Fergie Time

1997 წელი იყო, როდესაც ტელევიზორში ყვითლების და წითლების თამაში გადიოდა. ჩემი სიმპათიები წითლებისკენ აღმოჩნდა ბუნებრივად. წითლებში თმაგადახოტრილი 7 ნომერი ამოვიჩემე. 7-იანის შემდეგ სათვალეებიანი კაცი დავინახე. აზრზე არ ვიყავი ვინ იყო. წააგეს.

დრო გადიოდა, წითლებში ჩემდა გასაკვირად 7-იანი ვიღაც ქერა ბიჭს ეწერა უკვე. ქერა 7-იანის გარდა, 19-იანი და 9-იანიც დავაფიქსირე. მაგრად უბერავდნენ. ცოტა ხანში მათ ჟღალთმიანი ვიღაც მოყვა. გვარიც მიუგავდა 9-იანს. შემდეგ ხუჭუჭა 11-იანი იყო. კიდევ იხვი თუ ბატი ვიღაცა. კიდევ ბევრი სხვა ვიღაცეებიც. მაგრამ ის სათვალეებიანი კაცი მაინც იქ იყო. იგებდნენ. თან ხშირად.

უკვე სახელები და გვარებიც ვიცოდი. 99 წლის პერიპეტიებზე გათვიცნობიერებულად ვნერვიულობდი და განვიცდიდი. მაგის მერე უკვე სეზონს აღარ ვტოვებდი.სათვალეებიანი კაცი ისევ თავის ადგილზე იყო. მოიგეს.

მივხვდი, რომ 7-იანები, 10-იანები და სხვები მიდი-მოდიან. მაგრამ ის სათვალეებიანი კაცი მაინც რჩება. ის სათვალეებიანი კაცი იყო ზუსტად წითლების მამოძრავებელი, შემოქმედი და სულისჩამდგმელი. წლები გადიოდა, წარმატებით და თასებით კი ყოველწლიურად გვანებივრებდა ეს კაცი.

აგერ უკვე თითქმის 27 წელია ამ ისტორიაში არაფერი იცვლება. სათვალეებიანი კაცი ისევ სათვალეებიანი კაცია. ის კაცი, რომელიც ბოლო წამზე წაგებული სეზონის შემდეგ, მეორე დღესვე 8-სთზე ოფისში მიდიოდა, და ახალი გუნდის შენებას იწყებდა. გუნდის შენებას ერთი წლის თავზე მორიგი თასი მოყვებოდა. ყოველთვის ეგრე იყო. 27 წელი არაფერი იცვლება.(მინდოდა მეთქვა, რომ “ ასე იყო და ასეც იქნება”, მაგრამ..)

ზოგადად მგონია, რომ თანამედროვე სამყაროში, და მითუმეტეს თანამედროვე ფეხბურთში იდეალები აღარ არსებობენ. აღარც პრინციპების მჯერა დიდად. პრინციპულობა და დიდი ფული ერთმანეთს როგორც ჩანს ვერ უგებენ. თუმცა გამონაკლისი აქაც არსებობს, არსებობდა უფრო სწორად – სათვალეებიანი კაცი! 27 წელია წითელი ეშმაკების უკან ერთიდაიგივე პრინციპი იდგა. ამ პრინციპების დამცველი კი ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული კუმირი იყო. ასე მეგონა, ჩემი და სათვალეებიანი კაცის მეგობრობა არ დამთავრდებოდა. მაგრამ თვითონ იდეალებიც კი არ არიან მუდმივები. 27 წლის თავზე თვითონ სათვალეებიანმა კაცმა დაასრულა ეს ეპოქა. რა უფრო მწყინს არ ვიცი: ის რომ ტრაფორდზე სათვალეებიანი კაცის იმედი აღარ მექნება, თუ ის რომ ჩემი საყვარელი გუნდი ოლიმპოს მთიდან ჩაჩოჩების გზას ადგას. ალბათ ორივე. ეს გუნდი ფერგი იყო, და ფერგიც მანჩესტერ იუნაიტედია.

Advertisements

ალეს გუთე

– ვატო, ვატო, ფუტბოლ ხოჩიშ ფუტბოლ?
– ფეხბუუურთ?

ესეთი იყო საუბრის ტიპიური დასაწყისი მე და ვატოს შორის. საუბარს შემდეგ მრავალმხრივი გაგრძელება მოყვებოდა, რომლის ასაღწერადაც ნამდვილად არ მეყოფა ეს ერთი პოსტი.

ვატო ჩემზე ორი წლით დიდია, თუმცა სულ ვამტკიცებდი რომ მხოლოდ წლინახევრით. მე და ვატო ერთად ვიზრდებოდით ფაქტიურად. რა სენტიმენტალურია!

თუმცა სენტიმენტალიზმი იქეთ იყოს, იმდენი სახალისო და სასწაული ისტორიები მახსენდება, ეხლაც სულელივით ვიცინი.

ერთ-ერთი ჩვენი გამოგონებაა “შევიდა, შევიდა”! ის ნამდვილად პენიცილინის, ბორბლის და ინტერნეტის გვერდზე დადგება, როგორც კაცობრიობის უმთავრესი მიგნება. უნდა დავაპატენტოთ, გენიალური რამეაა! თამაშის არსი მდებარეობდა იმაში, რომ პენალტებს კი არ ვურტყამდით, არამდე “შესვლით უნდა გაგვეტანა”. თამაშის ადგილი რომელიმეს სახლი იყო. გაზის ფეჩი, კარები, ლუსტრა, რამდენი რამე შემოგვმტვრევია პროცესში იიიფ! “შევიდა, შევიდა”-ს მეორე ვარიანტი იყო თავურები. ესეც უნიკალური რამეა. საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ კედელი. გოლის გატანის სირთულე კი მდებარეობს იმაში, რომ კედლიდან ასხლეტილი ბურთი თავით უნდა გაუტანო მეკარეს! ააჰ ბურთი ხო, არ გეგონოთ ჩვეულებრივ ბურთზე იყოს საუბარი, არაჰ: ჩოგბურთის ბურთით ვსპეცდებოდით ჩვენ. მარადონა ფორთოხლით გახდა მარადონა, და ეხლა ჩვენ ჩოგბურთის ბურთით ვერ გავხდებოდით პელეები?! ნუ კიდევ ერთი დეტალი იყო, თავურებს პატარა ოთახშიც ვუბერავდით, აი “შევიდა, შევიდა”-სთვის კი “ზალა” იყო საჭირო, “ზალაში” სათამაშოდ კი სახლში არავინ არ უნდა ყოფილიყო, აბა ისე როგორ!

იმას კი მიხვდებოდით, რომ ფეხბურთი მე და ვატოს “კანიოკი” იყო. ჩემდა ბედად ერთხელ (და ეს ერთხელ 96 წლის ზაფხული იყო) ტელევიზორში რაღაც თამაში დაიწყო. ვატომ გამოცხადა რომ გერმანიის გულშემატკივრობდა, თან გერმნულზე დადიოდა და დოიჩლანდ, ფანტასტიშ, შუმახერ, ნათურლიიიიიხ იყო თავიდანვე. (დღემდე მაგ სიბნელეშია) ხოდა ეხლა მეც ხო გერმანიიას არ ავირჩევდი, მეთქი მე ინგლისის გულშემატკივარი ვარ და ამ შენ გერმანიას ამერიკაშიც გადააფრენს ერთი დარტყმითთქო. (რა ვიცოდი მაშინ რაში ვყოფდი თავს). აი მაქედან კი დაიწყო და დაიწყო. მაგის მერე მე და ვატოს საფეხბურთო გემოვნება ისე აცდა ერთმანეთს როგორც …. ოო, რთული სათქმელია. (მაგრამ, 5-1-ის მერე ვატოსთან დარეკვა ერთი სიამოვნება კი იყო, დამიჯერეთ, 99-ის ფინალზე რომ აღარაფერი ვთქვა)

ხოო, კიდევ ჩოგბურთზე დავდიოდით ერთად. აქ გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა ყველაფერი, მიგებდა. ზოგჯერ მწარედაც მიგებდა. არა ეხლა, ზოგჯერ მეც ვუგებდი. ნუ ბოლოს რომ ვითამაშეთ მე მოვუგე (თვითონ კი არ აღიარებს ამას, მარა მაინც…)

ვატო პროფი იყო ფიფაში. როცა ვეთამაშებოდი ჩემი მთავარი ამოცანა იყო, რომ 9-0-ის მაგივრად მხოლოდ 8-0 წამეგო. მაგ შემთხვევაში მოგებული მე ვიყავი ხოლმე. პლან ბ იყო, რომ ბევრი წითლები ამეკიდებინა, და მხოლოდ ტექნიკური 3-0 დავმარცხებულიყავი, ანუ ისევ მომეგო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უშანსოდ ვანადგურებდი!

აუ ხო, ცურვაზე დავდიოდით ერთად. მოკლედ თავი კაცები გვგონია, მარტო დავდივართ ცურვაზე, თან ჩემი დაც დაგვყავს (მაშინ პატარა იყო, და ამიტომ ჩვენ დაგვყავდა). ჭკუაზე არ ვართ, ვცურავთ, ამოვდივართ , ვხტებით, მოკლედ ბრედ პიტსა და ალენ დელონობამდე ბევრი არ გვიკლია რა. ხოდა, ერთხელაც რომ გამოვედით, დუშებში, არც მეტი არც ნაკლები ჩანთიდან შამპუნი “კრია კრია” მალულად ამოვაცურე. “კრია, კრია”! აუ ეს იყოს საუკუნის მომენტი. , მაგარი შამპუნი იყო, თვალებს არ წვავდა ეე! და კაი სუნი ჰქონდა! ააააჰაჰაჰა, სხვები მაინც ვერ გაიგებთ ეხლა რა და როგორ.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დღეს ვატულიკოს დაბადების დღეა. ოცდა რაღაცა ბევრის გახდა! თვალსა და ხელს შუა დაბერდა. რას გისურვებ და როგორ კი იცი ეხლა შენ და მელანს აღარ დავხარჯავ მაგაზე.

(პ.ს მეც გაგანადგურებ 6-0ს, და ოდესმე ინგლისიც გამოაგდებს გერმანიას პენალტებში, იიიიშ).

ქოოოომ შონ ალთაააა!

ცხოვრების ხის მელანქოლია

In the Long Run, We are all dead – J.M. Keynes.

მათთვის, ვისაც ჯერ არ უნახავს ტერენს მალიკის „ცხოვრების ხე“ და ლარს ვონ ტრიერის „მელანქოლია“, და ვინც აპირებს ორივეს ნახვას, პოსტის წაკითხვა სასურველი არ არის.

ისე მოხდა, რომ ორივე ფილმს თითქმის ერთი მეორის მიყოლებით ვუყურე და თავისდაუნებურად გარკვეული პარალელების გავლება მომიხდა ამ ორ მართლაც რომ ხელოვნების ნიმუშს შორის. ბოლოს, ასევე ფიქრის პროცესში ერთი მეორეს თანმიმდევრულად მიება და რაღაც სახე მიიღო. რა გამოვიდა აგერ მოგახსენებთ.

რას ხდება მალიკის სამყაროში? რის ჩვენებას ცდილობს? რამდენიმე განსხვავებული ადამიანი, განსხვავებული ემოცია, განსხვავებული მიდგომა სამყაროსადმი და მათი ჰარმონიული თანხვედრა უნივერსის მონოტონურ რიტმთან? სიყვარულის, ოჯახის, რწმენიs და სხვა დანარჩენის ამაოება? ჩემი აზრით კი! და ამისთვის ყველაზე მეტად მისტერ ობრაიენის პერსონაჟსიყენებს. მამა – ერთი პედანტი, ეგოისტი კაცი, ვერ/არშემდგარი მუსიკოსი, ხელმოცარული ადამიანი, რომელიც ბოღმას, ზიზღს, შურისძიებას თუ სიყვარულს მხოლოდ თავის ცოლთან და შვილებთან ურთიერთობაში ამჟღავნებს ვაჟკაცურად? მართალია კი, და ნათელია რომ მას შვილები განსაკუთრებულად უყვარს, მაგრამ რატომღაც თავისი ვერშემდგარობის მონა ხდება და ამ სიყვარულს ის შედეგი არ მოაქვს, რაც იდეალურ შემთხვევაში შეიძლება მოყვებოდეს. შვილებში ის შიშს და საშუალო სტატისტიკურ სიყვარულს იწვევს საკუთარი თავისადმი.დამოკიდებულებას, რომელიც ნებისმიერი „ჩვეულებრივი“ დედაშვილური (თუ მამაშვილური) ურთიერთობის დამახასიათებელია. ეს დამატებით წნეხს კი ისევ მამაზე ახდენს. ჯეკის, შვილის, თვალებში გაორებული ემოციის, სიყვარულის, მორჩილების, შიშის და ზიზღის დანახვისას, ნამდვილად გულგრილი ვერ დარჩები. სულ მცირე იმას მაინც გაიძულებს მალიკი ადამიანს, რომ ჩვენს გარშემომყოფებს უფრო ყურადღებით და გულისწყურით ჩავხედოთ თვალებში.

რა გვითხრა მალიკმა? ის რომ, არ აქვს მნიშვნელობა რა დონის არარაობა იქნები ადამიანი, მაინც იგივე არარაობად მოკვდები? გვაჩვენა, არა, კი არ გვაჩვენა, აიღო და პირდაპირ სახეში გაგვარტყა ფაქტი, რომ რა დონის და მასშტაბის კარგი თუ ცუდი, ლამაზი თუ უშნო, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ადამიანიც არ უნდა იყო, მაინც ერთი პატარა პაიკი ხარ სამყაროს მუდმივ დინებაში. დასაბამიდან დღემდე, აფეთქებიდან აფეთქებამდე, ადამიდან უკანასკნელ ადამიანამდე. მიუხედავად იმისა შენ შეძლებ რამის შეცვლას თუ არა, ან მინიმუმ მცდელობა მაინც თუ გექნება თუ არა, არ აქვს აზრი, იმიტომ რომ სევდა, ტრაგედია, და გარდაუვალი დასასრული მაინც ყველაფერს გააცამტვერებს. მაშინ რა აზრი აქვს სიცოცხლეს? მაშინ რატომ არის ადამიანი ცხოველზე „რაღაცით“ მეტი? რატომ აქვს ადამიანს სული, ან რატომ აქვს უნარი სულზე იზრუნოს? ვისთვის ეს მალიკისეული მიწიერი ყოფა უკვდავებისთვის მზადებაა, ვისთვის კი დაკარგული ადამიანის დაკარგული გაცამტვერება. ზრდასრული ჯეკისთვის რომელია არ ვიცი, რატომღაც მგონია რომ მეორე.

ამის საპირისპიროად, ამ თემის გაგრძელებასავით, ლარს ვონ ტრიერმა სცადა მალიკის დაწყებული საქმის დამთავრება. თითქოს ამ ფილმით ლოგიკური დასასრული შეიძლება ჰქონოდა ჩვენს მსჯელობას. ტრიერმა, ეს ყველაფერი ერთი ადამიანის პრობლემაზე დაიყვანა. ადამიანის, რომელმაც რაღაც ეტაპზე გააცნობიერა, რომ ყველაფერი მის გარშემო არის სიყალბე. ქორწილი სადაც მამა თავის პატივმოყვარეობას იკმაყოფილებს, დედა, რომელიც მელანქოლიის ახლოს მეგობარია, და რომლისთვისაც ყველაფერი კარგი დასრულებულია (საქორწილო სუფრაზე ეუბნება ზუსტად ჯასტინს: ისიამოვნე სანამ ამის შანსი გაქვს!), და და სიძე, რომლებიც ცდილობენ სტუმრებს აჩვენონ როგორი გრანდიოზული დღესასწაული მოუწყვეს ჯასტინს, ჯასტინის უფროსი სამსახურში და ამავდროულად სიძის მამა, რომელიც ყველას გულის მოგებას ცდილობს, და ა.შ. და ამ დროს, ზუსტად ამ დროს, ხვდება ჯასტინი, რომ მის გარშემო უბრალოდ შუშის ადამიანები დგანან, რომლებიც ერთი ხელის მოსმით დაიმსხვრევიან. მან ძალიან კარგად იცის, რომ ამის გაცნობიერება და მელანქოლიის შემოტევა ერთი იქნება. თუმცა, უკვე გვიანი იყო: მან პლანეტა უკვე მანამდე დალანდა! (პლანეტა ფილმში რა თქმა უნდა სრულიად სიმბოლურ ხასიათს ატარებს, და არანაირ კოსმიურ დაჯახებებთან და ზღაპრებთან საქმე არ გვაქვს). საინტერესოა სიძე, ჯონი. რომელსაც მტკიცედ სჯერა, რომ მელანქოლია მათ აცდება, ვერ დაამარცხებს და კოშმარივით წარულს ჩაბარდება. სჯერა საკუთარი თავის იმიტომ, რომ თავს ძლიერ ადამიანად თვლის, ცოლზე და შვილზე ზრუნვის პასუხიმგებლობას გამძაფრებულად აღიქვამს, სჯერა რომ მართალია და გარშემომყოფებსაც იმედს და ნუგეშს აძლევს. თუმცა, როცა აცნობიერებს რომ მწარედ ცდებოდა, როცა ხვდება, რომ ის ცოდნა და პრინციპები რითაც ცხოვრობდა მელანქოლიის წინაშე უძლურია, ჩვეულ, ადამიანურ სისუსტეს ავლენს და თავ იკლავს. ჯასტინი კი სრულიად საპირისპიროდ იქცევა. მან პლანეტის დანახვის მომენტიდან მასში ფიზიკური და სულიერი ბალანსის აღდგენამდე დაკარგა ყველაფერი ის, რისი დაკარგვისაც ეშინოდა და რისი დაკარგვაც ერთი შეხედვით მტკვნეული უნდა ყოფილიყო (აქ რატომღაც მგონია, რომ ასეთი ზედმეტი ტვირთისგან გაწმენდილი ადამიანი ემსგასვება ბავშვს და ამიტომაცაა რომ ბოლოს ჯასტინი და მისი დისშვლი ერთნაირად წყნარად ხვდებიან მელანქოლიას, განსხვავებით თავის თავში გაურკვევლი კლერისგან). მიხვდა, რომ იგივე პრინციპები, ღირებულებები, ემოციები, და გრძნობები ფუჭია, თუმცა სამაგიეროდ პოულობს საკუთარ თავში ძალას, და რაც მთავარია რწმენას, რომ საკუთარი სამყარო, საკუთარი ჯადოსნური ქოხი ააგოს. ზუსტად ეს რწმენა არის ყველაზე მტკიცე და საჭირო. რწმენა, რომელიც შენ თავში გაპოვნინებს ღმერთს, და უფრო დიდისთვის გაგამზადებს. რწმენა რომელიც მომავლის გარდაუვალობის შიშს ამარცხებს. რწმენა, რომელთან შედარებით მელანქოლიაც ერთ პატარა საპნის ბუშტად იქცევა.

არაკ-იგავი მატარებელში

ეს ქალი ისე იყურება, თითქოს რამის აზრზე იყოს!

რეალურად ეხლა რა ხდება გეტყვით მე თქვენ: ამ ქალს ესმის მუსიკის ხმა ჩემი ყურსასმენებიდან. ესმის და ფიქრობს, ნეტა რას ვუსმენ. იმას კი ხვდება რომ ეს ჩვეულებრივი მუსიკა არ არის. იმასაც ხვდება რომ ეს არის რაღაც ეგზოტიკური. ხომ, აი ეხლა სახის გამომეტყველებაც ეცვლება, და ადვილი გამოსაცნობია რომ უკვე მოსწონს რასაც ვუსმენ. უი უი, აი მისი ინტერესის კიდევ ერთი ახალი საგანი გავაჩინე: ეხლა უკვე აინტერესებს სადაურად და რა ენაზე ვწერ. არც ის უნდა რომ შეეტყოს, რომ თითქოს აინტერესებს ეს ყვალაფერი და ჩემს პირად რაღაცეებში მოსწონს ყურება, მაგრამ ეს უკვე აშკარაა. არც კი სცხვენია: მოტყდა კისერი, აქიცინებს გიჟივით, შემომხედავს, გაიხედავს, ჩემსკენ გამოიხედავს, ცალი თვალით შეხედავს ამ ფაილს, გაიხედავს. აჰ, ყოჩაღ, ქალბატონო, ყოჩაღ, პერიფერიული ხედვა გაქვთ საოცრად კარგი! ამასობაში ერთი კომპოზიცია დასრულდა, ახალი უნდა ჩავრთო, თორე ეს ქალი თავს რაღაც უხერხულად გრძნობს. მე მომიტევეთ, სრულიად დამავიწყდა მეხსენებინა რას ვუსმენ: ამჯერად ჩემი უეცარი და ცნობისმოყვარე სტუმრისთვის ქართულ ფოლკლორზე შევჩერდი… აი რას ნიშნავს გქონდეს აურაცხელი ძალაუფლება: გაუჩინო ადამიანს ცნობისმოყვარეობა, და შემდეგ წვეთ-წვეთად, ნელ ნელა დაუკმაყოფილო ის. ამასთან, მისი კისრის ქიცინსაც გვერდიდან აკვირდებოდე, და გულში ცბიერად და ეშმაკურად იღიმოდე. ყოვლისშემძლე მე!

იგავის მორალი: თუ გინდათ ხალხი დაიმონოთ და შემდეგ მათზე სასტიკად იბატონოთ, უსმინეთ საუკეთესო მუსიკას, და ჩააწვეთეთ იგი თქვენს სიახლოვეს მყოფ უცნობ გადამთიელებს. დიახაც!

აპრილი, 2011 © გ.დ.

არონოვსკის გედების ტბა

ოპერა, ბალეტი და ზოგადად, კლასიკური მუსიკა რომ ხელოვნების უმაღლეს და უმძლავრეს გამოვლინებად მიმაჩნია ეგ არ ახალია. მეტიც, დარწმუნებული ვარ და ამის მტკიცედ მჯერა, რომ კლასიკურ მუსიკას ემოციებში, სიღრმესა და ფილოსოფიაში ვერც ერთი ჟანრის არათუ მუსიკა, არამედ ბევრი სხვა, მონათესავე დისციპლინაც ვერ დაუდგება გვერდზე. ლიტერატურაო მეტყვით, კი ბატონო, მაგრამ ეგ საერთოდ სხვა ოპერიდანაა…

კლასიკური მუსიკა, მაინც უფრო ზოგადი და გლობალური ცნებაა, ამიტომაც ამჯერად დავწვრილმანდები და მხოლოდ ბალეტზე ვიტყვი ერთ ორ სიტყვას. თუმცა ჩემი თქმა რა საჭიროა, ოპერისა და ბალეტის თეატრები ყველა ქალაქშია და ვინც ჯერ არ დაინტერესებულხართ ამ სფეროთი, შეგიძლიათ აწი აითვისოთ, და ვისაც ათვისებული გაქვთ, მათ კიდევ ერთხელ განიცადოთ ის ყველაფერი რაც სცენიდან მოდის. მართლაც რომ ერთი სიამოვნებაა დიდ დარბაზში სკამზე მოკალათებული ჟიზელის ან დონ კიხოტის ცქერა და მოსმენა.

თუმცა ის რაც დარენ არონოვსკიმ ჩაიდინა “შავ გედში”, ეს იყო კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი უშედევრესის შედევრებს შორის ახალი შეფუთვით და მაკიაჟით წარმოჩენა. საერთოდაც არ გჭირდებათ უახსლოესი ოპერის თეატრის მისამართის მოძებნა, შეგიძლიათ მარტივად მოათავსოთ ერთი ადგილი სავარძელში, მოიმარჯვოთ კომპიუტერი და დატკბეთ. თუმცა, იმედებს გაგიცრუვებთ და გეტყვით, რომ ფილმი გედების ტბის ზღაპრულ ისტორიას არ გვიყვება (ან შეიძლება გვიყვება ირიბად). ფილმის ღირსშესანიშნაობაზე მე აქ არ და ვერ დავიწყებ დიდ სჯა ბაასს, ვინაიდან და რადგანაც არ გამომივა, მაგრამ თუ მაინც და მაინც გაინტერესებთ კომპეტენტური აზრი, შემიძლია გადაგამისამართოთ ამ საკითხის ექსპერტებთან. მე უბრალოდ იმას გეტყვით, რომ ფილმში არის ყველაფერი, რისი წარმოდგენაც კი შეგიძლიათ: სიყვარული, ემოცია, ცხოვრება, სევდა, სიკვდილი, ადამიანობა, სტრესი, რწმენა, პრობლემა, მეგობრობა, ფანტაზია, რეალიზმი, პერფექციონიზმი, ეგზისტენციალიზმი, პაციფიზმი, კუბიზმი, იმპრესიონიზმი, ყველანაირი -იზმი მოკლედ. და ეს ყვალაფერი ჩაიკოვსკის უკვდავი მუსიკის ფონზე, რაც გასაქანს არ გაძლევს მაყურებელს და 2 საათის განმავლობაში გედების ტბის გარემოში გტოვებს. თანაც ისე რომ, ერათხელაც არ დაგამთნქრებს, ერთხელაც არ მოგინდება ჩაის დასხმა, საჭირო ოთახში გასვლა, და პირწიგნაკის შემოწმება. ყველაფერი ისე მდორედ და შეუმჩენვლად გადადის ერთმანეთში, რომ გაოცების გარდა სხვა აღარაფერიღა დაგრჩენიათ. მისტიკიდან უცებ ცხოვრებისეულ რომანტიკაში დაგაბრუნებთ, საიდანაც წარმოდგენა არ მაქვს როგორ, საშინელებათა სცენაზე აღმოჩნდებით. ეს არის უბრალოდ ჭკვიანი და ლამაზი, დაძაბული და სასიამოვნო, რთული და მარტივი, რეალური და არარეალური სამყაროს ყველაზე ლამაზი წარმოჩინება. ლამაზი პირდაპირი და ირიბი გაგებით. პირდაპირით იმიტომ რომ, ნატალი პორტმანი მართლაც რომ უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ლამაზი ამ ფილმში, და ყველაფერთან ერთად იგი ძალიან უხდება ბალანჩინის პროტოტიპ კასელის გმირს. არაპირდაპირი გაგებით კი…არაპირდაპირი გაგებით კი ჯობია უყუროთ და გაიგებთ.

ფილმს ერთადერთი რამ აკლია: უმჯობესია და სასურველია (და შეიძლება აუცილებელიც კი) ნანახი გქონდეთ ან იცოდეთ მაინც გედების ტბა. ეს არის, ჩემი აზრით, ერთი დიდი სურათის ბოლო (და ალბათ არც თუ ისე პატარა) შტრიხი, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ რატომ არის ოდეტი ასეთი საინტერესო, ტრაგიკული, რთული და ლამაზი პერსონაჟი. მართალია, ზიგფრიდი და დანარჩენები ფილმში დიდად არ ფიგურირებენ, მაგრამ ისინი მაინც ფილმთან ერთად ერთ დიდ უსასრულობას ქმნიან!

არ ვიცი ფილმს, რეჟისორს, პორტმანს რა ჯილდოებს მისცემენ და რას არ მისცემენ, მაგრამ ფაქტია, რომ ფილმმა ათიანში გაარტყა.

დეკემბერი 2010 © გ.დ

ჩემი და პოლ მაკარტნის პირველი შეხვედრა

ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობენ რაღაც განსკუთრებული თარიღები. ვიღაცეებისთვის ეს ვინმეს (ან საკუთარი) დაბადების დღეა, ზოგისთვის ლატარიაში მილიონის მოგების თარიღია, ზოგისთვის ვინმეს გაცნობის და ზოგიერთისთვისაც დიდი საფეხბურთო მატჩის დღეა. ლატარიის ბილეთს რომ ავსებენ, ხომ გინახიათ, რომ იმ რიცხვებს ხაზავენ, რომელ რიცხვებთანაც რაიმე განსაკუთრებული აკავშირებთ. მე არასოდეს არ მჯეროდა, კი არა და, არ მქონდა ესეთი განსაკუთრებული თარიღი, უფრო სწორედ დიდ მნიშვნელობას არასოდეს ვანიჭებდი ამას. მაგრამ, ერთი წლის წინ ყველაფერი შეიცვალა. ჩემთვის უკვე არსებობს 3 დეკემბერი. რიცხვი სამი. თვე დეკემბერი. წელი 2009. მას შემდეგ უკვე ერთი წელი გავიდა, და ერთი წლის თავზე ეს პოსტიც დაიწერა.

მაგრამ, 3 დეკემბრამდე იყო, ნოემბრის ერთი ჩვეულებრივი საღამო. ჩვეული სიცივე. და სახლში, უფრო სწორედ ჩემს ოთახში, კომპიუტერში შემძვრალი ჩემი თავი. ზედმეტი მოცაელეობისგან გახსნილი ფანტაზია და უბრალოდ იმაზე ოცნება, რომ იქნება და სადმე შორს იყოს სერ პოლის კონცერტი, და საკუთარი თავის წარმოდგენა, როგორ ვყვები მას პენი ლეინის სიმღერაში…ასე ფიქრებში გართულს, ერთ-ერთ საიტზე უცებ რაღაც დაუჯერებელი რამე მხვდება თვალში: Sir Paul McCartney – Good Evening Berlin. მეგონა მეძინებოდა ძალიან და წესიერად ვერ ვაზროვნებდი. რამდენჯერმე წავიკითხე! აშკარად ყველაფერი ისე იყო, როგორც ჩანდა. თარიღი მილიონჯერ გადავამოწმე: 3.12.2009. ნუთუ მართალია? მეგონა რომ რამე შეცდომა იქნებოდა. იმიტომ რომ, ხომ არ შეიძლებოდა ეს თარიღი მე გამომპარვოდა?! არა, მართლა 3 დეკემბერი ეწერა. ანუ სულ რაღაც თვეზე ნაკლები რჩებოდა! და ასე ახლოს! აქვე! სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში! მგონი რაღაც ხდებოდა ჩემს თავს. მაშინ ყველაზე სულელური გადაწყვეტილება მივიღე რაც კი შეიძლება მიმეღო: შეშინებულმა გამოვრთე კომპიუტერი და სასწრაფოდ დავიძინე! წარმოდგენა არ მაქვს რატომ…

აი მეორე დღეს კი, როგორც კი ავდექი, ვქენი ის, განვიცადე ის 5 წუთი, რასაც მთელი ცხოვრება ასე ველოდი. ის 5 წუთი, რასაც ასე ხშირად წარმოვიდგენდი მთელი ჩემი ბიტლომანური ცხოვრება: დავრეკე და ვიყიდე, დიახ დიახ, ვიყიდე კონცერტის ბილეთი! თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ეს რა ნეტარებაა, როდესაც ცოტა მონგრეული ინგლისურით ვიღაც ბატონი გაუბნებათ: Thank You Sir! You have just bought a ticket for Sir Paul McCartney’s Concert! Wish you a nice evening!..გაიგეთ?! ბილეთი გაქვსო! და აბა შენ იცი! ისიამოვნეო! ისიამოვნეო! სასაცილოდაც არ მეყო..იმას არ მოვყვები მერე რა ანომალიური მოვლენები დამეწყო მთელი დღე! განა იმიტომ, რომ მერიდება ან არ მინდა ასე სახალხოდ მოვყვე?! აარა, უბრალოდ არც კი მახსოვს…

ამის მერე დაიწყო ყველაზე რთული პერიოდი. კვირების, დღეების, საათების თვლა. თვლა აუღელვებლად, წყნარად და მშვიდად.

ასე ნელ-ნელა მოდიოდა 3 დეკემბერი. და როგორც ყველაფერი კარგი, ეს ლოდინიც ძალიან მალე დამთვარდა. წინა ღამეს არ მეძინა: მე ხომ სულ რაღაც 24 საათში ჩემს ყველაზე დიდ ოცნებას ავისრულებდი, და ამასთანავე, ჩემს ყველაზე დიდ ოცნებას გამოვეთხოვებოდი. სულ რაღაც 24 საათში გავიგებდი, როგორი იქნებოდა ცხოვრება ოცნების გარეშე…

ნუ მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, როგორც იქნა დადგა ეს 3 დეკემბერიც, მოვითავე მაინც და მაინც იმ დღეს დანიშნული გამოცდა, გავემზადე, ჩავიცვი ჩემი ბიტლზის მაისური, და ჩემს ორ თანამგზავრთან ერთად გავემართე ბერლინისკენ. ისე როგორ იქნებოდა, რამე გაუთვალისწინებელი არ მომხდარიყო იმ დღეს. ინებეთ: მატარებელი რომელიც მთელი მისი არსებობის მანძილზე, მას შემდეგ რაც კაცობრიობამ რკინიგზა გამოიგონა, მას შემდეგ, რაც გერმნელმა ერმა რკინიგზის გამოყენება დაიწყო, ყოველთვის პირდაპირ მიდიოდა ბერლინში. იმ დღეს კი რაღაც დაემართა, შუა გზაში გაჩერდა, სადღაც ჩამოგვსვა და მეორე მატარებლის მისასწრებად გვარბენინა. მაგრამ ესეც კი ტკბილად მახსოვს..

რაც უფრო მეტად ვუახლოვდებოდი აღქმულ მიწას, მიწას კი არა და, დარბაზს, მით უფრო მიწევდა სიცხე, წნევა, შაქარი, ჰემოგლობინი, როე, პროთრომბინი, და ყველაფერი დანარჩენი. ნელ ნელა ვხვდებოდი ხალხს საკონცერტოდ გამოწყობილს, ყველა ასაკისას, ყველა სქესისას, რასის, აღანოგობის, გონებრივი შესაძლებლობების, თვალის ფერის, ფეხის ზომის, თმის ფერის…ნელ ნელა ჩნდებოდა პოსტერები, რეკლამები..აჰმ, ახლოვდება..ახლოვდება..აი დარბაზიც, ხალხი, ბევრი ხალხი… ამდენი ბიტლომანი ერთად, ამდენი გამოცდილი ბიტლომანი ერთად, ამდენი ხანში შესული და ახალგაზრდა ბიტლომანი ერთად არასოდეს მინახავს. და მათ ყველას ერთი რამე აერთიანებს, მათ იციან ის რისთვისაც იქ მივიდნენ. მათ იციან რატომ მივიდნენ იქ და რა უნდათ!

გიჟივით ჩავაბარე მოსასხამი, ქუდი, ხელთათმანები, ყველაფერი ზემდეტი მოკლედ, და გავემართე დარბაზში ჩემი ადგილის დასაკავებლად. ბევრი ხალხი, ხმაური, ტექნიკოსების ბოლო შტრიხები, ყველაფერი მზადაა. მალე გამოვა ის და აი მერე აღარ ვიცი მე რა დამემართება. ალბათ ის, რასაც ერთი ჩემი მეგობარი ვარაუდობდა, ანუ უნებლიე შარდვა!

Good Evening Berlin!
მერე იცით რა მოხდა? დარბაზი ჩაბნელდა! სცენა აინთო, და…და…და სცენაზე გამოვიდა სერ პოლ მაკკარტნი. ეხლაც მაჟრიალებს და მაშინ ალბათ დაბუჟებული მქონდა მთელი სხეული. პირდაპირ ყველანაირი მისალმების გარეშე პირველი აკორდი, მეორე, მესამე, Magical Mystery Tour! ოჰ რა ემოცია იყო, სიტყვებით ამის გადმოცემა წარმოუდგენელია. Drive My Car, Jet, და ეს მე ვიყავი ჩემს რელიზებულ ოცნებაში. მე ვიყავი იქ, სადაც სულ პატარაობიდან წარმომედგინა ჩემი თავი, ვიყავი ზუსტად ისე, როგორც წარმომედგინა (ერთადერთი იმ განსხვავებით, რომ პენი ლეინი არ იმღერა). ვიყავი პროცესში, როდესაც განვიცდიდი იმას, რაც არასოდეს განმიცდია!!! არანაირი რაციონალური არ იყო მაშინ ჩემში, ვმღეროდი მთელ ხმაზე, ისე როგორც შემეძლო, რაც შემეძლო, არ მაინტერესებდა რომ ჩემს წინ ცოტათი ასაკიანი ქალბატონი იჯდა, და შემთხვევით ხელი ვთხარე პირდაპირ თავში, და შეცბუნებულმა რომ გამომხედა მე გვერდზე გავიწიე, ისე რომ იმ ქალს ეჭვი ჩემს გვერდზე მდგომ ვიღაც გერმანელზე აეღო. სულ არ მაინტერესებდა რას იზამდა, ან რას იტყოდა! Blackbird, My Love, Band on The Run, Live and Let Die, არაამქვეყნიურობა იყო. ეს კიდევ არაფერი, Let It Be-ც კი თავიდან აღმოვაჩინე! მერე დაიწყო ჰეი ჯუდი! ეს ნამდვილად ღვთაებრივი მუსიკაა! მთელი დარბაზი მღეროდა, ხან ცალკე კაცები, ხან მარტო ქალები, ხანაც ერთად, სერ პოლი კი სცენიდან დირიჟორობდა. ყველაფერ სიკეთესთან ერთად, ორი ე.წ. Extended Jam-ი ჰქონდა, რაც დამატებით ხიბლს ძენდა ყველაფერს რაც იქ ხდებოდა. ოოხ, რა ახალგაზრდა იყო პოლი თქვენ ვერც კი წარდმოიდგენთ. აბა სხვანაირად Only Mama Knows-ს როგორ იმღერებდა. შემდეგ მიაყოლა Let Me Roll it/ Foxey Lady outro, Highwaყ, Long and winding road, (I Want to) Come Home – სხვათაშორის ამ სიმღერის პრემიერა იყო მაგ ტურის დროს, My Love, Blackbird – რომლის შესრულების დროსაც რომელიღაც აკორდი შეეშალა, რა თქმა უნდა შეიმჩნია, და რა თქმა უნდა ყველამ გაიგო და ისიც რა თქმა უნდა, ბოლოს იმ ტონალობაში დაამთავრა, რომ აკორდი გასწორებულიყო. :D. ლენონის და ჯორჯისადმი მიძღვნილი Something და A Day in the life/Give Peace a Chance. რომ ვიხსენებ/ვუყურებ სიმღერების ჩამონათვალს, რომელიც იმ დრეს იმღერა, მინდება სათითაოდ დავწერო თითოეულზე რა ემოციას ვგრძნობდი. მაგრამ ძალიან გამიგრძელდება. მითუმეტეს რომ I’ve got a Feeling-ზე და Ob la Di, Ob la Da -ზე ცალკე პოსტის დაწერა შემიძლია. ამ ყველაფრის გვირგვინი იცით რა იყო? ვერ გამოიცანით! Helter Skelter!!! დარწმუნებული ვარ იცოდა სერ პოლმა დარბაზში რომ ვიყავი და ეს სიმღერა მე მომიძღვნა! სხვა ვარიანტი არ არსებობს. პირველივე აკორდებიდანვე, სიგიჟე, სიხარული, აღტაცება, თავისუფლება, გაუგებრობა, არეულობა, ქაოსი, სიყვარული, მეგობრობა, ძმობა, ერთობა, ყველაფერი თავის პიკს აღწევს. და ჰარმონიულად გადადის Sgt. Peppers/The End-ის ნაწილზე. კონცერტის ბოლო!

კონცერტის დასრულების შემდეგ, სრულიად დადუმებული ვიყავი, და არ შემეძლო ყველაზე მარტივი წინადადების ნორმალურად დალაგებაც კი. უბრალოდ ლაპარაკის თავი არ მქონდა. არც ყინვაში მატარებლის ლოდინი მახსოვს და არც ის, სახლში როგორ მოვედი. მას შემდეგ, დიდი ხნის მანძილზე, რამდენიმე კვირა ალბათ, ბიტლზისთვის საერთოდ აღარ მომისმენია. არაფრისთვის არ მომისმენია. არ ვიცი რატომ. უბრალოდ არანაირი მოთხოვნილება არ მქონდა მუსიკის.

ეს ყველაფერი მეორე, მეათე და მეათასშვიდასსამოცდამერვეხარისხოვანია! იმ დღეს მე ხომ ჩემს მთავარ ოცნებას გამოვეთხოვე!

პ.ს. დიდი ხანი ვერაფრით მოვიფიქრე რა დამერქმია ამ პოსტისთვის.

დეკემბერი, 2010 © გ.დ.

მე – ბიტლომანი

რას ნიშნავს უსმენდე ბიტლზს და თავს თვლიდე ნამდვილ ბიტლომანად? რთული შეკითხვაა და ეჭვი მაქვს პასუხის მრავალი ვარიანტი ექნება. გააჩნია ვინ როგორ აღიქვამს ბიტლზს. ის ვიღაცისთვის შეიძლება იყოს უბრალოდ მუსიკა, ვიღაცისთვის ის ოთხი ვიღაც ტიპის ჯგუფია, სხვებისთვის ლეთ ით ბი და იესთერდეი-ა, შეიძლება ვინმესთვის საერთოდაც არაფერი არ არის. (რას ვიზამთ, ესეც არ არის გამორიცხული). სინამდვილეში კი, ბიტლზი ძალიან ბევრი და ძალიან დიდია. (მგონი)

ვინც მე მიცნობს, კარგად თუ არც ისე კარგად, ალბათ ცოტათი მაინც იცის რას ნიშნავს ჩემთვის ბიტლზი. ბიტლზი ეს არის ჩემი ცხოვრების თითოეული ეტაპის ფონი. ბიტლზი ეს არის ჩემი ბავშვობა. ჩემი ბავშვობის ყველა ეტაპი დაკავშირებული იყო და არის მათთან. რომ დავფიქრდე, ზუსტად ვერ გეტყვით როდის დავიწყე ბიტლზის მოსმენა, ამიტომაც მგონია, რომ რაც დავიბადე მას შემდეგ აზრიანად თუ გაუცნობიერებლად ბიტლზს ვუსმენ. ეს რა თქმა უნდა ჰაერიდან არ მოსულა: რომ არა დედაჩემი და თოთოობის დროს გაუცნობიერებლად რეი ჩარლზის, ბიტლზის თუ აბბა-ს ფირფიტების მოსმენა, ალბათ დღეს ბრიტნის სპირსის და ბექ სთრით ბოიზის სურათები მექნებოდა კედლებზე გამოჭენებული. რომ წამოვიზარდე, ბიტლზმა უკვე სხვა, ბევრად უფრო ფართო დატვირთვა მიიღო. საბედნიეროდ, გაუგებარი მიზეზების გამო (და ეს დღემდე ვერ ამიხსნია რატომ მოხდა ასე) არ გავხდი საფეხბურთო კლუბ ლივერპულის გულშემატკივარი. და თავიდანვე, ისევე როგორც მუსიკაში, ფეხბურთშიც ჭეშმარიტების გზას დავადექი.

ინგლისურის სწავლის და ყურის მუსიკალურად განვითარების გარდა სხვა ბევრი ფაქტორიც იყო იმისთვის, რომ ამ ჯგუფს განსაკუთრებული სტატუსი და ადგილი ჰქონოდა ჩემთს ცხოვრებაში. ეს მუსიკა მასვენებდა, მაძლევდა განწყობას სამეცადინოდ, დასაძინებლად, საჭმელად, ქუჩაში გასასვლელად. მოკლედ ძალიან ბევრი რამისთვის. მაგალითად, მშვენივრად მახსოვს ჩემი აბიტურიენტობის ხანას რომელი ალბომები და რომელი სიმღერები უკავშირდება. რომელი სიმღერები იყო აქტუალური არდადეგებზე, ახალ წელს, საღამოს, დილას, ძილის წინ, გზაში. აბაზანაშიც კი. ისეთი მომენტებიც იყო, როდესაც ვკითხულობდი, ვუყურებდი და ვუსმენდი ყველაფერს რაც ამ ოთხეულს უკავშირდებოდა, და მიხაროდა, რომ უფრო და უფრო მეტ რაღაცეებს ვიგებდი. ჩემი პრეზენტაციების და საშინაო დავალების ესეების არც თუ ისე იშვიათი თემა იყო ხოლმე ეს ჯგუფი. მეტსაც გეტყვით, ისეთი დღეებიც ყოფილა, და არაერთხელ, როცა უკლებლივ ყველა ალბომისთვის მომისმენია მიჯრით. 250 სიმღერის ერთმანეთის მიყოლებით მოსმენა ერთი სიამოვნებაა დამიჯერეთ!:) ყველაფერ სიკეთესეთან ერთად, ჩემს გარშემო მყოფებზეც ვზრუნავდი, და დღეს ძალიან მიხარია და საოცრად თვითკმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩემი ძვირფასი დაიკოც (და არა მარტო ის) დავაყენე ჭეშმარიტების გზაზე, (მეტნაკლებად მაინც :D) და იმედია ამ გზას აღარ აცდება და ემინემს და ლედი გაგას არ მოუსმენს მომავალში. იმედია! 😀

ჩემი ბიტლომანობის პერიოდი ორად იყოფა: ოცნების და “დაღვინების” პერიოდებად. ოცნების ხანა მოიცავს პერიოდს დაბადებიდან 2009 წლის 3 დეკემბრის საღამოს 8 საათამდე, ანუ მანამდე სანამ სერ პოლ ჯეიმსის ძე მაკარტნის ცოცხლად მოვუსმინე (თუმცა ეს სხვა თემაა, და მალე იუბილე უწევს ამ თარიღს და ვრცლად იქ დავწერ ყველაფერს), და მეორე ხანა: 3 დეკემბრიდან დღემდე.

მიყვარს უკლებლივ ყველა სიმღერა, ყველა ალბომი, ოთხეულის ყველა გამოჩენა, ჭორი და ყველა ინტერვიუ. მაგრამ…

ერთი დიდი მაგრამ არსებობს: ძალიან ბევრი ბიტლომანისგან განსხვავებით, ჩემთვის ჯონი, პოლი, რინგო და ჯორჯი საერთოდაც არ არიან ავტორიტეტები მუსიკის გარეთ. მუსიკაში ისინი ჩემთვის ერთადერთები არიან, და თუ მუსიკის ღმერთი არსებობს, მაშინ ის ლივერპულიდანაა ნამდვილად. მაგრამ მის გარეთ…

მაგალითად, არ ვარ ჯონის თანამოაზრე მის ათეისტურ იდეებში (ვერც ვიქნები), ხშირად არც პიროვნული თავისუფლების “გიჟ-მაჟურ” იდეებს ვემხრობი. არც მისი ცხოვრების სტილი მომწონდა დიდად, და არც ელესდე მიმაჩნია მუზის წყაროდ. რა ვქნა მაგრამ ვერ გავხდები მეც ვეგეტარიანელი მხოლოდ იმის გამო, რომ სერ პოლი ხორცს არ ჭამს. მისი ხათრით, ვერც კეტებს ჩავიცმევ შარვალ-კოსტუმზე. პოლის ხათრით რომ არც ევერტონს არ ვუგულშემატკივრებ, მაგას უკვე მიხვდით ალბათ ხო? ანდა საერთოდ რა საჭიროა? ჯერჯერობით (და არც არასდროს) არ ვაპირებ ინდოეთში ვინმე მააჰარიშთან მედიტაციაზე სირბილს, და ნირვანას ლოდინს. ნუ პრინციპში, არც დიდი ბეჭდების გაკეთება მიზიდავს :D.

მთელი თაობები სამოციან წლებში და მას შემდეგაც, ცდილობდნენ დამსგავსებოდნენ ბიტლზს. ბევრი თავის ინდივიდუალიზმს კარგავდა, და ხშირად მასა ერთნაირად გაშვებულ შარვალში, ბიტლომანურად შეკრეჭილი თმებით და ერთი და იგივე ლექსიკით და მანერებით გამოირჩეოდა. ყველა ერთნაირი იყო. ყველას ერთი აზრი ქონდა. ყველას მსგავსი პოლიტიკური შეხედულებები ქონდა. ყველამ ერთი ხელის მოსმით შეიცვალა ცხოვრების სტილი და ღირებულებები. (ეს რა თქმა უნდა, სხვას თუ არაფერს, ბიტლზის სიდიადეს და მნიშვნელობას ნამდვილად უსმევს ხაზს) რაღა დაგიმალოთ, და მე არც ანარქისტობისკენ მიბიძგებს მათი მუსიკა, არც ანტიკონსერვატიზმისკენ, არც ერთი სახელმწიფოს და ერთი რელიგიის იდეა მხიბლავს და არც ტიტველი ვაპირებ ინტერვიუების მიცემას! 🙂 მე საერთოდ პირიქით მგონია: ბიტლზი ინდივიდუალიზმს ქადაგებდა, რაზეც ჩემი აზრით მათი რამდენიმე კონცეპტუალური ალბომი და სიმღერაც მიანიშნებს.

მეორეს მხრივ, ჩემი ერთი „კოლეგა“ ბიტლომანისთვის ნამდვილი ბიტლომანობა მათ იდეურ თანამოააზრეობასაც გულისხმობს და ბიტლომანობის განუყოფელ თუ არა, ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს. მასაც, ჩემზე მეტად თუ არა, ნამდვილად არანაკლებად უყვარს ბიტლზი. და შესაბამისად იმის განსაზვრა, თუ რას ნიშნავს იყო ნადმვილი ბიტლომანი, ან როგორი უნდა იყოს ნამდვილი ბიტლომანი, ცოტა რთულად მეჩვენება და ამის დეფინიცია ბოლოს მაინც სუბიექტური ხდება ძალიან.

ამიტომაც, ყველაფერს ჯობია, უბრალოდ დახუჭოთ თვალები, life is easy with eyes closed , როგორც ერთმა ცნობილმა სათვალიანმა კაცმა გვითხრა, გადაეშვით Magical Mystery Tour -ში, იმოგზაურეთ ყვითელი წყალქვეშა გემით across the universe და აღმოაჩინეთ თქვენი საკუთარი ოქროსფერი ოცნებები!

დასასრული!

პ.ს. ჩემი პირველი ბიტლომანური პოსტი!

ნოემბერი 2010 © გ.დ.