვირის. ეგეთებიც ხდება.

ტრადიციულად, დაიწყო თბილისის ხუთასსამოცდამეჩვიდმეტე თეატრალური ფესტივალი. კულტურული ცხოვრება ჩქეფს და მოჩქეფს ქალაქსა შინა. უამრავი ქვეყნის დასი ჩამოვიდა მონაწილეობის მისაღებად. მათ რიგებში იყო ალექსანდრ დუგინის სახელობის მოსკოვის დრამატული თეატრის დასიც, რომელმაც დიდი ძალისხმევის, ხვეწნის და მუდარის შემდეგ მოიპოვა ფესტივალში მონაწილეობის უფლება. ჩამოიტანეს ვინმე ტაბაკოვის თუ ვიღაცის სპექტაკლი, და როგორც აფიშიდან ვიგებთ მასში ვინმე ბეზრუკოვი, თუ ბერზუკოვი, თუ ბერეჟნიკოვი მონაწილეობს. სტაჟიანი მაყურებლები აღტკინდნენ, გაიხსენეს რა მისი როლი ისეთ კლასიკაში როგორიც არის “ბრიგადა”. თან გამოხედვაც მაგარი აქვს. მასკვა სლიზამ ნი ვერიტ კი არა და, აი მეორე რომ არის რაღაცა ეგეთი, სხვა ქალაქში რომ მოხვდება მთვრალი ახალ წელს, აი მაგის მეორე ნაწილშიც თამაშობსო ამბობენ მავანნი. მოკლედ ჯიგარსონაა რა.

მოვიდა ამ ბერეჟ-ვიღაც-ნიკოვის გამოსვლის დღეც. რუსული დასია, უმრავლესობას არც რუსული დასი ეხატება გულზე, არც რუსული სპექტაკლი. მხოლოდ რამდენიმე გადარეული მივიდა ცრემლმორეული თვალებით, და კიდევ თეატრის რამდენიმე მოყვარული, შევხედოთ ერთი რა არისო. დაიწყო სპექტაკლი, რამდენიმემ დარბაზი მსვლელობის დროს დატოვა, კიდევ რამდენიმემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო როცა ვიღაც მსახიობმა გამომწვევად, ქართულად წარმოთქვა “ნახ-ნახევარიო” და ასევე გამომწვევად ჩაიღიმა. მოკლედ, სპექტაკლის ბოლოს დარბაზში იმ რამდენიმედან კიდევ უფრო რამდენიმე კაცი დარჩა. რუსები გაბრაზდნენ, ნას სავსემ ნი უვაჟაიუტო, არაყი დალიეს და წავიდნენ. წავიდნენ უკან სსრკში. ყველაფერთან ერთად იმაზეც აღშფოთდნენ, რომ მეორე დღეს ჯონი მაკკეინის სახელობის ტრაგიკომედიის თეატრის დასისა და ბეოვულფის სახელობის ნატოს შტაბბინასთან არსებული პანტომიმის თეატრის მსახიობების წარმოდგენები სრული ანშლაგით წარიმართა.

რუსთა აღშოთებას ისიც დაემატა, რომ მასკვაში საკონცერტო დარბაზ მასკოვსკაიში გამოსვლაზე გადატვირთული გრაფიკის გამო უარი თქვა ნაციონალური ცეკვების ანსამბლმა “რუხიშვილებმა”. თან ეს იმის ფონზე, რომ მოსკოვში და როსტოვში ქართული რესტორნები მეპატრონეებმა დახურეს და “ზაბეგალოვკები” ჩრდილო კორეასა და ლუქსემბურგში გახსნეს.

მოკლედ ესე რა, აღშფოთებულები არიან ისინი, და როგორც ფედერაციის კულტურის მინისტრი აცხადებს, დასანანიაო რომ საქართველოს ასე აღარ ვუნდივართო. ისიც თქვა, რომ რა არიო ესაო, რუსი ტურისტები ჩადიანო, და სერვისი სულ ინგლისურად და იმპორტულ ენაზე არისო, ჩვენ კიდევ გრუზინები “свои человек“- ები გვეგონნენო. გავლენას ვკარგავთო, სკოლებში ბლოკის ლექსებს აღარ აზუთხინებენო, და პუშკინის და კუტუზოვის ქუჩებიც არსად არისო. შტო ზა ბიზაბრაზიეო, დააყოლა ბოლოს მინისტრმა და სიბნელეში გაუჩინარდა”.

წარმოგიდგენიათ?!

© გ.დ. 2012

Advertisements

რუსულის გაკვეთილები ანუ ვენდოთ თუ არა „მეგობარს“

I ნაწილი

პოსტის დასაწყისში გამიზნულად არ დავწერ ჩემს სუბიექტურ მოსაზრებას, ჩემს აზრს არ გამოვთქვამ, და მითუმეტეს არც რაიმესკენ მოგიწოდებთ. ამას სპეციალურად გავაკეთებ, რომ პოსტის წაკითხვის წინ თქვენზე რაიმე ქვეცნობიერი გავლენა არ მოვახდინო. მე რამდენიმე ფაქტს ჩამოვწერ, და მერე ერთ კითხვას დაგისმევთ.

ყველაფერი 1783 წელს დაიწყო.თუმცა მანამდე იყო 1722 წელი…

ფაქტი N1: 1722 წელს მეფე ვახტანგ VI-მ მფარველობა სთხოვა პეტრე დიდს. პეტრე დიდმაც კი რა თქმა უნდა, თქვენ შემოგევლოთ ჩემი დარჩენილი სიცოცხლეო, ჩვენც გაგვიხარდა. თუმცა საბრძოლო დახმარების საჭიროება რომ გაგვიჩნდა, მიგვატოვა. კერძოდ, ამავე წელს პეტრე და ვახტანგ VI შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად გაუმართავდნენ ომს სპარსეთს. ვახტანგმა 40 000-იანი ლაშქარი შეკრიბა. თქვენ წარმოგიდგენიათ 40 000 კაცის შეკრება რამხელა ძალისხმევის შედეგია დაქუცმაცებული და გაძვალტყავებული ქართული სამეფოსთვის? ჩავიდა მეფე განჯაში საბრძოლო განწყობით, მაგრამ რა მოხდა აბა გამოიცანით? დიადმა პეტრემ თავი არ შეიწუხა აქ ჩამოსვლით, შეატოვა ჩვენი ლაშქარი მტერს, რომელმაც რაღა თქმა უნდა არ დაგვინდო, და დესერტად თბილისიც გადაგვიწვა.
დასკვნა: ვახტანგი ენდო პეტრეს, და საბოლოოდ სადაც დაასრულა სიცოცხლე მანაც და საქართველომაც ძალიან კარგად ვიცით.

ფაქტი N2: „რუსული სული, ქართული ხორცი“ ანუ 1760-70-იანი წლები. ერეკლე II სერიოზულად დაფიქრდა რუსეთთან მეგობრობაზე, თან რუსეთი ოსმალეთთან ომში ჩაერთო, და დაჭირდა საქართველო. იკაწირინამ გამოაგზავნა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ტოტლებენი, მიეხმარეო და წააქეზე ეგ გრუზინებიო. ეს ფარულად, თორემ ჩვენ გვითხრა, რომ ჩვენს დასახმარებლად სამხედრო ძალასაც კი არ იშურებდა მისი აღმატებულება მატუშკა რასია. ჩვენც ვენდეთ: ჯერ შორაპნის ციხეს შემოვარტყით ალყა, სოლომონ I-მა და გენერალმა ტოტლებენმა, თუმცა ამ უკანასკნელმა მოულედნელად ალყა მოხსნა და სადღაც გაიქცა. სოლომონიც შეცდა! ჯერი ერეკლეზე იყო. მეფემ მიიღო რა ტოტლებენის კაცური სიტყვა, შეუტია სამცხეს. რა მოხდებოდა ადვილად მიხვდით ხომ? ტოტლებენი აქედანაც გაიქცა. თან სად? უკან კახეთში, და სანამ ერეკლე ასპინძასთან ჩვენთვის ისტორიას წერდა, რუსი კახეთში მოსახლეობას იმპერატორის ერთგულების ფიცს ადებინებდა. ასპინძასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ერეკლე სასწრაფოდ გამობრუნდა უკან. ტოტლებენი ჩვეული ეშმაკობით ისევ გაძვრა და სოლომონთან დაბრუნდა იმერეთში. იქაც განაგრძო „ვაჟკაცობა“ და მეფესთან შეუთანხმებლად დაიწყო სხვადასხვა ციხეების აღებაზე ზრუნვა. სოლომონი გაბრაზდა, და ბოლოს იმას მაინც მიაღწია რომ ამოკრა უკანალში რუსებს და იკაწირინას გააწვევინა თავისი სამხედრო ნაწილი უკან.

ამის მერე, სოლომონის გენიალური სტრატეგიული ხედვის წყალობით გაბრაზებული თურქები ერთი-ორჯერ მასშტაბურად გავანადგურეთ (მაგ: ჩხერთან). ამასობაში რუსეთ-ოსმალეთის ომიც დასრულდა, იმერეთი არც მეტი არც ნაკლები რუსეთმა, ერთმორწმუნე მეგობარმა, ისევ ოსმალებს გადასცა, თან ჩვენზე გაბრაზებულ ოსმალებს.

ფაქტი N3: ერეკლე მეორეჯერ ენდო რუსეთს და ქართლ-კახეთის მფარველობაში მიღება სთხოვა იმპერატორს, რაც უმალ დაკმაყოფილდა. გეორგიევსკის ყველაზე საშინელი პუნქტი იყო ის, რომ ქართველებს ეკრძალებოდათ, ხაზს ვუსვამ, ეკრძალებოდათ, საგარეო პოლიტიკს გატარება. პლუს ამას, თუ იმპერატრიცას მოეპრიანებოდა, აქ ჩააყენებდა რუსულ არმიას. (!). თუ საქართველოს ვინმე გაბედავდა და შემოუტევდა, რუსეთი დაგვიცავდა და ჯარს მოგვახმარდა. რა გასაკვირია და მალე დადგა ამის საჭიროებაც: კიდევ ერთხელ გაბრაზებულმა თურქეთმა 20 000-იანი ჯარი დაგეშა და გამოუშვა, გავნადგურდით, თან რუსეთის დახმარების გარეშე.
აღა-მაჰმად ხანი გაბრაზდა, ძალიან გაბრაზდა, და ერეკლეს შემოუთვალა, გონს მოეგე და რუსებს მოშორდიო. ერეკლემ უპასუხა არაო, ვერ მოგართვიო. ხანმაც კარგიო და დაიძრა. კრწანისში რაც მოხდა კი იცით. სად იყვნენ რუსები? უკვე მხოლოდ მათი კეთილი ნების იმედად არ ვიყავით, ტრაქტატი რაღაც რაღაცეებს ავალდებულებდათ. მაგრამ…
დასკვნა: ვენდეთ და კიდევ შევცდით!

ფაქტი N4: 1800 წ. – ოკუპანტი რუსეთი! პავლე პირველი ადგა და პირდაპირ უცერემონიოდ დაარღვია ტრაქტატი, და ცალმხრივად გააფორმა ქართლ-კახეთის რუსეთთან მიერთების ხელშეკრულება. (თუ რაც იყო). თან იგრძნობოდა რაოდენ დიდ პატივს სცემდნენ ჯერ კიდევ მაშინ გრუზინებს: ამ დოკუმენტის შესახებ არაფერი არ უთხრეს არც მეფე გიორგი XII-ს, და არც ვინმე თავადებს. თავისთვის მოსხდნენ იქ სადღაც პეტერბურგში, გადაკრეს ერთი ორი ჭიქა, და „მიგვიერთეს“. მერე დაელოდნენ ყველაზე კარგ მომენტს, ისეთს კარგად რომ გამოჩენილიყო რაოდენ არარაობანი ვართ მათთან შედარებით, სიონში შეკრებილი თავადები ალყაში მოაქციეს, და სიყვარულით დააფიცებინეს რუსეთისადმი მონობა. აჰ მთავარი დამავიწყდა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა შეშფოთება გამოთქვეს.

Resistance?

Resistance?

ფაქტი N5: რა მივიღეთ დასტაევსკის სამშობლოსგან? ქართლ-კახეთის სამეფოს უეზდებად დაყოფა, მმართველებად ისპრავნიკების დანიშვნა, სასამართლოს რუსულ ენაზე წარმოება, ბაგრატიონების დევნა-გადასახლება, დედოფლის სასახლეში შეჭრილი რუსი გენერალი, დასავლეთ საქართველოს ანექსია და სამთავროების გაუქმება, „ელიზნაურის ტრაქტატის“ დადება და მერე დარღვევა რუსების მხრიდან, სამეფო გვარის შთამომავლების დახვრეტა, აჯანყებულების სრული განადგურება, ერთმორწმუნე მეგობრის მეგობრული ჟესტი და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება (!) (ნაბიჯი რომელიც ყველაზე მონდომებულმა მტერმაც ვერ განახორციელა, ვერც მონღოლმა, ვერ თურქმა და ვერც სპარსმა), საკათალიკოსოების მოსპობა, წირვის რუსულ ენაზე ჩატარება, რუსი ეგზარქოსების ჩამოთრევა, საეკლესიო ქონების რუსების ხელში გადასვლა, ისტორიული მნიშვნელობის ქონების რუსეთში გაზიდვა, დარჩენილის განადგურება, ფრესკების და ხელნაწერების წაბილწვა, ლუარსაბიზაცია, სამხედრო გზის მშენებლობის დროს გამათრახებისგან დახოცილი ქართველი გლეხები, ენის გაუპატიურება (ტუფლი, ვანა, კასტრული და სხვანი), ილიას მკვლელობა, საბჭოთა ოკუპაცია, ინტელიგენციის დახვრეტა, 1937 წელი, ავტონომიების შექმნა, სტალინი, რეპრესიები, ყველაფერი ქართულის დევნა, (აქ დარწმუნებული ვარ ბევრი არგუმენტად სუხიშვილებს, ბორჯომს, მანდარინს, ჩაის, ლიკანის სამეფო რეზიდენციას, და სხვა სისულელეებს მოიყვანს, ნუ შეწუხდებით), რუსული კულტურის „საკუთარ“ კულტურად აღქმა, ალა პუგაჩოვა, ყველაფერი რუსულის უპირატესად აღქმა, რუსული ტელევიზია, რუსული შანსონი, რუსული გაზეთი, რუსული ენის სილამაზის გამძაფრებულად დაცვა, ნატაშა და უნახავი ქართველისთვის რუსი ქალის მითი, გართობა, ღრეობა რუსულად, პუშკინის და კუტუზოვის ქუჩები, 9 აპრილი, ნიჩბები, ტანკები, ასლან აბაშიძე, პრეზიდენტის მკვლელობა, ედიკა და მისი ქურდების შპანა, სიბნელე, გაუნათლებლობა, ჩამორჩენილობა, უკულტურობა, ბომჟობა, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომები, სამოქალაქო ომი, გალის რაიონი, 2008 წელი, დაბომბილი საქართველო,რუსული ბომბები ფოთში, ზუგდიდში, სენაკში, გორში, სატვირთო თვითმფრინავებით გამოყრილი ქართველები, ძაღლურად აკრძალული ქართული პროდუქცია, (იმათი გამკვირვებია, ვინც მათხოვრულად თვალებში შესციცინებს რუსს, და ელოდება როდის დაუშვებს ქართულ ღვინოს რუსულ ბაზარზე. დარწმუნებული ვარ მადლობის გადახდაც არ მოერიდებათ), ქართველის მიმართ ბატონყმური დამოკიდებულება („ვის რაში ჭირდება თქვენი ბორჯომი, თქვენ იდარდეთ მშივრები დაიხოცებით ჩვენს გარეშე, ჩვენ რა“), ორი რუსეთის მითი, პუტინი ცუდია – ხალხი კარგია, ამერიკის მტრად წარმოჩინება, (უკულტუროები, ჰამბურგერის სამშობლო, გარყვნილები, უისტორიო ხალხი, ფუუ! ესეც ჩვენი ცოტა გაუნათლებლობის ბრალი),თინა კანდელაკი, სოსო პავლიაშვილი,პრიმაკოვი, ზურაბ წერეთელი, მიმინოს ძეგლი, იკაწერინა ანდრეევნა, კავეენი და კავეენის ხუმრობები გრუზინებზე, ყანობა, ბოსტანი და ყველაფერი სიბნელე.

და ყოველივე ამის მერე რატომ უნდა იფიქრო ადამიანმა რომ რუსეთთან მეგობრობა საქართველოსთვის კარგია და საჭირო? ასწორებს ლუარსაბის პოზა?

End of Part One.

ნოემბერი, 2011 © გ.დ.