ჩემი და პოლ მაკარტნის პირველი შეხვედრა

ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობენ რაღაც განსკუთრებული თარიღები. ვიღაცეებისთვის ეს ვინმეს (ან საკუთარი) დაბადების დღეა, ზოგისთვის ლატარიაში მილიონის მოგების თარიღია, ზოგისთვის ვინმეს გაცნობის და ზოგიერთისთვისაც დიდი საფეხბურთო მატჩის დღეა. ლატარიის ბილეთს რომ ავსებენ, ხომ გინახიათ, რომ იმ რიცხვებს ხაზავენ, რომელ რიცხვებთანაც რაიმე განსაკუთრებული აკავშირებთ. მე არასოდეს არ მჯეროდა, კი არა და, არ მქონდა ესეთი განსაკუთრებული თარიღი, უფრო სწორედ დიდ მნიშვნელობას არასოდეს ვანიჭებდი ამას. მაგრამ, ერთი წლის წინ ყველაფერი შეიცვალა. ჩემთვის უკვე არსებობს 3 დეკემბერი. რიცხვი სამი. თვე დეკემბერი. წელი 2009. მას შემდეგ უკვე ერთი წელი გავიდა, და ერთი წლის თავზე ეს პოსტიც დაიწერა.

მაგრამ, 3 დეკემბრამდე იყო, ნოემბრის ერთი ჩვეულებრივი საღამო. ჩვეული სიცივე. და სახლში, უფრო სწორედ ჩემს ოთახში, კომპიუტერში შემძვრალი ჩემი თავი. ზედმეტი მოცაელეობისგან გახსნილი ფანტაზია და უბრალოდ იმაზე ოცნება, რომ იქნება და სადმე შორს იყოს სერ პოლის კონცერტი, და საკუთარი თავის წარმოდგენა, როგორ ვყვები მას პენი ლეინის სიმღერაში…ასე ფიქრებში გართულს, ერთ-ერთ საიტზე უცებ რაღაც დაუჯერებელი რამე მხვდება თვალში: Sir Paul McCartney – Good Evening Berlin. მეგონა მეძინებოდა ძალიან და წესიერად ვერ ვაზროვნებდი. რამდენჯერმე წავიკითხე! აშკარად ყველაფერი ისე იყო, როგორც ჩანდა. თარიღი მილიონჯერ გადავამოწმე: 3.12.2009. ნუთუ მართალია? მეგონა რომ რამე შეცდომა იქნებოდა. იმიტომ რომ, ხომ არ შეიძლებოდა ეს თარიღი მე გამომპარვოდა?! არა, მართლა 3 დეკემბერი ეწერა. ანუ სულ რაღაც თვეზე ნაკლები რჩებოდა! და ასე ახლოს! აქვე! სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში! მგონი რაღაც ხდებოდა ჩემს თავს. მაშინ ყველაზე სულელური გადაწყვეტილება მივიღე რაც კი შეიძლება მიმეღო: შეშინებულმა გამოვრთე კომპიუტერი და სასწრაფოდ დავიძინე! წარმოდგენა არ მაქვს რატომ…

აი მეორე დღეს კი, როგორც კი ავდექი, ვქენი ის, განვიცადე ის 5 წუთი, რასაც მთელი ცხოვრება ასე ველოდი. ის 5 წუთი, რასაც ასე ხშირად წარმოვიდგენდი მთელი ჩემი ბიტლომანური ცხოვრება: დავრეკე და ვიყიდე, დიახ დიახ, ვიყიდე კონცერტის ბილეთი! თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ეს რა ნეტარებაა, როდესაც ცოტა მონგრეული ინგლისურით ვიღაც ბატონი გაუბნებათ: Thank You Sir! You have just bought a ticket for Sir Paul McCartney’s Concert! Wish you a nice evening!..გაიგეთ?! ბილეთი გაქვსო! და აბა შენ იცი! ისიამოვნეო! ისიამოვნეო! სასაცილოდაც არ მეყო..იმას არ მოვყვები მერე რა ანომალიური მოვლენები დამეწყო მთელი დღე! განა იმიტომ, რომ მერიდება ან არ მინდა ასე სახალხოდ მოვყვე?! აარა, უბრალოდ არც კი მახსოვს…

ამის მერე დაიწყო ყველაზე რთული პერიოდი. კვირების, დღეების, საათების თვლა. თვლა აუღელვებლად, წყნარად და მშვიდად.

ასე ნელ-ნელა მოდიოდა 3 დეკემბერი. და როგორც ყველაფერი კარგი, ეს ლოდინიც ძალიან მალე დამთვარდა. წინა ღამეს არ მეძინა: მე ხომ სულ რაღაც 24 საათში ჩემს ყველაზე დიდ ოცნებას ავისრულებდი, და ამასთანავე, ჩემს ყველაზე დიდ ოცნებას გამოვეთხოვებოდი. სულ რაღაც 24 საათში გავიგებდი, როგორი იქნებოდა ცხოვრება ოცნების გარეშე…

ნუ მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, როგორც იქნა დადგა ეს 3 დეკემბერიც, მოვითავე მაინც და მაინც იმ დღეს დანიშნული გამოცდა, გავემზადე, ჩავიცვი ჩემი ბიტლზის მაისური, და ჩემს ორ თანამგზავრთან ერთად გავემართე ბერლინისკენ. ისე როგორ იქნებოდა, რამე გაუთვალისწინებელი არ მომხდარიყო იმ დღეს. ინებეთ: მატარებელი რომელიც მთელი მისი არსებობის მანძილზე, მას შემდეგ რაც კაცობრიობამ რკინიგზა გამოიგონა, მას შემდეგ, რაც გერმნელმა ერმა რკინიგზის გამოყენება დაიწყო, ყოველთვის პირდაპირ მიდიოდა ბერლინში. იმ დღეს კი რაღაც დაემართა, შუა გზაში გაჩერდა, სადღაც ჩამოგვსვა და მეორე მატარებლის მისასწრებად გვარბენინა. მაგრამ ესეც კი ტკბილად მახსოვს..

რაც უფრო მეტად ვუახლოვდებოდი აღქმულ მიწას, მიწას კი არა და, დარბაზს, მით უფრო მიწევდა სიცხე, წნევა, შაქარი, ჰემოგლობინი, როე, პროთრომბინი, და ყველაფერი დანარჩენი. ნელ ნელა ვხვდებოდი ხალხს საკონცერტოდ გამოწყობილს, ყველა ასაკისას, ყველა სქესისას, რასის, აღანოგობის, გონებრივი შესაძლებლობების, თვალის ფერის, ფეხის ზომის, თმის ფერის…ნელ ნელა ჩნდებოდა პოსტერები, რეკლამები..აჰმ, ახლოვდება..ახლოვდება..აი დარბაზიც, ხალხი, ბევრი ხალხი… ამდენი ბიტლომანი ერთად, ამდენი გამოცდილი ბიტლომანი ერთად, ამდენი ხანში შესული და ახალგაზრდა ბიტლომანი ერთად არასოდეს მინახავს. და მათ ყველას ერთი რამე აერთიანებს, მათ იციან ის რისთვისაც იქ მივიდნენ. მათ იციან რატომ მივიდნენ იქ და რა უნდათ!

გიჟივით ჩავაბარე მოსასხამი, ქუდი, ხელთათმანები, ყველაფერი ზემდეტი მოკლედ, და გავემართე დარბაზში ჩემი ადგილის დასაკავებლად. ბევრი ხალხი, ხმაური, ტექნიკოსების ბოლო შტრიხები, ყველაფერი მზადაა. მალე გამოვა ის და აი მერე აღარ ვიცი მე რა დამემართება. ალბათ ის, რასაც ერთი ჩემი მეგობარი ვარაუდობდა, ანუ უნებლიე შარდვა!

Good Evening Berlin!
მერე იცით რა მოხდა? დარბაზი ჩაბნელდა! სცენა აინთო, და…და…და სცენაზე გამოვიდა სერ პოლ მაკკარტნი. ეხლაც მაჟრიალებს და მაშინ ალბათ დაბუჟებული მქონდა მთელი სხეული. პირდაპირ ყველანაირი მისალმების გარეშე პირველი აკორდი, მეორე, მესამე, Magical Mystery Tour! ოჰ რა ემოცია იყო, სიტყვებით ამის გადმოცემა წარმოუდგენელია. Drive My Car, Jet, და ეს მე ვიყავი ჩემს რელიზებულ ოცნებაში. მე ვიყავი იქ, სადაც სულ პატარაობიდან წარმომედგინა ჩემი თავი, ვიყავი ზუსტად ისე, როგორც წარმომედგინა (ერთადერთი იმ განსხვავებით, რომ პენი ლეინი არ იმღერა). ვიყავი პროცესში, როდესაც განვიცდიდი იმას, რაც არასოდეს განმიცდია!!! არანაირი რაციონალური არ იყო მაშინ ჩემში, ვმღეროდი მთელ ხმაზე, ისე როგორც შემეძლო, რაც შემეძლო, არ მაინტერესებდა რომ ჩემს წინ ცოტათი ასაკიანი ქალბატონი იჯდა, და შემთხვევით ხელი ვთხარე პირდაპირ თავში, და შეცბუნებულმა რომ გამომხედა მე გვერდზე გავიწიე, ისე რომ იმ ქალს ეჭვი ჩემს გვერდზე მდგომ ვიღაც გერმანელზე აეღო. სულ არ მაინტერესებდა რას იზამდა, ან რას იტყოდა! Blackbird, My Love, Band on The Run, Live and Let Die, არაამქვეყნიურობა იყო. ეს კიდევ არაფერი, Let It Be-ც კი თავიდან აღმოვაჩინე! მერე დაიწყო ჰეი ჯუდი! ეს ნამდვილად ღვთაებრივი მუსიკაა! მთელი დარბაზი მღეროდა, ხან ცალკე კაცები, ხან მარტო ქალები, ხანაც ერთად, სერ პოლი კი სცენიდან დირიჟორობდა. ყველაფერ სიკეთესთან ერთად, ორი ე.წ. Extended Jam-ი ჰქონდა, რაც დამატებით ხიბლს ძენდა ყველაფერს რაც იქ ხდებოდა. ოოხ, რა ახალგაზრდა იყო პოლი თქვენ ვერც კი წარდმოიდგენთ. აბა სხვანაირად Only Mama Knows-ს როგორ იმღერებდა. შემდეგ მიაყოლა Let Me Roll it/ Foxey Lady outro, Highwaყ, Long and winding road, (I Want to) Come Home – სხვათაშორის ამ სიმღერის პრემიერა იყო მაგ ტურის დროს, My Love, Blackbird – რომლის შესრულების დროსაც რომელიღაც აკორდი შეეშალა, რა თქმა უნდა შეიმჩნია, და რა თქმა უნდა ყველამ გაიგო და ისიც რა თქმა უნდა, ბოლოს იმ ტონალობაში დაამთავრა, რომ აკორდი გასწორებულიყო. :D. ლენონის და ჯორჯისადმი მიძღვნილი Something და A Day in the life/Give Peace a Chance. რომ ვიხსენებ/ვუყურებ სიმღერების ჩამონათვალს, რომელიც იმ დრეს იმღერა, მინდება სათითაოდ დავწერო თითოეულზე რა ემოციას ვგრძნობდი. მაგრამ ძალიან გამიგრძელდება. მითუმეტეს რომ I’ve got a Feeling-ზე და Ob la Di, Ob la Da -ზე ცალკე პოსტის დაწერა შემიძლია. ამ ყველაფრის გვირგვინი იცით რა იყო? ვერ გამოიცანით! Helter Skelter!!! დარწმუნებული ვარ იცოდა სერ პოლმა დარბაზში რომ ვიყავი და ეს სიმღერა მე მომიძღვნა! სხვა ვარიანტი არ არსებობს. პირველივე აკორდებიდანვე, სიგიჟე, სიხარული, აღტაცება, თავისუფლება, გაუგებრობა, არეულობა, ქაოსი, სიყვარული, მეგობრობა, ძმობა, ერთობა, ყველაფერი თავის პიკს აღწევს. და ჰარმონიულად გადადის Sgt. Peppers/The End-ის ნაწილზე. კონცერტის ბოლო!

კონცერტის დასრულების შემდეგ, სრულიად დადუმებული ვიყავი, და არ შემეძლო ყველაზე მარტივი წინადადების ნორმალურად დალაგებაც კი. უბრალოდ ლაპარაკის თავი არ მქონდა. არც ყინვაში მატარებლის ლოდინი მახსოვს და არც ის, სახლში როგორ მოვედი. მას შემდეგ, დიდი ხნის მანძილზე, რამდენიმე კვირა ალბათ, ბიტლზისთვის საერთოდ აღარ მომისმენია. არაფრისთვის არ მომისმენია. არ ვიცი რატომ. უბრალოდ არანაირი მოთხოვნილება არ მქონდა მუსიკის.

ეს ყველაფერი მეორე, მეათე და მეათასშვიდასსამოცდამერვეხარისხოვანია! იმ დღეს მე ხომ ჩემს მთავარ ოცნებას გამოვეთხოვე!

პ.ს. დიდი ხანი ვერაფრით მოვიფიქრე რა დამერქმია ამ პოსტისთვის.

დეკემბერი, 2010 © გ.დ.

მე – ბიტლომანი

რას ნიშნავს უსმენდე ბიტლზს და თავს თვლიდე ნამდვილ ბიტლომანად? რთული შეკითხვაა და ეჭვი მაქვს პასუხის მრავალი ვარიანტი ექნება. გააჩნია ვინ როგორ აღიქვამს ბიტლზს. ის ვიღაცისთვის შეიძლება იყოს უბრალოდ მუსიკა, ვიღაცისთვის ის ოთხი ვიღაც ტიპის ჯგუფია, სხვებისთვის ლეთ ით ბი და იესთერდეი-ა, შეიძლება ვინმესთვის საერთოდაც არაფერი არ არის. (რას ვიზამთ, ესეც არ არის გამორიცხული). სინამდვილეში კი, ბიტლზი ძალიან ბევრი და ძალიან დიდია. (მგონი)

ვინც მე მიცნობს, კარგად თუ არც ისე კარგად, ალბათ ცოტათი მაინც იცის რას ნიშნავს ჩემთვის ბიტლზი. ბიტლზი ეს არის ჩემი ცხოვრების თითოეული ეტაპის ფონი. ბიტლზი ეს არის ჩემი ბავშვობა. ჩემი ბავშვობის ყველა ეტაპი დაკავშირებული იყო და არის მათთან. რომ დავფიქრდე, ზუსტად ვერ გეტყვით როდის დავიწყე ბიტლზის მოსმენა, ამიტომაც მგონია, რომ რაც დავიბადე მას შემდეგ აზრიანად თუ გაუცნობიერებლად ბიტლზს ვუსმენ. ეს რა თქმა უნდა ჰაერიდან არ მოსულა: რომ არა დედაჩემი და თოთოობის დროს გაუცნობიერებლად რეი ჩარლზის, ბიტლზის თუ აბბა-ს ფირფიტების მოსმენა, ალბათ დღეს ბრიტნის სპირსის და ბექ სთრით ბოიზის სურათები მექნებოდა კედლებზე გამოჭენებული. რომ წამოვიზარდე, ბიტლზმა უკვე სხვა, ბევრად უფრო ფართო დატვირთვა მიიღო. საბედნიეროდ, გაუგებარი მიზეზების გამო (და ეს დღემდე ვერ ამიხსნია რატომ მოხდა ასე) არ გავხდი საფეხბურთო კლუბ ლივერპულის გულშემატკივარი. და თავიდანვე, ისევე როგორც მუსიკაში, ფეხბურთშიც ჭეშმარიტების გზას დავადექი.

ინგლისურის სწავლის და ყურის მუსიკალურად განვითარების გარდა სხვა ბევრი ფაქტორიც იყო იმისთვის, რომ ამ ჯგუფს განსაკუთრებული სტატუსი და ადგილი ჰქონოდა ჩემთს ცხოვრებაში. ეს მუსიკა მასვენებდა, მაძლევდა განწყობას სამეცადინოდ, დასაძინებლად, საჭმელად, ქუჩაში გასასვლელად. მოკლედ ძალიან ბევრი რამისთვის. მაგალითად, მშვენივრად მახსოვს ჩემი აბიტურიენტობის ხანას რომელი ალბომები და რომელი სიმღერები უკავშირდება. რომელი სიმღერები იყო აქტუალური არდადეგებზე, ახალ წელს, საღამოს, დილას, ძილის წინ, გზაში. აბაზანაშიც კი. ისეთი მომენტებიც იყო, როდესაც ვკითხულობდი, ვუყურებდი და ვუსმენდი ყველაფერს რაც ამ ოთხეულს უკავშირდებოდა, და მიხაროდა, რომ უფრო და უფრო მეტ რაღაცეებს ვიგებდი. ჩემი პრეზენტაციების და საშინაო დავალების ესეების არც თუ ისე იშვიათი თემა იყო ხოლმე ეს ჯგუფი. მეტსაც გეტყვით, ისეთი დღეებიც ყოფილა, და არაერთხელ, როცა უკლებლივ ყველა ალბომისთვის მომისმენია მიჯრით. 250 სიმღერის ერთმანეთის მიყოლებით მოსმენა ერთი სიამოვნებაა დამიჯერეთ!:) ყველაფერ სიკეთესეთან ერთად, ჩემს გარშემო მყოფებზეც ვზრუნავდი, და დღეს ძალიან მიხარია და საოცრად თვითკმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩემი ძვირფასი დაიკოც (და არა მარტო ის) დავაყენე ჭეშმარიტების გზაზე, (მეტნაკლებად მაინც :D) და იმედია ამ გზას აღარ აცდება და ემინემს და ლედი გაგას არ მოუსმენს მომავალში. იმედია! 😀

ჩემი ბიტლომანობის პერიოდი ორად იყოფა: ოცნების და “დაღვინების” პერიოდებად. ოცნების ხანა მოიცავს პერიოდს დაბადებიდან 2009 წლის 3 დეკემბრის საღამოს 8 საათამდე, ანუ მანამდე სანამ სერ პოლ ჯეიმსის ძე მაკარტნის ცოცხლად მოვუსმინე (თუმცა ეს სხვა თემაა, და მალე იუბილე უწევს ამ თარიღს და ვრცლად იქ დავწერ ყველაფერს), და მეორე ხანა: 3 დეკემბრიდან დღემდე.

მიყვარს უკლებლივ ყველა სიმღერა, ყველა ალბომი, ოთხეულის ყველა გამოჩენა, ჭორი და ყველა ინტერვიუ. მაგრამ…

ერთი დიდი მაგრამ არსებობს: ძალიან ბევრი ბიტლომანისგან განსხვავებით, ჩემთვის ჯონი, პოლი, რინგო და ჯორჯი საერთოდაც არ არიან ავტორიტეტები მუსიკის გარეთ. მუსიკაში ისინი ჩემთვის ერთადერთები არიან, და თუ მუსიკის ღმერთი არსებობს, მაშინ ის ლივერპულიდანაა ნამდვილად. მაგრამ მის გარეთ…

მაგალითად, არ ვარ ჯონის თანამოაზრე მის ათეისტურ იდეებში (ვერც ვიქნები), ხშირად არც პიროვნული თავისუფლების “გიჟ-მაჟურ” იდეებს ვემხრობი. არც მისი ცხოვრების სტილი მომწონდა დიდად, და არც ელესდე მიმაჩნია მუზის წყაროდ. რა ვქნა მაგრამ ვერ გავხდები მეც ვეგეტარიანელი მხოლოდ იმის გამო, რომ სერ პოლი ხორცს არ ჭამს. მისი ხათრით, ვერც კეტებს ჩავიცმევ შარვალ-კოსტუმზე. პოლის ხათრით რომ არც ევერტონს არ ვუგულშემატკივრებ, მაგას უკვე მიხვდით ალბათ ხო? ანდა საერთოდ რა საჭიროა? ჯერჯერობით (და არც არასდროს) არ ვაპირებ ინდოეთში ვინმე მააჰარიშთან მედიტაციაზე სირბილს, და ნირვანას ლოდინს. ნუ პრინციპში, არც დიდი ბეჭდების გაკეთება მიზიდავს :D.

მთელი თაობები სამოციან წლებში და მას შემდეგაც, ცდილობდნენ დამსგავსებოდნენ ბიტლზს. ბევრი თავის ინდივიდუალიზმს კარგავდა, და ხშირად მასა ერთნაირად გაშვებულ შარვალში, ბიტლომანურად შეკრეჭილი თმებით და ერთი და იგივე ლექსიკით და მანერებით გამოირჩეოდა. ყველა ერთნაირი იყო. ყველას ერთი აზრი ქონდა. ყველას მსგავსი პოლიტიკური შეხედულებები ქონდა. ყველამ ერთი ხელის მოსმით შეიცვალა ცხოვრების სტილი და ღირებულებები. (ეს რა თქმა უნდა, სხვას თუ არაფერს, ბიტლზის სიდიადეს და მნიშვნელობას ნამდვილად უსმევს ხაზს) რაღა დაგიმალოთ, და მე არც ანარქისტობისკენ მიბიძგებს მათი მუსიკა, არც ანტიკონსერვატიზმისკენ, არც ერთი სახელმწიფოს და ერთი რელიგიის იდეა მხიბლავს და არც ტიტველი ვაპირებ ინტერვიუების მიცემას! 🙂 მე საერთოდ პირიქით მგონია: ბიტლზი ინდივიდუალიზმს ქადაგებდა, რაზეც ჩემი აზრით მათი რამდენიმე კონცეპტუალური ალბომი და სიმღერაც მიანიშნებს.

მეორეს მხრივ, ჩემი ერთი „კოლეგა“ ბიტლომანისთვის ნამდვილი ბიტლომანობა მათ იდეურ თანამოააზრეობასაც გულისხმობს და ბიტლომანობის განუყოფელ თუ არა, ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს. მასაც, ჩემზე მეტად თუ არა, ნამდვილად არანაკლებად უყვარს ბიტლზი. და შესაბამისად იმის განსაზვრა, თუ რას ნიშნავს იყო ნადმვილი ბიტლომანი, ან როგორი უნდა იყოს ნამდვილი ბიტლომანი, ცოტა რთულად მეჩვენება და ამის დეფინიცია ბოლოს მაინც სუბიექტური ხდება ძალიან.

ამიტომაც, ყველაფერს ჯობია, უბრალოდ დახუჭოთ თვალები, life is easy with eyes closed , როგორც ერთმა ცნობილმა სათვალიანმა კაცმა გვითხრა, გადაეშვით Magical Mystery Tour -ში, იმოგზაურეთ ყვითელი წყალქვეშა გემით across the universe და აღმოაჩინეთ თქვენი საკუთარი ოქროსფერი ოცნებები!

დასასრული!

პ.ს. ჩემი პირველი ბიტლომანური პოსტი!

ნოემბერი 2010 © გ.დ.

Big Band Night – ჯაზური ტოკვა!

გუშინ, ერთ ძალიან, ძალიან მაგარ კონცერტზე ვიყავი. Big Band Night! რა თქმა უნდა ჯაზ კონცერტი იყო, და რა თქმა უნდა ჯაზ ბენდის შესრულებით. უფრო სწორედ ჯაზ ბენდების და არა ჯაზ ბენდის. სამი ბენდი უკრავდა ერთმანეთის მიყოლებით. და ენით აუწერელი სიამოვნება ტრიალებდა დარბაზში. მართალია, შუალედებში დირიჟორები გერმანულ იუმორს გასაქანს არ აძლევდნენ, მაგრამ დანარჩენი უსასტიკესად მაგარი იყო. პირველი ორი ბენდი მოსტუდენტურო წარმონაქმნები იყო, ბოლოს კი უკვე სერიოზული ბიძიები უკრავდნენ, მთელი თავისი სასცენო არტისტიზმებით და ჯაზური მიმიკებით. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ეს იყო პოლიციასთან არსებული ბენდი, ანუ პოლიციის დეპარტამენტის თანამშომლებისგან დაკომპლოქტებული ბენდი. დეირიჟორადაც ვიღაც წოდების მქონე ულვაშებგაწკეპილი უვე მოგვევლინა. (ერთმა დეტალმა გამაკვირვა: საცორად თბილად და უდიდესი აღტკინებით შეხვდა პუბლიკა პოლიციას. ხომ წარმოგიდგენით ქართული დამახინჯებული მენტალიტეტისთვის ეს რაოდენ უცხო ხილია. (პოლიცია, ჩაშვება, “ძაღლობა”, კაი ბიჭობა და რამე))

მოკლედ ძალიან დადებითი საღამო შედგა. კონცერტის დასრულების შემდეგ ჩემი აღტკინების და აჟიტირების ხარისხი საკმაოდ მაღალი იყო და მთელი საღამო რატომღაც “ფალესტრა” მიტრიალებდა თავში.
მართლაც, რომ მასზე უკეთესად ვინ და რა უნდა აღწეროს?! შესაბამისად მცდელობის სურვილიც კი არ მაქვს თვითონ კონცერტის მთავარ მოქმედ გმირს, მუსიკას შევეხო და მასზე დავწერო რამე; ამიტომაც ძალიან მარტივად დავესესხები გრიგოლ რობაქიძეს:

“…იყნოსა ზანგების სასულიერო გალობა (,,Spiritual”), რომელსაც შავკანიანი მომუშავენი მღერიან პლანტაციებში. ამ გალობაში უკვე იყო ,,სინკოპა”, ეს ჯადფოქარი ჯაზის რიტმიკის. შესვა ნაირ–ნაირი ”რაგ–ტაიმ”. აქ სინკოპა კიდევ უფრო ხელდებოდა. დათვრა პელეტიე ზანგების რიტმული პოლიფონიით შეამჩნია: აზიიდან ბევრი–რამ გადასულიყო აქ სან–ფრანცისკოს გზით. დააკვირა ერთ გილისხმიერ მოვლენას: მაორისა და ახალი ზელანდიის თემები უნისსონით მღერიან, მაგრამ ტონალობა ნაირ–ნაირია, რადგან ერთი მღერის მეოთხედტონით მაღლა, მეორე კი დაბლა. ეს იგივეა ვიბრაციაა ტონის ირგვლივ, რომელიც ახასიათებს ჯაზ–ბანდის აგებულობას. შეისწავლა პელეტიემ თვითონ ორკესტრი ჯაზის, რომელიც თავის ჯიშით ნელი ოკეანისაა და არა მარტო ატლანტიკის. შეისწავლა ჯაზის საკრავები, განსაკუთრებით ”სრტყმევი” ინსტრუმენტები. შეისწავლა საკსოფონი (ადოლფ საკსის გამოგონება), სარრიუსოფონი (სარრიუსის გამოგონება), სუზაფონი ( სუზას გამოგონება). საკსოფონში დაინახა ლითონი კრიალა და ხის სირბილე. შეისწავლა კლისოფონი: ხის ჯოხები თუ ფირფიტები სხვადასხვა ზომის, რომელნიც დაკვრისას გამოსცემენ ხმიებს სხვადასხვა სიმაღლისას. გადაიხილა მთელი სისტემა დოლების და დაირების და მათი საოცარი მომარჯვება ერთი დამკვრელის მიერ განსაკუთრებით შეიყვარა ”ბანჯო”, ეს ჯადოსანი სიმებიანი საკრავი, რომლის სინკოპური ხმა(”მ–ტა”, ”მ–ტა”, ”მ–ტა” განეწყვეტელი) უფრო ხმელია, უფრო ნერვიულია, უფრო ბასრია, ვიდრე ხმა არფასი. აღნიშნა: ორკესტრში ერთი და იმავ საკრავისათვის მრავალი ” სურდინაა” (ჩუმალა) ტონის ასხვავებისათვის. ყურად იღო: სპილენძის საკრავი თითქმის ”ჩუმალით” მიდის ყოველთვის, რომ გამოსცეს ღმუილი ხმიები. შენიშნა ”სარტყმევების” მნიშვნელობა. პელეტიემ იცოდა, რომ რუსულ მუსიკაში ზარები თითქო სერავენ (არ არღვევენ) ხმიების ატბორილ მასსებს. ჯაზ–ბანში ზარების მაგიერ ”სარტყმევები” გამოდიან, რომლებიც სჟრიან ატევრილ მასსებს ხმიებისას,რომ დახეტქილები ილტვოდნენშემდგომ ურთიერთობისადმი მეტის ვნებით და მეტის ხოშით. დააკვირდა მუსიკოსი: ამ გახელებულ საკრავებში კიდევ უფრო ხალისდებოდა ვიოლინების განიერი (ცხცახი) და რბილდებოდა მათი ნელი GLISSANDRO (სრიალი). ორკესტრში თითქო ხან მხეცი ბღაოდა დაკოდილი, ხან კი პირველი კაცის ხმა ისმოდა, რომელმაც ცეცხლი აღმოაჩინა. შეამჩნია ხაზები: პოლიტალური და ატონალური, ერთდროული ხმიერება მინორული და მაჟორული აკორდებისა მეოტხედ_ტონებთან (ტეხნიკის გაფართოებით: ცვლა ტრომბონის ”ცუგის” სიგრძისა, ცახცახის ანაირება სათითეებისა საყვირზე, თითების უმჩნევი მოშვება ვიოლინის სიმებზე და სხვა.) განსაკუთრებით მოეწონა ზეზ კონფრეის ”კატუნია კლავიშებზე”, საცა წმინდა მაჟორი და წმინდა მინორი ერთდროულ ხმიერდებოდნენ. პელეტიეს ეცნაურა კიდევ ერთი რამ, ვიოლინი არ სცილდებოდა ამ ორკესტრში ტავის მელოდიას, როიალი კვალავდა რიტმულ და ჰარმონიულ ფუძეს, ხოლო კლარნეტი სწყვეტდა შიგადაშიგ თავის მელოდიას ხალისიან ამრგვალებით და თავ გასული ცელქობით.საკრავების უმრავლესობა ორკესტრში კლარნეტს ჰბაძავს, – შეამჩნია პელეტიემ. ყოველ საკრავს თითქო თავისი მელოდია მიჰყავს, მაგრამ იმავე დროს ერთგულია საერთო გეზის– სწორედ ისე, როგორც საქართველოს კუთხის, გურიის, საოცარ სიმღერას,რომელსაც პელეტიე გაეცნო გრამაფონის ფირფიტებით). თავსა–ჰყოფს განსაცვიფრებელი ქმედება უცებური (*იმპრივიზაცია). ყოველი საკრავი, ყოველი ტონი, ყოველი ჩასუნთქვა თუ მოსმა თუ დარტყმა–თავისკენ იწევს, ხტის და უხვევს, მაგრამ არც ერთის არც ერთი გადახვევა არ იქცევა ”გადაცდენად”: ყოველი მათგანი მთელს უბრუნდება, როგორც მამას თუ დედას, როგორც ტავის საშოს. პელეტიე დაიპყრო ჯაზის იმპროვიზაციულმა დენამ, ლენნოკს – ავენიუზე, მან მოისმინა მომღერალი ქალი , ზანგი. ქალი მღეროდა ერთსა და იმავე მელოდიას, ორკესტრი საფენელს უშლიდა, ქალიც იმპროვიზატორობდა და ორკესტრიც. კიდევ მეტი: ქალი ორკესტრში უშვებდა თავის შთაგონებას და ორკესტრიც თავს ეხვეოდა ქალს თავისი ატეხილობით. ასე: სიმღერა, ქცეული საკრავად, თითქო თავის თავს უბრუნდებოდა, იგივე ხდებოდა როცა პელეტიე მოცეკვავთა და ორკესტრის ”შებმას” უცქერდა. და იყო ყველგან: მიწის სიხალისე და ავხორცობა.ხანდახან ამ სიხარულში სევდა შემოიჭროდა:სიმღერა ,,ბლიოზ” (bლუეს), მელანქოლიური სუნთქვა დიდი ქალაქების, იშვიათი, მაგრამ ფიცხელი და ბასრი. აქ მელოდა გატიტვლებული გამოდიოდა, რომელსაც არხევდა თუ არწევდა უმჩნევი რიტმიული ხაზი, ოდნავ კვეთილი და წამახული. მოეწონა პელეტიეს ბრაგამის ,,Limehouse Blues”. მოისმონა ოპერეტებიც: ,,Shuffle along” საიზელის და ბლეკის და ,,ლიზა” პინკარდის. ყველგან ესმოდა ერთი და იგივე: გამოტოვებანი (Echappees), დისსონანსები პასსაჟებში, გატეხილი აკკორდები თუ დატეხილი, არპეჯიები,კაზმულობანი,ორნამენტაციები,ასხვავებანი,დანელებანი,დასქელებანი ტემბრების,გაჯგუფებანი და შეერტებანი სხვადასხვა წყობის ტემბრების, თამაში წინამდეგების (კონტრასტების). -და იმავე დროს: მელოდიური სურათის საოცარი რელიეფი, სასტიკი რკვეულობა და კვეთილობა, დაძაბული და დაოკილი კლაკნილი და ხვეული , ლითონური მთლიანობა, -და ყველგან: სინკოპა, სინკოპა, მუხლ-მოშვება, ოდნავი შეჩერება, ხტილის ამოვარდნა, თავის შეყენება, სინკოპა,ეს საოცარი ბგერა მოკლე ნოტაზე თუ პაუზაზე, რომელიც კიდევ უპრო აგიჟებს, ახელებს, ღეზებს რიტმულ მოხეთქილ დენას,-და ბოლოს:ემოციური ავსილობა და პიზიკური ტკბობა…”

ესეც დესერტად!

ძალიან მოკლე პოსტი
ნოემბერი, 2010 © გ.დ.

ჰელოუინით განათ(ლ)ებული საქართველო

რა არის ჰელოუინი? უკვე ყველამ თუ არა, აბსოლუტურმა უმეტესობამ იცით ამ დღის შესახებ რაღაცა მაინც. ეს ძველი კელტური დღესასწაულია, რომელიც სათავეს ძველი კელტების ტრადიციული ფესტივალიდან, სოუინ-დან იღებს. ამ დროს, ზაფხულის ანუ სინათლის პერიოდის დასრულებისას და წლის ბნელის პერიოდის დასაწყისში, ანუ ოქტომბრის ბოლო დღეებში, ხალხი ეშმაკებს და კუდიანებს აშინებს და დევნის სადღაც შორს. დავკმაყოფილდეთ ამ ტრაფარეტული წინადადებებით და ნუ მიმოვიხილავთ ამ დღესასწაულის საწყისებს და ავკარგიანობას. უბრალოდ, მარტივად სხვა თემაზე გადავიდეთ: ჰელოუინი და საქართველო. ეს ორი ცნება ისე არ მოდის შესაბამისობაში ერთმანეთთან, როგორც მაგალითად საქართველოს ნაკრები და ფეხბურთი, ან ხინკლის სიყვარული და დიეტა!

ამ საკითხმა დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში, ზოგი გამართლებული, ზოგიც გაუმართლებელი. თუმცა მე პირადად არც ერთი მხარის ადვოკატობას არ ვაპირებ, არც რამის მტკიცებას მოვყვები, და არც ვინმეს დავიცავ. მე უბრალოდ ჩემს აზრს დავწერ.

ჰელოუინის მშობლიურ და მონათესავე ქვეყნებში გასაგებია, რომ ხალხს უხარია ეს დღესასწაული, ხალისობენ და აღნიშნავენ, ისე როგორც მათი ტრადიციაა და ისე როგორც მათ მიაჩნიათ სწორად. ისიც ადვილი გასაგებია ალბათ, რომ ჰელოუინი და მასთან დაკავშირებული ტაშ-ფანდური მათი კულტურის და ცხოვრების სტილის ნაწილია. ჩვეულებრივი და ბუნებრივი მოვლენაა, როდესაც ხალხი აღნიშნავს იმ დღესასწაულს, რომელიც საუკუნეებია მათში არსებობს (მიუხედავად იმისა, მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა). ნათელია ეს ყველაფერი და მარტივი. პრინციპში რომ გითხრათ დიდად მაინტერესებს თქო სხვადასხვა კულტურების დღესასწაულები და მათი აღნიშვნის ტიპები, ალბათ მოგატყუებთ. ალბათ კი არა, ნამდვილად მოგატყუებთ. ამჯერად, ჩემთვის უფრო საინტერესოა საერთოდ რა ფენომენს წარმოადგენს ჰელოუინი საქართველოში. ძალიან გაუგებარია ეს მოვლენა ჩემთვის.

რამდენიმე წლის წინ ალბათ ვიღაცა ახალმა ქართველმა უცხოეთში ყოფნისას აღმოაჩინა რომ ოქტომბრის ბოლო დღეებში, ხალხი რაღაც უცნაურ და საშიშ სამოსში ეწყობა და ქუჩაში ისე დარბის. მოეწონა. დაფიქრდა. გადაწყვიტა: რატომ არ შეიძლება იგივეს გაკეთება საქართველოში? თან ახალ რაღაცას შეიტანს ქვეყანაში, „მაგარი პონტი“ იქნება, და თვითონაც ორიგინალური და თანამედროვე ტიპი გამოჩნდება. ეს ყველაფერი უკეთეს შემთხვევაში. უარესი შემთხვევა კი შეიძლება ყოფილიყო ის რომ, ვინმემ მოცალეობის ჟამს კოტრიალისას ტელევიზორში აღმოაჩინა ჰელოუინი და ევრიკა! ასეა თუ ისე, ვიღაცამ მოტვინა, აწონ-დაწონა და დაგეგმა. მერე ვინმემ à la ბიჭოლამ თავის ბარში გადაწყვიტა ჰელოუნი ივენთის გაკეთება და აჰა: იხარე ერო! გვეღირსა „ცივილიზაცია“! როგორც იქნა ვეღირსეთ სინათლეს! ნახვამდის უკუნეთო, გაუნათლებლობავ, და ჩამორჩენილობავ! ჩვენ ვქმნით ახალ, ევროპულ საქართველოს! მთელი „წინწასული“ მსოფლიო აღნიშნავს ამ დღეს, და ჩვენ რითიღა ვართ მაგათზე ნაკლებნი? არა, არაფრით მეგობრებო, საერთოდაც არაფრით!

გვერდიდან კი ეს ყველაფერი (ჩემი მოკრძალებული და სრულიად სუბიექტური აზრით) ძალიან სასაცილოდ ჩანს. ახალგაზრდა ქართველი ვაჟკაცები და დიაცები, რაღაც უცნაურ კოსტიუმებში გამოწყობილები, დროს ატარებენ, ერთობიან, ღრეობენ. ანუ თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მაგრამ პათოსი და განწყობაა რაღაც განსაკუტრებული და საზეიმოა. ნეტავ რას ზეიმობენ? რა ეშმაკებს დევნიან? ვის დევნიან? სად დევნიან? საიდან დევნიან? როდის მერე დევნიან? მგონი არაფერსაც არ შვებიან. მგონი საერთოდაც, ქართულ ჰელოუინს არანაირი იდეური დატვირთვა არ აქვს. არაფერი აღსანიშნავი: სმა-ჭამა, უფრო სმა ვიდრე ჭამა, კივილ-წივილი, უსაზღვროდ ხმამაღალი მუსიკა, ზოგის აღვირის ახსნა და ზოგის სასოს წარკვეთა, და ბოლოს გვირგვინი: ჩხუბი და დანის მუცელში ტრიალი! მაგრამ მაინც, რაღაც გაუგებარი (ან ვინმესთვის გასაგები) მიზეზების გამო ჰელოუინი ერთ-ერთი ყველაზე „გაპიარებული“ და აფიშირებული მოვლენაა წლის განმავლობაში ქართულ, უფრო სწორად თბილისურ, რეალობაში. ტელევიზია, გაზეთი, რადიო, ინტერნეტფორუმები – ყველაფერი ჰელოუინით ცხოვბრობს ამ დღეებში. მაგრამ ეს კიდევ არაფერი. თქვენც შეამჩნევდით, რომ საზოგაოდების გაკრვეული ნაწილი ღიზიანდება ამ ღონისძიების გამო. და ხშირად მეჩვენება, რომ ჰელოუინის მონაწილეები ძალით ცდილობენ სწორედ ამ ნაწილის გაღიზიანებას. მე სხვა ახსნას ვერ მოვუძებნი მაგალითად იმ ფაქტს, რომ ვინმე აჟიტირებული ახალგაზრდა რქებდადგმული საცვლებით როკავს სიონის ეზოში! მე კი არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, თუ უნდა „იტოკოს“ და თუ უნდა ყირაზე დადგეს, მაგრამ ეს ჩვენი საყვარელი დედაქალაქი ხომ ამხელაა? ხომ შეიძლება იგივე სხვაგან აკეთო? თბილისი კი არა და, შარდენიც კაი დიდია, რომ ყველაფერი ეს ზედმეტი აგრესიის გამოწვევის გარეშე მოახერხო. რატომ უნდა ვუშალოთ ერთმანეთს ნერვები? არ მეთანხმებით? სწორედაც რომ ამიტომ, ცოტა კომიკურად ჩანს ეს ჩვენი ჰელოუინი. ამას ემატება ამ დღეობის საცარი ხელოვნურობა. წარმოიდგინეთ აბა, რომ ჭია-კოკონობას აწყობენ პორტუგალიასა და კუალა-ლუმპურში, ამასობაში ლონდონის ქუჩებში კი ლომისობას აღნიშნავენ. სულ მცირე სასაცილოა. რა შუაშია? ვისთან ხართ? ვინ დაგპატიჟათ? რა გნებავთ? რას მოითხოვთ?

მე პირადად, არც წინააღმდეგი ვარ ჰელოუინის და არც მომხრე. საერთოდ ნაკლებად მადარდებს ეგ საკითხი. ჩემი საქმე სულაც არ არის ვინ, როგორ, რას, როდის და რატომ აღნიშნავს. მე ვინ მეკითხება? ნებისმიერ ადამიანს როგორც უნდა და რასაც უნდა იმას იზამს სადაც უნდა. (ნუ ფიგურალურად რომ ვთქვათ). მეტიც: ერთხელ მე თვითონაც მიმიღია ჰელოუინში მონაწილეობა მაშინ როცა საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველად დავეჯახე ამ მოვლენას, ლაბადაც მქონია მოხვეული და ნაჯახიც მჭერია ხელში (პლასტმასის რა თქმა უნდა). იქ და იმ დროს ჰელოუინს სხვა დატვირთვა ქონდა და აქვს. მის მერე არ ვიცი რატომ, მაგრამ სურვილიც აღარ გამჩენია დიდად, თუნდაც ისევ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნისას, აღმენიშნა ეს ღირსშესანიშნავი დღე. ნუ საქართველოში ხომ საერთოდ…

ისიც უნდა დავამატო ალბათ, რომ მე იმ ხალხის არც წინააღმდეგი ვარ და მითუმეტეს არც კრიტიკოსი, ვინც ჰელოუინობს. ღმერთმა დამიფაროს! 🙂 ჩემი ბევრი მეგობარი და ნაცნობი მშვენივრად ერთობა მაგ დღეს. მე უბრალოდ ჩემს აზრს გამოვხატავ ზოგადად ქართული ჰელოუინის მიმართ.
ეს არის და ეს.

პ.ს. ისე მსოფლიოში ბევრზე ბევრი სხვა დღესასწაულია, პომიდვრების აქეთ-იქეთ სროლიდან დაწყებული დაგორებული ყველის დაღმართში დევნით დამთავრებული. ასე რომ: მოემზადე ბნელო საქართველოვ! წინ განათლება და პროგრესი გელის!

ნოემბერი,2010, © გ.დ.

ვიმეტყველოთ ქართულად – (ანუ რიჟა სთორი)

ნაწილი პირველი

იმ დღეს მეილზე მომივიდა რაღაც ინვითეიშენი, ჩემმა ბოსმა დამიფორვარდა. კონცერტი იყო სადღაც ლაგოდეხი მიუზიქ სქაი ჰოლში და მეც უიქენდი თავისუფალი მქონდა და წავედი. იუქეიდან ჩამოსული ბენდი უკრავდა და ძალიან საინტერესო პერფორმანსი იყო. მთელი პოლიტიკური ესთაბლიშმენთი ესწრებოდა ამ ივენთს. კონცერტის მერე ლაუნჯში ფართი იყო და იქაც მაგარი გავაჯაზეთ. სადაც არ უნდა გაგეხედა, ყველგან ვინმე სელებრითის დაინახავდი. მობილზე რომ დავხედე, მისდ ქოლები დამხვდა, მაგრამ შიგნით მაგარი ხმაური იყო და ვერსად დავრეკავდი. ივენთის მერე ჩემს მეგობარს ეგრევე ესემესი გავუგზავნე, მივწერე რომ ბევრი დაკარგა რომ არ წამოვიდა ჩემთან ერთად. სახლში რომ მივედი ეგრევე ლეპტოპი ჩავრთე, და სურათები გავაფეისბუქე. ხუთ წუთში უკვე 15-მა კაცმა დამილაიქა. ამასობაში უკვე გვიანი იყო, და დასაძინებლად წავედი. როგორც ყოველთვის ლეპტოპის დაშათდაუნება დამავიწყდა.

ნაწილი მეორე

მეორე დღეს რომ გავიღვიძე ჩემს სპალნაში, ოთახის ფანჯრების პადაკოინიკებზე მტრედები ისხდნენ და ფაფხურობდნენ რაღაცას. ეგრევე თვალში მომხვდა მაგიდაზე მდგომი ვაზა. გასარეცხი დამრჩენია. ავდექი წავიღე ეს ვაზა კუხნაში და რაკოვინაში ჩავდე პირდაპირ. კრანი გადავატრიალე და მხოლოდ ცივი წყალი მოდიოდა. ნერვები ამეშალა, ეგრევე შევვარდი ვანაში, მაგრამ ცხელი წყალი არც იქ იყო. რომ გამოვედი პოლზე დაყრილი ნასკები ავიღე და სკამზე დავდე. ტუფლები გავიწმინდე ამასობაში, და ბალკონის კარები გავაღე, რომ დილის სუფთა ჰაერი შემოსულიყო. ბალკონზე რბილ კრესლოში ჩავჯექი, და დაველოდე სანამ ჩაინიკში წყალი ადუღდებოდა ყავისთვის. მიყვარს დილაობით სვეჟად მოდუღებული ყავა, პროსტა ძალიან ცხელი თუა მეწვება ხოლმე ენა. როგორც იქნა ცხელი წყალიც ჩაირთო. რამდენიმე წუთში, უკვე პადიეზდში ვიყავი. ახალი მაიკა მეცვა და ძაან მიხაროდა. სამი დღე შკაფში მეკიდა, და ერთი სული მქონდა როდის ჩავიცმევდი. პადიეზდიდან რომ გამოვედი, ჩემი მეზობელი შემხვდა, მაგარი უცნაური როჟაა. თავის დვარნიაშკა ძაღლს ასეირნებდა და რა თქმა უნდა, აშეინიკი არ ეკეთა იმ ცუგას. ზაჟიგალკა უნდოდა როგორც ყოველთვის, მე არ მქონდა, და ზაჟიგალკის მაგივრად სპიჩკა მივეცი. გარეთ ძალიან ციოდა, კურტკა უნდა ჩამეცვა, მაგრამ უკან, სახლში აბრუნება დამეზარა. მანქანის კაპოტი დამხვდა გაფხაჭნილი. მარა არ მივაქციე ყურადღება. ჩანთა ბაგაჟნიკში ჩავაგდე, სიდენიაზე მოვკალათდი, დაქოქვის კნოპკას დავაჭირე, მატორი ავამუშავე, და სხოდუ სამსახურში წავედი.

Etc.

პ.ს. ჩვენი ყოველდღიური ლექსიკის პატარა ნაკვესი.
კი, კარგია, როცა ბევრი უცხო ენა იცი. კიდევ უფრო კარგია, როცა ამ ენებს ასე ძალიან კარგად და თავისუფლად ფლობ. ისიც კარგია, რომ ინგლისურს თუ სხვა უცხო ენას სკოლაშივე ასწავლიან, და ათი ათასი, ყივჩაღის დარი, ინგლისურის პედაგოგი ჩამოდის და გვანათლებს. რა ჯობია ამას? მაგრამ, ვინმემ გითხრათ, რომ უცხოური ტერმინებით ქართული სიტყვები ჩაანაცვლეთო? მგონი არა. (მე არ ვსაუბრობ სპეციფიკურ, მაგალითად ბიზნეს ფრაზეოლოგიაზე). ამიტომაც, მგონი ჯობია გავუფრთხილდეთ იმას რაც გვაქვს. თუ არა და, მერე, 10, 20, ან 50 წლის მერე, მიშას, გრიშას, ან ბარაკს, ნუ დააბრალებთ იმას, რომ ქართული ენა „წაგვართვეს“!

ნოემბერი, 2010 © გ.დ.

ინოვაცია – ანუ მიეცით ფანტაზიას გზა ფართო!

ერთ-ერთ ჟურნალს ვათვალიერებდი, და უცნაურ და ინოვაციურ პროდუქტებზე შემხვდა რაღაც სტატია. ცოტაც მერე ინტერნეტში მოვქექე და რაღაცეები ამოვარჩიე.

ჩაეხუტეთ ტოლჩას!

ტოლჩა არ იცით ხომ რა არის? არც მე ვიცოდი. 🙂 მოკლედ, ყველას გვიყვარს ყავა, (ჩაი, რძე, კაკაო, ან კიდევ რამე სხვა). განსაკუთრებით საყვარელია ჩამოთვლილი ცხელი სასმელები, როდესაც გვცივა. ცხელი სასმელების მომხარებლების 70 პროცენტისთვის კომფორტულია, როცა ცხელი სასმელით სავსე ჭიქას ჩაეხუტებიან და ისე შეექცევიან მას. ხელებიც ხომ ხშირად დაგწვიათ ამ პროცესის დროს? ამიტომაც, თქვენზე და ჩვენზე ზრუნვით ვიღაცეები თავს იწუხებენ და ქმნიან ამ პროდუქტს. ზუსტად იცით სად უნდა მოათავსით თითები, ისე რომ არ დაგეწვათ, და ამასთანავე გათბეთ.

კულინარი სუპერმარკეტი

ვისაც სახლის სამზარეულოში ტრიალი გიყვართ, იმის მიუხედავად, რამდენად მაღალია თქვენი დაღლილობის ხარისხი, მაშინ შეგიძლიათ შემდეგ პროდუქტზე გადახვიდეთ. დანარჩენებს კი დაგაინტერესებთ:
გერმანულმა Kochhaus grocery store-მა მოიფიქრა თუ როგორ გაეადვილებინა სამსახურის მერე დაქანცული, გამოფიტული მაგრამ მშიერი მომხმარებლისთვის საკვები პროდუქტების შეძენის პროცედურა. ვისაც ჯერ არ გამოგიცდიათ ეს, მაშინ კარგად ვერ გაიგებთ რას ნიშნავს რამდენიმე ათეული წუთი იბოდიალო სუპერმარკეტში, და გონებაში არჩიო რა ჯობია რომ იყოდო? რისი გაკეთება უფრო ადვილია? რა უფრო გემრიელი იქნება? რა უფრო გამოგივა? დამიჯერეთ ძალიან ნერვების მომშლელი და დამღლელია ეს ყველაფერი. ამიტომაც, ხსენებულმა კომპანიამ გადაწყვიტა გამოეკრა თავის მარკეტში სტენდები, სადაც უკვე მოცემულია იდეა თქვენი შესაძლო სადილის შესახებ, ასევე ყველა ის ინგრედიენტი, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ, და ამ ყველაფერთან ერთად რეცეპტიც. ასე რომ, მარტივად, შედიხართ სუპერმარკეტში, შემოთავაზებული იდეებიდან არჩევთ რომელიმეს, იხდით სალაროში ფულს და ამზადებთ გემრიელ სადილს. (ან არაგემრიელს).

პ.ს. ისე მაკდონალდსი 24 საათი მუშაობს…

საფულე, რომელიც იმაზე მეტი ღირს ვიდრე მასში შენახული ფული!

საქმე არც განსაკუთრებულად ხარისხიან ტყავს ეხება, და არც რომელიმე უძვირეს დიზაინერს ან ბრენდს. არა! საქმე რაშია გეტყვით ეხლა: როგორც წესი, საფულეების მოპარვა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წვრილმანი დანაშაულია მთელს მსოფლიოში. დაცვის მექანიზმიც არაფერია, გარდა იმისა, რომ ყურადღებით უნდა იყოთ. მაგრამ ეს მხოლოდ ჩვეულებრივ საფულეებს ეხება. დანჰილის ეს პროდქუტი, საფულე საოცრება, აღჭურვილია თითის ანაბეჭდის ამომცნობით. ხვდებით ხომ ეს რასაც ნიშნავს? თქვენს გარდა სხვა ვერავინ გახსნის თქვენს საფულეს, მათ შორის ვერც მძარცველები. შეგიძლიათ ნაკლებად იფიქროთ საკრედიტო ბარათების, პირადობის მოწმობის ან ფულის უსაფრთხოებაზე. საიმედო ხელშია, არა საფულეშია. ჯერ სად ხართ! ამ საფულეს კიდევ აქვს ბლუთუსის ფუნქციაც. მარტივად შეგიძლიათ თქენს მობილურს დაუკავშიროთ, და თუ დასაშვებ მანძილზე მეტად დაშორდით საფულეს, მაშინვე შეიტყობთ ამას. (ოღონდ ტელეფონიც არ დატოვოთ სადმე საფულესთან ერთად, თორემ მერე ვერაფერი ვეღარ გიშველით :D)

მოკლედ დაბადების დღე იანვარში მაქვს. სულ რაღაც 700 დოლარი.

პოეტურ – რომანტიული კალენდარი

კალენდარს დიდად ვერ ვიყენებ, თან ვერანაირს. ზოგს არ ეზარებადა ყოველ დღე თითო-თითო ფურცელს აგლეჯს კედელზე მიკრულ წლის კალენდარს, და ისიც არ ეზარებათ რომ მის უკან რაც წერია ისიც გულდასმით წაიკითხონ. მოკლედ ვისთვის როგორ, მაგრამ ეს კედლის კალენდარი ნამდვილად უფრო საინტერესოა, ვიდრე ვეფხვის ფონზე გამოსახული კვირის პალიტრის ფურცელზე ჩამოწიკწიკებული 2011 წელი. ის ნაჭრისაა, ყოველი დღის გასვლასთან ერთად, შეგიძლიათ მოარღვიოთ. სენტიმენტალურად ადვილი აღსაქმელია რამდენი გაიარე და რამდენი დაგრჩა.

და ბოლოს ჩემი ფავორიტი:

ძროხების პრომო!

Chick-fil-A არის რესტორნების ქსელი, სადაც სახელიდან გამომდინარე ხვდებით ალბათ რასაც მოგართმევენ. იმისათვის რომ მომხარებელთან უფრო დიდი მასა მოეზიდათ, კომპანიამ აგერ უკვე ოთხი წელია დააწესა Cow Appreciation Day! ვინც ამ დღეს რესტორანში ძროხის ფორმაში სრულად გამოწყობილი მივა, ის უფასოდ მიიღებს სადილს. ვინც არასრულად იქნება შემოსილი ძროხისეული ტანსაცმლით (ანუ ვინ ნაკლებად ემგვანება ძროხას) ის მხოლოდ მსუბუქ მისაყოლებლებს (ან სხვა სახის „არასადილს“) მიიღებს ყველანაირი საფასურის გარეშე. რაც მტავარია, გასულმა რამდენიმე წელმა აჩვენა, რომ ეს მეთოდი საუცხოოდ ეფექტურია! რას არ მოიფიქრებს ადამიანი!

სანამ ვინმეს დაუსწრია, გამოაწყვეთ ხალხი ქათმის კოსტუმებში! 😀

2010 © გ.დ.

The Loewen Group, Inc – ამქვეყნიურ იმქვეყნიური ბიზნესი

ანუ ამბავი იმისა, თუ როგორ ვაქციოთ გარდაუვალი გარდაცვალება წარმატებულ ბიზნესად.

Modern Mona Lisaჩემს ძვირფასს ლეპტოპში ქექვისას აღმოვაჩინე კარგა ხნის წინ, იდეაში სასტატიოდ, დაწერილი სიტყვათა ერთობლიობა. ნუ, რა ვთქვა, რომ წავიკითხე მართლა სიტყვათა ერთობლიობა იყო. მაგრამ თვითონ თემაა საინტერესო. უფრო სწორედ თემა კი არა, ამ თემის მოქმედი „გმირი“ და სფეროა საინტერესო, სადაც ეს გმირი მოღვაწეობს. (ამ თემამ გამოიარა პრეზენტაცია, გამოცდა, და არა მარტო ჩემი! სხვებისაც! და საკმაოდ წარმატებითაც!)

მინდა მოგიყვეთ ერთი კანადური კომპანიის, The Loewen Group, Inc – ის შესახებ. კომპანიის ისტორია საინტერესოა იმდენად რამდენადაც, ინდუსტრია რომელშიც იგი მოღვაწეობს ძალიან განსხვავებული და უცხოა ჩვენთვის. საქმე იმაშია რომ ეს ინდუსტრია დამკრძალავი ბიუროების და სერვისის ბიზნესია. „ბიზნესი“ ძალიან უჩვეულოდ ჟღერს ხომ მართლია? დიახ დიახ! დამკრძალავი სერვისის ბიზნესი! ხომ წარმოგიდგენიათ რა პროდუქტები აქვს კომპანიას და რას სთავაზობს მომხმარებელს. თუ ვერ წარმოგიდგენიათ, მაშინ ცოტა ქვევით მოგახსენებთ. მაგრამ მანამდე, შესავლად იმასაც გეტყვით, რომ ლოუვენ ჯგუფმა შეძლო და ერთი შეხედვით ეს „მარაზმი“ აქცია ძალიან წარმატებულ ბიზნეს საქმიანობად. კომპანიის მართვის ყველა მხარე იყო უმაღლეს დონეზე: ფინანსური მენეჯმენტი (გარკვეული პერიოდი), მენეჯმენტი, სტრატეგია, მარკეტინგი. დიახ დიახ, წარმოიდგინეთ, კომპანიამ მოახდინა რევოლუცია, და დაიწყო აღნიშნული საქმიანობის რეკლამა. (ალბათ დაახლოებით ასეთი რამე იქნებობა: „გადაწყვიტეთ სიკვდილი? მოგბეზრდათ ამა ქვეყნის ამაოება? მაშინ დარეკეთ ახლავე და მოზომეთ სად დაგასაფლავოთ! ნუ გადადებთ სამომავლოდ, და თქვენ მიიღებთ გახეხილი ყველის შესანახ კონტეინერს, სულ რაღაც 185 672 დოლარად!“)

რას წარმოადგენს ამ კომპანიის (და სხვა მსგვასი კომპანიების) ძირითადი საქმიანობა:

ა) დაკრძალვა
ბ) კრემაცია და სხვა სერვისები
გ) სასაფლაო ადგილების გაყიდვა
დ) სასახლეები

ამ ბიზნესს ახასიათებდა ისიც, რომ ძალიან ადვილი იყო სამომავლო შემოსავლების განსაზღვრა, რაც მთავარია საკმაო სიზუსტითაც. მიხვდით ხომ რატომაც? ბოლოს მაინც ყველანი დავიხოცებით 😀 და შესაბიმად გამდიდრდებიან „ბიზნესმენები“. შედეგად გადაიხდიან გადასახადებს, ამ გადახდილი ტაქსებით ქვეყანა ააშენებს პარკებს, ბაღებს, სკვერებს, შადრევნებს, საავადმყოფოებს, თეატრებს. ჰა როგორია? მოკვდი და დაეხმარე ქვეყანას! შესანიშნავი სლოგანია! ვერაფერს იტყვი..

უკვე მოიხიბლეთ? ჯერ სად ხართ! ამ ბიზნეს ფაქტიურად არანაირი ალბათობა არ აქვს ჩავარდნის და გადეფოლტების. (თუ რა თქმა უნდა მისმენეჯმენტს არ აქვს ადგილი, ან რაიმე არასწორ ნაბიჯს). ბიზნესს არც სეზონურობა ახასიათებს. მეტიც: რაც უფრო მეტი ომი, უბედურება, ბუნებრივი კატაკლიზმები მოხდება მით უკეთესი: აღორძინდება და აყვავდება ეს სფერო 😀

წინასწარი გაყიდვები

ამ კომპანიას ყავდა ძალიან ძლიერი და ნოვატორი მმართველი: რეი ლოუვენი. ეს ტიპი ისეთ რაღაცეებს იფიქრებდა და სიეთ რაღაცეებს ახორციელებდა, რომ მთელი ჩრდილო ამერიკის ბიზნეს წრეები სახტად რჩებოდნენ. მაგალითად: მან მოიფიქრა წინასწარი გაყიდვების მექანიზმი: რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხალხი საკუთარ დაკრძალვის ცერემონიალს წინასწარ უკვეთავდა და ხარჯებსაც წინასწარვე ფარავდნენ. (სიტუაცია წარმოიდგინეთ:
-ლეილა როგორ ხარ?
-რავიცი მზია, ფულის შოვნა მინდა, ჩემი დაკრძალვა უნდა დავბრონო!
– მე უკვე მოვაგვარე ეგ საკითხი. სადილიც გავაკეთე და ეხლა ვისვენებ.)

ფინანსურ მხარე

კომპანია ფულს ნაღდი სახით წინასწარ იღებდა, და ხარჯებად აღიარებდა მაშინ როცა ადამიანი გარდაიცვლებოდა. (!!!) ეს პერიოდი დაახლოებით 10-12 წელიწადს მოიცავდა. მანამდე კი კომპანია ამ წინასწარ მიღებულ თანხებს მომგებიან ფონდებში აბანდებდა, სადანაც სოლიდურ შემოსავლებსაც იღებდა. მეორე ვარიანტი იყო წინასწარ აღებული თანხით სიცოცხლის დაზღვევის პოლისის შესყიდვა კლიენტის სახელზე, იმ პირობით რომ კომპანია იქნებოდა ბენეფიციარი. მაშინ როცა კლიენტი გარდაიცვლებოდა, პოლისიდან შემოსული თანხა ხმარდებოდა მის დაკრძალვას. საუცხოოა!

რატომ იყო კონსოლიდაცია და პატარა კომპანიების ყიდვა წარმატებისთვის გადამწყვეტი

ლოუვენის იდეა იყო ასევე, შეესყიდა რაც შეიძლება ბევრი წვრილ-წვრილი კონკურენტები. მიზეზი იყო შემდეგი: ამ დარგში მომუშავე კომპანიებს ჰქონდათ დიდი ფიქსირებული ხარჯები: როგორც წესი თითო პატარა კომპანიას კვირაში შეიძლება ერთი ან ორი დაკძალვის ცერემონია ჩაეტარებინა, დანარჩენ დღეებში კი ოფისში მომუშავე ხალხს, მიმღებს და სხვა პერსონალს ხელფასს მაინც უხდიდა, ასევე ამას ემატებოდა ოფისის იჯარის და სხვა სახის ხარჯები.

როდესაც ერთი დიდი კომპანია რამდენიმე წვრილ კომპანიას ყიდულობდა, მათ ერთი მენეჯერი ეყოლებოდათ ერთ გეოგრაფიულ ერთუელზე, რაც ხარჯებს თავისთავად შეამცირებდა. მნიშნელოვანი უპირატესობა გაერთიანებისა იყო ასევე ისიც, რომ კომპანიები აქტივებსაც ინაწილებდნენ. ამგვარად, არჩეული სტრატეგიის შედეგი იყო ის რომ, ლოუვენ ჯგუფის ფიქსირებული ხარჯები 65 დან 54 პროცენტამდე შემცირდა.

წარმატება და შამპანიური!

კომპანია აგრესიული შესყიდვების ხარჯზე აგრძელებდა ზრდას, 19 87 წელს მათ ტორონტოს ბირჟაზე გამოიტანეს აქციები. წარმოგიდგენიათ? ამავე წელს ლოუვენ ჯგუფი გაცდა საბოლოოდ კანადის ფარგლებს და პირველი შესყიდვა განახორციელა აშშ-ში: 1.8 მლნ დოლარად შეისყიდა პატარა დამკრძალავი კომპანია. ძალიან მალევე აშშ–შივე პირველ შესყიდავს მოყვა მეორე, მესამე და მრავალი ხმაურიანი გარიგება. 1998 წლისთვის კომპანია ფლობდა დამკრძალავ ბიუროებს ამერიკის 48 შტატში და კანადის 8 პროვინციაში. გაგიგიათ ხომ ტრანსნაციონალური კომპანიები? და რომლები გახსნედებათ პირველი? მაკდონალდსი? ნაიკი? ნესტლე? კოკა-კოლა? ლოუვენი?

1987 წლიდან 90-იანების ბოლომდე, კომპანია გახდა გიგანტი, უამრავი ფინანსური გარიგების მონაწილე, სპეკულაციების და ვაჭრობის საგანი. რაც მთავარია, კონკურენცია ძლიერდებოდა სასწაულად ამ დარგში, და მერჯერები და თეიქოვერებიც მრავლად ხდებოდა. მოკლედ, ფინანსურ დეტალებში აღარ წავალ, და გეტყვით რომ, საბოლოოდ კომპანია უდიდეს ვალებში გადავარდა, ვინაიდან და რადგანაც აგრესიულ ექსპანსიას აგრძელებდა, რომელსაც ძირითადად სესხებით აფინანსებდა. ამ სესხებს კი შემდგომ გადახდა უნდოდა..


საბოლოო შედეგები

კომპანიის აქციების ფასი ტორონტოსა და მონრეალის ბირჟებზე 40 დოლარიდან 8 დოლარამდე დაეცა.
1998 წელს დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა შეეცვალა რეი ლოუვენი. მის მაგივრად დანიშნეს ჯონ ლეისი. (ეს ტიპი ითვლებოდა კრიზისული მენეჯმენტის გურუდ)მის დამიშვნას რამდენიმე ნაბიჯი მოყვა:

• მოგებისა და ფულადი ნაკადების ზრდა
• სხვადასხვა ადმინისტრაციული თუ კორპორატიული ერთეულების შეერთება
• ფასდადების განახლებული სტრატეგია
• პროფესიონალი საინვესტიციო ბანკირების დაქირავება

მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, კომპანიის მდგომარეობა მაინც ნელ ნელა უარესდებოდა. იმ წელს Standard and Poors-მა კომპანიის ბონდებს B- შეფასება მიანიჭა. ყოველდღიურად აქციების ფასი 38 პუნქტით ვარდებოდა.
1998 წელს კომპანიამ უდიდესი ზარალი დააფისირა 599 მლნ. საგულისხმოა ის რომ ეს ზარალი წინა წლის 42 მილიონი მოგების შემდეგ დაფიქსირდა. იმავე 1998 წელს კომპანიის ვალი ჯამში 2.3 მლრდ დოლარს შეადგენდა. ბოლო-ბოლო, კომპანია გაკოტრდა…ასე და ამგვარად დაასრულა არსებობა ამ კომპანიამ, რომელიც რამდენიმე წეწადში გამოძვრა კრიზისიდან, და The Alderwoods Group-ის ჩამოყალიბებით გააგრძელა სახეცვლილი არსებობა. საინტერესო ისაა, რომ ეს კომპანია შემდეგ ლოუენის ყველაზე “სასტიკმა” კონკურენტმა შეიძინა 1.2 მლრდ დოლარად..

ასე რომ,მიმოიხედეთ გვერდზე, დაფიქრდით, და იდეას და ნიჭს გზა გაუხსენით. ჩვენც შეგვიძლია ყველაზე წარმოუდგენელი სფეროც კი სარფიან ბიზნესად ვაქციოთ. შემდეგ ჩქვენზე (თქვენზე) ქეისებს გააკეთებენ და ბლოგებზე დაწერენ! მაშ!

2010 © გ.დ.

ფიქრები “ერთმორწმუნე” მეგობარზე

პროტესტი ყველაფერ რუსულს!
პროტესტი ტყვიების გარეშე.

სიმართლე გითხრათ, რუსეთი დიდად არც არასდროს მიყვარდა. რატომ არ ვიცი, მაგრამ ბავშვობიდან რაღაც უარყოფითად ვარ მაგ სახელის მიმართ განწყობილი. მაშინ მხოლოდ სახელი იყო, ცოტა მერე, სახელის უკან მდგარი მთელი სისტემა და ნაწილაკთა ერთობლიობაა. ბავშვობიდან მაღიზიანებდა, არა, უფრო სწორად არ მომწონდა, რუსული საინფორმაციო გამოშვება და ეკაწერინა ანდრეევას მუდმივად გაყინული სიფათი. არ მიყვარდა მათი უაზრო კონცერტები და ვალერა ლეონტიევის ნახევრად ტიტველი ტანის ყურება. კიდევ სტუდია ვიდ-ის საშინელი ლოგო მაშინებდა და ცხოვრებას მიწამლავდა. აჰ კიდევ რა გამახსენდა: მეზიზღებოდა ე.წ. „კვნ“, სადაც ხუმრობების უმეტესობა საქართველოზე იყო, და რატომღაც ჩემს გარშემო ბევრს ეცინებოდა იმაზე, თუ როგორ ღადაობდნენ ვიღაც სირიოჟები „გრუზინებზე“.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ასე წყნარად და მშვიდად „არ მომწონდნენ“ ეგენი.
აი მერე კი…აი მერე იყო 2008 წელი. არაფრის თქმას არ ვაპირებ და არც მინდა იმ წელზე და მოვლენებზე. გავაგრძელებ მე რუსეთზე ჩემი დამოკიდებულის შესახებ საუბარს. ჩაიარა ამ ყველაფერმა, და ვფიქრობდი ერთ რამეზე: მე, ერთ რიგით მოქალაქეს,რომელიც ვერც ჯარისკაცად ივარგებს და ვერც იარაღს დაიჭერს ხელში, რითი შემიძლია ჩემი პოზიცია დავაფიქსირო? რითი შემიძლია გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება „იმათ“ მიმართ, და ვაგრძნობინო, რომ ისინი ჩემს ქვეყანაში, ჩემთვის აღარ არიან მისაღებები. (სიმართლე გითხრათ, აღარც როგორც სტუმრები). ვიფიქრე ვიფიქრე, რამდენიმე გზა არსებობსთქო ალბათ ამის: რაიმე საპროტესტო აქციას დავსწრებოდი. მაგრამ მერე რა? შეიკრიბებოდა 1000 კაცი, გაისეირნებდნენ 10 კმ-ს დროშებით, პლაკატებით, და წინსაფრებით, თან რა თქმა უნდა ჯოს ჯოს ჯოს შეძახილებით, და მორჩა. დაბრუნდებოდნენ სახლში და ადნაკლასნიკებზე იღლაბუცებდნენ. ანუ ეს ვარიანტი გამოვრიცხე. შემდეგი რაც გავიგე რომ არსებობს, ეს იყო პეტიცია თუ რაღაც, ასე ქუჩაში ხელს აწერინებდნენ ხალხს, და მერე გაეროში (აბაა?! თვით გაეროში!) აგზავნიდნენ. სასაცილოა! წარმოიდგინეთ გაეროს საფოსტო ყუთში მიდის სადღაც პეკინის ქუჩაზე ხელმოწერილი პეტიცია! ჯერ სად ხართ! ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ამ პეტიციას კითხულობს კიმ ჩე ნირი კი არა და რა ქვია, ბან კი მუნი! და როგორი შეშფოთებული სახე აქვს! ნუ არასერიოზულია! საელჩოს წინ პირს ვერ ამოვიკერავდი ეხლა, და თავზე ნავთს ვერ გადავისხავდი. სხვა დანარჩენი ალტერნატივებიც ძალიან უაზრობად მომეჩვენა, და ბოლოს მივაგენი რაღაცას, ჩემთვის ყველაზე სწორს და მართებულს. პროტესტი რუსეთს! პროტესტი ყველაფერს რუსულს!

რას გულისხმობს ეს? ერთ ძალიან მარტივ რამეს: მე არ მინდა რუსული იოგურტი. მარტივად! არ მინდა და მორჩა! მე არ მინდა რუსული რადიო! არც რუსული გაზეთი მინდა! საერთოდ არ მინდა რუსული ტელევიზია! რუსული შოუბიზნები ხომ არ მინდა და არ მინდა! რუსული სპორტი, ფეხბურთი, ოლიმპიადა – არც ესენი მიზიდავენ! მაგრამ, სათითაოდ მივყვეთ.

რუსული იოგურტი – რატომ თორემ კი?! რატომ უნდა ვიყიდო მაინც და მაინც რუსული ჩუდო იოგურტი, როცა შემიძლია დანონი ვიყიდო. ააა, იმიტომ რომ რუსული მაინც „ხარისხიანია“. გარდასულ დროთა გადმონაშთი! არ ვიყიდი, არ მინდა ჩუდო იოგურტით ტკბობის სანაცვლოდ გაღებული ფულით ნაყიდი იარაღით ჩემივე თანამოქალაქეები დახოცონ. (რა თქმა უნდა , ისინი იარაღს მაინც იყიდიან და სულ არ აინტერესებთ მე ჩუდოს შევჭამ თუ პრუდოს, მაგრამ მე არ ვიქნები გარეული! სინდისი მშვიდად მაქვს!)

შემდეგი: რუსული რადიო და პრესა – მაპატიეთ და რა ჯანდაბად მინდა?! კამსამოლსკაია პრავდა თუ არ წავიკიტხე ეხლა საინფორმაციო ტექნოლოგიების საუკუნეში, აღარ ყოფილა საშველი!

რუსული ტელევიზია – ოო, აი ცოტა რთულადაა საქმე. არსებობს მითი, რომ რუსული ჟურნალისტიკა მაინც სულ სხვაა! ნეტავ რატომ არის „მაინც სულ სხვა“? ამაზე პასუხს ვერავინ მცემს. უზნეობის აპოგეა არის რუსული გადაცემები? არის! ჩვენი სამტრო პროპაგანდა არის რუსული გადაცემები? არის! უკბილო და არახარისხიანი არის რუსული გადაცემები? არის! აბა რაღა გვინდა? არ მესმის უბრალოდ. შიგადაშიგ კარგი გადაცემა ყველა ქვეყანაში და ყველა ტელევიზიაშიც არის, თვით იმედზე და მზეზეც კი. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს..

რუსული შოუბიზნესი – ჰაჰ, სასაცილოდაც არ მყოფნის! ორბაკაიტეს და შუფუტინსკის გავანებოთ თავი! (ანდა რაიონებში ყველგან მაგათ უსმენენ, თან ფონად თვითკმაყოფილი სახით მოგახსენებენ, რომ რუსული ესტრადა „პირველია“! ) ვერ დამაჯერებს ვერავინ, რომ მსოფლიოს (იმ მსოფლიოში რომელიც შოუბიზნეისთ იკვებება) მუსიკაში მაგალითად გოროდ 312-ზე უკეთესად არ მღერის არავინ მაგავე ჟანრში! მაგრამ მაინც და მაინც გოროდი გვინდა. კი ბატონო.. მე არ მაქვს პრობლემა..

რუსული სპორტი და ა.შ. – ფეხბურთი ძალიან მიყვარს! ამ სპორტის გარეშე ალბათ სრულფასოვნად ვერ ვიცხოვრებდი, მაგრამ არანაირად არ მაქვს მოთხოვნილება მაინც და მაინც რუსულ პრემიერლიგას ვუყურო. ეს კარგი გავიარეთ. ეხლა რამდენი წამომაძახებს: რა ნტვ-ს ფეხბურთის ყურებას რა ჯობიაო? მართლაც, რომ საუცხოო კომენტატორები ყავთ ალბათ. მაგრამ მარტივად შემიძლია მაგაზეც უარის თქმა. არაფერი პრობლემა არაა, დავითხრი თვალებს ინტერნეტში, ან ისევ მინაშვილს მოვუსმენ! (რა მაზოხიზმია!) ისევ და ისევ, სინდისი მშვიდად მაქვს…

რატომღაც ამის შემდეგ, უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს.
დარწმუნებული ვარ ბევრმა, ჩემი პოზიციის მიმართ კრიტიკულად განწყობილმა, გაიფიქრა ეხლა: რა, რუსულ ლიტერატურას და ენასაც პროტესტი? არა რა თქმა უნდა…რუსული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურის ნაწილია. უბრალოდ არ არის ჩემი აზრით საჭირო, მას ასეთი განსაკუთრებული სტატუსი ქონდეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის ჩვენთვის უფრო ახლოა, ჩვენი და რუსეთ საერთო კულტურა გვქონდა, და მსგავსი მარაზმები. რამდენჯერ გამიგია: აი რუსული კლასიკა, ეს არის რაც არის, ეს ჩვენთვის ყველაზე ახლოა ჩვენი კულტურის მერე! (კლასიკაა, და ალბათ მსოფლიოში დოსტოევსკის და პუშკინის ბადალი მეორე არ მოიძებნება, მაგრამ მერე რა? არც ბალზაკის და ქენძაბურო ოეს ნაირი მოიძებნება შეიძლება მეორე…) ჩემთვის პირადად ის ისეთივე უცხოა, როგორც ფრანგული, მექსიკური ან ჩრდილო კორეეული. მშობლიური არის ქართული…დანარჩენი უცხო..ლოგიკურია მგონი..

სიმართლე გითხრათ, დიდად არც ის მესმის რატომ არის ქალაქში ამდენი ქუჩა და სხკვერი, რომელსაც რუსის საპატივცემულოდ აქვს სახელი მინიჭებული. მიანიჭონ კაცო, მე ვინ რას მეკითხება, მაგრამ მაინც და მაინც გამორჩეულად რუსული რატომ? არც პუშკინის სკვერის საწინააღმდეგო მაქვს რამე, და არც მაიაკოვსკის ძეგლთან მაქვს პრეტენზიები, მაგრამ თბილისში პროსპერ მერიმეს ძეგლს თუ მანახებთ ან უილიამ შექსპირისას, ძაან კარგი იქნება.

მოკლედ სულ ესაა რისი თქმაც მინდოდა. ნუ განიხილავთ ამას პოლიტიკურ ჭრილში და ნუ მიპასუხებთ: აბა ამერიკა ჯობია? არც ერთი არ ჯობია, და არ არის საჭირო ვინმეს ტყვეობაში ვიყოთ. ეს ქართული სენია, ერთი თუ არ მოგწვონს ესე იგი მეორეა კარგი აუცილებლად. ვერც ის გამოგადგებათ არგუმენტად, რომ რუსეთი მართლმადიდებელია. ძალიან კარგია რომ მართლმადიდებელია, მაგრამ ეს არსად ჩანს. ცუდად არ მოვექცეთ ამიტომ? არ ვექცევით ბატონო ცუდად, მარა ჩვენც რომ მართლმადიდებლები ვართ? ეს ახსოვს ვინმეს? ააა, თუ ის რადგან დიდია, და ჩვენ პატარა ამიტომ უნდა ვჭამოთ „რასია – შჩედრაია დუშა? მე პას! რაღაც “ერთმორწმუნე მეგობარი-მეზობლის” არ მჯერა..ისიც მახსოვს, რომ შეიძლება რუსულ გაზს და ელექტროენერგიას მოვიხმარდე, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ მეც ადამიანი ვარ, და ხშირად თავს ზემოთ ძალა არ არის. თუმცა ვინ იცის, იქნება და ერთ დღეს მაგათ გარეშეც შევძლო სიცოცხლე..

იმედი მაქვს, მალე მოგვშორდება ჩვენი და რუსეთის კულტურების და ცხოვრების „საერთოობის“ განცდა და თავისუფლად ვიცხოვრებთ.

პ.ს. ჩემი პოზიცია არის სუბიექტური, და არანაირი პრეტენზია არ მაქვს საყოვლეთაო ობიექტურობაზე. პლუს ამას, არც არავის მოვუწოდებ ჩემნაირად იფიქროს და იმოქმედოს.

პ.პ.ს. „Ни один народ не мог бы жить, не сделав сперва оценки: если хочет он сохранить себя, он не должен оценивать так, как оценивает сосед“. – Фридрих Ницше

ამერიკული ნოველა, ანუ “მაგენი” უკულტუროები!

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ბოლოს მაინც დავწერე ის, რამაც ამ ბლოგზე თავისი პირველი და საპატიო ადგილი დაიკავა. ვინაიდან და რადგანაც ამერიკული ლიტერატურის დიდი არა ალბათ მაგრამ, საშუალო თაყვანისმცემელი მაინც ვარ, გადავწყვიტე შემედგინა ჩემთვის ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი short story-ების ხუთეული. ოღონდ ერთი შეზღუდვით: ვეცადე მხოლოდ მეოცე საუკუნის 50-60-იან წლებს არ გადმოვცდენილიყავი, იმიტომ რომ ბიტნიკებს და კაპოტეს ედგარ ალან პოს ვერ შევადარებდი.ჩემი აზრით, ძალიან სხვადასხვა მოვლენები იყვნენ ერთნიც და მეორენიც, და ამიტომ გავყავი ორად. მეორე ნაწილს, სხვა დროს, მერე, ოდესმე, ზამთარში, მომავალ წელს, ან კიდევ უფრო მერე შემოგთავაზებთ.

მოკლედ, ჩემი მოკრძალებული ჩამონათვალი.

1. ჰერმან მელვილი- Bartleby, the Scrivener: A Story of Wall Street- ჰერმან მელვილის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაშრომი. (1853)

ნაწარმოები ეხება ერთ მეტად უცნაურ მოხელეს, რომელიც ნიუ-იორკში, ერთ-ერთი კლერკის ოფისში მუშაობს მწერალ-ნოტარიუსად. საქმე იმაშია, რომ ეს ბარტლები მაგარი უცნაური ტიპია, Pallidly neat, pitiably respectable, incurably forlorn! It was Barleby. (ამის თარგმანს ნუ მომთხოვთ !!! ). ხან დავალებულ საქმეს არ ასრულებს, იმ მიზეზით რომ „ურჩევნია არ შეასრულოს“, ხან საერთოდ ხმას არ იღებს, ბოლოს კი საერთოდ ამ ოფისში გადავიდა მალულად საცხოვრებლად. მოკლედ ბევრი რომ გავაგრძელო, მომიწევს მოთხრობის მთლიანად დაწერა, და არ ღირს. ისედაც პატარაა, და ჯობია წაიკითხოთ თუ დაგაინტერესებთ, თანაც მელვილი ჩემზე გაცილებით უკეთესად წერს. მართალია სულ რამდენიმე პერსონაჟია ნაწარმოებში, უფრო სწორედ სულ 4, მაგრამ უმრავალფეროვანესი და უსაინტერესოესი ტიპები არიან ყველანი. ჯერ მარტო სახელები ნახეთ: Nippers, Turkey და Ginger Nut. სამივე განსხვავებული ტიპია, ერთს ქრონიკული აშლილობა აწუხებს, მეორეს ქორნიკული ალკოჰოლიზმი, მაგრამ ერთმანეთს აბალანსებენ, ვინაიდან და რადგანაც დილაობით ერთი ფხიზელია მეორე გაღიზიანებული, შუადღეს კიდე ერთი მთვრალი და მერე დამშვიდებული. მოკლედ, ეს ოფისი დაიქირავებს ბარტლების, და აქედან იწყება მთავარი ამბები. ბოლოს გარკვეული გარემოებების გამო, ბარტლები აღმოჩნდება ციხეში, სადაც შიმშილისგან გარდაიცვალა კიდეც. მოკლედ, ძალიან კარგი რამეა და ჩემი ხუთეულის პირველ ადგილზე გავამწესე.
“Ah, Bartleby! Ah, humanity!”

2. ედგარ ალან პო -The Gold-Bug (1843)

ბევრს წაგიკითხავთ ბავშვობაში პოს მოთხრობები, დეტექტივები, სულის-შემხუთავი ამბები. მაგრამ მგონი ძალიან არასაბავშვო მწერალია. ვფიქრობდი ამ ხუთ მწერალზე, და როცა პო გამახსენდა, პირველივე რაც თავში მომივიდა იყო ეს მოთხრობა. ნუ ამიტომაც, ლოგიკურიცაა ალბათ, სწორედ ეს მოთხრობა გავამწესე მეორე ადგილზე. ამ მოთხრობის პლოტს არ და ვერ მოგიყვებით ეხლა, იმავე მიზეზით რაც ზემოთ აღვნიშნე, მაგრამ გეტყვით რამდენიმე საინტერესო ფაქტს: ამ ნაწარმოებში პომ ფრთები გაშალა და მრავლად ჩაგვიყარა კრიპტოგრამები, რამაც ხელი შეუწყო ლიტერატურაში ზოგადად დეტექტიური ჟანრის განვითარებას. და მთავარი: გახსოვთ ალბათ პოს „დალხენილი“ ცხოვრების პერიპეტიები. მან სწორედ ამ მოთხობისთვის მიიღო1843 წელს ფილადელფიის ერთ-ერთი გამომცემლობისგან ჯილდო და ასევე, მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი თანხა პრიზად! რამდენი? რამდენი და 100 (!!!) დოლარი. აი ასე!

“What ho! What ho? This fellow is dancing mad! He hath been bitten by the Tarantula!”

3. ფ. სქოტ ფიცჯერალდი – The Long Way Out (1965)

“His death is unthinkable to her…”

ამ კაცით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ფინჩერის ბენჟამენ ბატონი ვნახე. გეცოდინებათ ალბათ, ამ ფილმს საფუძვლად სწორედ ფიცჯერალდის იგივე სახელწოდების ნოველა უდევს. მანამდე მხოლოდ The Great Gatsby მქონდა წაკითხული და საერთოდ არ ვიცნობდი მის ნოველებს და მოთხრობებს. მოკლედ, ძალიან საინტერესო და ემოციური ნაწარმოებები აქვს ამერიკული მწერლობის ერთ-ერთ მამა-მთავარს. ჩემი სუბიექტური აზრით კი გამოვარჩიე The Long Way Out. ნაწარმოებში მოქმედების სცენებმა, აღწერილობამ, ემოციამ რატომღაც ცვაიგის და მანის სანატორიუმის ეპიზოდები გამახსენა. თვითონ მოთხრობას რაც შეეხება: მწერალი გვიყვება ერთი ქალბატონის ისტორიას, რომელიც მეორე შვილის დაბადების შემდეგ კომაში იმყოფება. კომიდან გამოსვლას კი უკვე შიზოფრენია მოჰყვა. თუმცა დროთა განმავლობაში ქალბატონ კინგის მდგომარეობა უკეთესდებოდა და ქმართან ერთად ზაფხულში დასვენების უფლებაც კი მისცეს. მაგრამ ყველაფერი ესე კარგად და ბედნიერად არ ხდება (ამერიკულ მოთხრობებშიც კი!) და სანატორიუმისკენ, მასთან შესახვედრად, მიმავალი ქმარი ავარიაში დაიღუპა. როდესაც ექიმები რამდენიმე დღის შემდეგ შეატყობინებენ ამ ტრაგიკულ ამბავს, ქალი ღიმილით პასუხობს მათ, და ამ ცნობას აღიქვამს, როგორც მცდელობას ექიმების მხრიდან შეემოწმებინათ რამდენად ავად იყო იგი. მაგრამ…მას შემდეგ ქალბატონი კინგი სამგზავროდ გამოწყობილი ელოდება ყოველ დღე თავის მეუღლეს.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მართლა ძალიან ემოციური და სხვანაირად დამმუხტველი და დამაფიქრებელი მოთხრობაა.

4. მარკ ტვენი – The Man That Corrupted Hadleyburg (1900)

ჰეკლბერი ფინის და ტომ სოიერის ავტორი ასეთი მორალისტურ-დიდაქტიკუტი თუ შეიძლებოდა ყოფილიყო ვერ წარმომედგინა. მეგონა რაიმე იუმორისტულ სატირას წავიკითხავდი და ამ დროს ხელში შემრჩა კრიტიკულ-დამრიგებლური „ტრაქტატი“. მოკლედ, ნაწარმოებში მოთხრობილია ერთი წარმოსახვითი ქალაქის, ჰადლიბურგის შესახებ. ამ ქალაქში მხოლოდ პატიოსანი და კეთილსინდისიერი ხალხი ცხოვრობს. ყველანაირ ცდუნებას უძლებენ მოკლედ და ეშმაკის სამსახურში არ დგებიან (ფიგურალურად რომ ვთქვათ). ერთხელაც წასცდებათ ხელი, და ამ ქალაქში გამვლელს „მცირეოდენ შეურაცხყოფას“ მიაყენებენ. პასუხად, გაბრაზებული მგზავრი გადაწყვეტს გარყვნას, გააფუჭოს და წაბილწოს ამ უმანკო ხალხის გონება. ამას რითი იზამდა თუ არა ფულით! ამის შემდეგ ეს ხალხი ისეთ რაღაცეებს იგონებს და ახერხებს ფულის ხელში ჩასაგდებად, რომ სასიამოვნოდ (ან არასასიამოვნოდ) გაკვირვებულები დარჩებით. მოკლედ ჰარმონიულ და მშვიდ ქალაქში ცხოვრების მგლური კანონები მვკიდრდება!

(ისე საქართველოც ეგრეა ფაქტიურად: ვიღაც გადამთიელი ჩამოეთრევა ხოლმე, და გვირევს ამ ანგელოზივით ხალხს გონებას. ნწ ნწ ნწ! )

5. ჰენრი ჯეიმსი – The Pupil (1891)

ჯეიმსი ამერიკის მე-19 საუკუნის ლიტერატურულ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. პრინციპში არა მარტო მე-19 საუკუნის არამედ, მთლიანად ამერიკული კულტურის. პლუს ამას, წერის და თხრობის რაღაც უცნაური და უჩვეულო მანერა აქვს. (ნუ მე ესე მომეჩვენა ყოველ შემთხვევაში). ჩემს მიერ არჩეულ ნოველაში მოთხრობილია თერთმეტი წლის ბიჭის, მორგანის, და მისი აღმზრდელის, პემბერტონის ურთიერთობა. მორგანი მოხეტიალ ამერიკული ოჯახის წევრია. ოჯახი მთელს ევროპაში დაძრწის სასტუმროდან სასტუმროში, რადგანაც სასტუმროში ცხოვრების საფასურის გადახდა არ შეუძლია. როგორც ხდება ხოლმე, მორგანს არ მოსწონს არც მისი ოჯახის წევრები, და არც ზოგადად მისი ცხოვრება. მას მხოლოდ პემბერტონთან ურთიერთობა უხარია, ისევე როგორც თვითონ პემბერტონს მორგანთან. რაც არ უნდა კომიკური თუ ტრაგიკული იყოს, ზუსტად პემბერტონი გახდა მორგანის გარდაცვალების მიზეზი. დეტალებში აღარ წავალ. მოკლედ, საკმაოდ ტრაგი-კომიკური ნაწარმოებია, ადამიანური, რეალური და რაც მთავარია ძალიან შთამბეჭდავი.

სულ ეს იყო! ძალიან ბევრი სხვა ვინმესი და რამის ჩაკვეხება მინდოდა, მაგრამ რადგან ვთქვით 5-ეული, უნდა იყოს 5-ეული.

პ.ს. ეს ხუთეული ძალიან სუბიექტურია, გამომდინარე იქედან, რომ შეგდენილია მარტო იმ ნაწარმოებებისგან რაც მე ვიცი..

პ.პ.ს ოოჰ, როგორ მიყვარს გამოთქმა, “მაგ უკულტურო და უჯიშო ამერიკელები”!

2010. © გ.დ.