Imagine სხვა საქართველო…

ამ გაგანია კომპრომატების ომის დროს მეც ჩამივარდა ხელში 2086 წლის ერთ-ერთი ქართული გაზეთიდან მასალა. ტან ტარარა რაა რაააა! მას უცვლელად გთავაზობთ:

“შემოდგომაა. სექტემბრის ბოლო, ჰაჰა ოქტომბერი. უკვე აღარავის უკვირს რომ თბილისში რამდენიმე თვეა გადაბმულად “ჯოს ჯოს ჯოს” ძახილი აღარ ისმის, და “ბესო წადი”-ს აღარავინ ყვირის. ეგეთებიც ხდება.

ტრადიციულად, დაიწყო თბილისის ხუთასსამოცდამეჩვიდმეტე თეატრალური ფესტივალი. კულტურული ცხოვრება ჩქეფს და მოჩქეფს ქალაქსა შინა. უამრავი ქვეყნის დასი ჩამოვიდა მონაწილეობის მისაღებად. მათ რიგებში იყო ალექსანდრ დუგინის სახელობის მოსკოვის დრამატული თეატრის დასიც, რომელმაც დიდი ძალისხმევის, ხვეწნის და მუდარის შემდეგ მოიპოვა ფესტივალში მონაწილეობის უფლება. ჩამოიტანეს ვინმე ტაბაკოვის თუ ვიღაცის სპექტაკლი, და როგორც აფიშიდან ვიგებთ მასში ვინმე ბეზრუკოვი, თუ ბერზუკოვი, თუ ბერეჟნიკოვი მონაწილეობს. სტაჟიანი მაყურებლები აღტკინდნენ, გაიხსენეს რა მისი როლი ისეთ კლასიკაში როგორიც არის “ბრიგადა”. თან გამოხედვაც მაგარი აქვს. მასკვა სლიზამ ნი ვერიტ კი არა და, აი მეორე რომ არის რაღაცა ეგეთი, სხვა ქალაქში რომ მოხვდება მთვრალი ახალ წელს, აი მაგის მეორე ნაწილშიც თამაშობსო ამბობენ მავანნი. მოკლედ ჯიგარსონაა რა.

მოვიდა ამ ბერეჟ-ვიღაც-ნიკოვის გამოსვლის დღეც. რუსული დასია, უმრავლესობას არც რუსული დასი ეხატება გულზე, არც რუსული სპექტაკლი. მხოლოდ რამდენიმე გადარეული მივიდა ცრემლმორეული თვალებით, და კიდევ თეატრის რამდენიმე მოყვარული, შევხედოთ ერთი რა არისო. დაიწყო სპექტაკლი, რამდენიმემ დარბაზი მსვლელობის დროს დატოვა, კიდევ რამდენიმემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო როცა ვიღაც მსახიობმა გამომწვევად, ქართულად წარმოთქვა “ნახ-ნახევარიო” და ასევე გამომწვევად ჩაიღიმა. მოკლედ, სპექტაკლის ბოლოს დარბაზში იმ რამდენიმედან კიდევ უფრო რამდენიმე კაცი დარჩა. რუსები გაბრაზდნენ, ნას სავსემ ნი უვაჟაიუტო, არაყი დალიეს და წავიდნენ. წავიდნენ უკან სსრკში. ყველაფერთან ერთად იმაზეც აღშფოთდნენ, რომ მეორე დღეს ჯონი მაკკეინის სახელობის ტრაგიკომედიის თეატრის დასისა და ბეოვულფის სახელობის ნატოს შტაბბინასთან არსებული პანტომიმის თეატრის მსახიობების წარმოდგენები სრული ანშლაგით წარიმართა.

რუსთა აღშოთებას ისიც დაემატა, რომ მასკვაში საკონცერტო დარბაზ მასკოვსკაიში გამოსვლაზე გადატვირთული გრაფიკის გამო უარი თქვა ნაციონალური ცეკვების ანსამბლმა “რუხიშვილებმა”. თან ეს იმის ფონზე, რომ მოსკოვში და როსტოვში ქართული რესტორნები მეპატრონეებმა დახურეს და “ზაბეგალოვკები” ჩრდილო კორეასა და ლუქსემბურგში გახსნეს.

მოკლედ ესე რა, აღშფოთებულები არიან ისინი, და როგორც ფედერაციის კულტურის მინისტრი აცხადებს, დასანანიაო რომ საქართველოს ასე აღარ ვუნდივართო. ისიც თქვა, რომ რა არიო ესაო, რუსი ტურისტები ჩადიანო, და სერვისი სულ ინგლისურად და იმპორტულ ენაზე არისო, ჩვენ კიდევ გრუზინები “свои человек“- ები გვეგონნენო. გავლენას ვკარგავთო, სკოლებში ბლოკის ლექსებს აღარ აზუთხინებენო, და პუშკინის და კუტუზოვის ქუჩებიც არსად არისო. შტო ზა ბიზაბრაზიეო, დააყოლა ბოლოს მინისტრმა და სიბნელეში გაუჩინარდა”.

წარმოგიდგენიათ?!

© გ.დ. 2012

Advertisements

რუსულის გაკვეთილები ანუ ვენდოთ თუ არა „მეგობარს“

I ნაწილი

პოსტის დასაწყისში გამიზნულად არ დავწერ ჩემს სუბიექტურ მოსაზრებას, ჩემს აზრს არ გამოვთქვამ, და მითუმეტეს არც რაიმესკენ მოგიწოდებთ. ამას სპეციალურად გავაკეთებ, რომ პოსტის წაკითხვის წინ თქვენზე რაიმე ქვეცნობიერი გავლენა არ მოვახდინო. მე რამდენიმე ფაქტს ჩამოვწერ, და მერე ერთ კითხვას დაგისმევთ.

ყველაფერი 1783 წელს დაიწყო.თუმცა მანამდე იყო 1722 წელი…

ფაქტი N1: 1722 წელს მეფე ვახტანგ VI-მ მფარველობა სთხოვა პეტრე დიდს. პეტრე დიდმაც კი რა თქმა უნდა, თქვენ შემოგევლოთ ჩემი დარჩენილი სიცოცხლეო, ჩვენც გაგვიხარდა. თუმცა საბრძოლო დახმარების საჭიროება რომ გაგვიჩნდა, მიგვატოვა. კერძოდ, ამავე წელს პეტრე და ვახტანგ VI შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად გაუმართავდნენ ომს სპარსეთს. ვახტანგმა 40 000-იანი ლაშქარი შეკრიბა. თქვენ წარმოგიდგენიათ 40 000 კაცის შეკრება რამხელა ძალისხმევის შედეგია დაქუცმაცებული და გაძვალტყავებული ქართული სამეფოსთვის? ჩავიდა მეფე განჯაში საბრძოლო განწყობით, მაგრამ რა მოხდა აბა გამოიცანით? დიადმა პეტრემ თავი არ შეიწუხა აქ ჩამოსვლით, შეატოვა ჩვენი ლაშქარი მტერს, რომელმაც რაღა თქმა უნდა არ დაგვინდო, და დესერტად თბილისიც გადაგვიწვა.
დასკვნა: ვახტანგი ენდო პეტრეს, და საბოლოოდ სადაც დაასრულა სიცოცხლე მანაც და საქართველომაც ძალიან კარგად ვიცით.

ფაქტი N2: „რუსული სული, ქართული ხორცი“ ანუ 1760-70-იანი წლები. ერეკლე II სერიოზულად დაფიქრდა რუსეთთან მეგობრობაზე, თან რუსეთი ოსმალეთთან ომში ჩაერთო, და დაჭირდა საქართველო. იკაწირინამ გამოაგზავნა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ტოტლებენი, მიეხმარეო და წააქეზე ეგ გრუზინებიო. ეს ფარულად, თორემ ჩვენ გვითხრა, რომ ჩვენს დასახმარებლად სამხედრო ძალასაც კი არ იშურებდა მისი აღმატებულება მატუშკა რასია. ჩვენც ვენდეთ: ჯერ შორაპნის ციხეს შემოვარტყით ალყა, სოლომონ I-მა და გენერალმა ტოტლებენმა, თუმცა ამ უკანასკნელმა მოულედნელად ალყა მოხსნა და სადღაც გაიქცა. სოლომონიც შეცდა! ჯერი ერეკლეზე იყო. მეფემ მიიღო რა ტოტლებენის კაცური სიტყვა, შეუტია სამცხეს. რა მოხდებოდა ადვილად მიხვდით ხომ? ტოტლებენი აქედანაც გაიქცა. თან სად? უკან კახეთში, და სანამ ერეკლე ასპინძასთან ჩვენთვის ისტორიას წერდა, რუსი კახეთში მოსახლეობას იმპერატორის ერთგულების ფიცს ადებინებდა. ასპინძასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ერეკლე სასწრაფოდ გამობრუნდა უკან. ტოტლებენი ჩვეული ეშმაკობით ისევ გაძვრა და სოლომონთან დაბრუნდა იმერეთში. იქაც განაგრძო „ვაჟკაცობა“ და მეფესთან შეუთანხმებლად დაიწყო სხვადასხვა ციხეების აღებაზე ზრუნვა. სოლომონი გაბრაზდა, და ბოლოს იმას მაინც მიაღწია რომ ამოკრა უკანალში რუსებს და იკაწირინას გააწვევინა თავისი სამხედრო ნაწილი უკან.

ამის მერე, სოლომონის გენიალური სტრატეგიული ხედვის წყალობით გაბრაზებული თურქები ერთი-ორჯერ მასშტაბურად გავანადგურეთ (მაგ: ჩხერთან). ამასობაში რუსეთ-ოსმალეთის ომიც დასრულდა, იმერეთი არც მეტი არც ნაკლები რუსეთმა, ერთმორწმუნე მეგობარმა, ისევ ოსმალებს გადასცა, თან ჩვენზე გაბრაზებულ ოსმალებს.

ფაქტი N3: ერეკლე მეორეჯერ ენდო რუსეთს და ქართლ-კახეთის მფარველობაში მიღება სთხოვა იმპერატორს, რაც უმალ დაკმაყოფილდა. გეორგიევსკის ყველაზე საშინელი პუნქტი იყო ის, რომ ქართველებს ეკრძალებოდათ, ხაზს ვუსვამ, ეკრძალებოდათ, საგარეო პოლიტიკს გატარება. პლუს ამას, თუ იმპერატრიცას მოეპრიანებოდა, აქ ჩააყენებდა რუსულ არმიას. (!). თუ საქართველოს ვინმე გაბედავდა და შემოუტევდა, რუსეთი დაგვიცავდა და ჯარს მოგვახმარდა. რა გასაკვირია და მალე დადგა ამის საჭიროებაც: კიდევ ერთხელ გაბრაზებულმა თურქეთმა 20 000-იანი ჯარი დაგეშა და გამოუშვა, გავნადგურდით, თან რუსეთის დახმარების გარეშე.
აღა-მაჰმად ხანი გაბრაზდა, ძალიან გაბრაზდა, და ერეკლეს შემოუთვალა, გონს მოეგე და რუსებს მოშორდიო. ერეკლემ უპასუხა არაო, ვერ მოგართვიო. ხანმაც კარგიო და დაიძრა. კრწანისში რაც მოხდა კი იცით. სად იყვნენ რუსები? უკვე მხოლოდ მათი კეთილი ნების იმედად არ ვიყავით, ტრაქტატი რაღაც რაღაცეებს ავალდებულებდათ. მაგრამ…
დასკვნა: ვენდეთ და კიდევ შევცდით!

ფაქტი N4: 1800 წ. – ოკუპანტი რუსეთი! პავლე პირველი ადგა და პირდაპირ უცერემონიოდ დაარღვია ტრაქტატი, და ცალმხრივად გააფორმა ქართლ-კახეთის რუსეთთან მიერთების ხელშეკრულება. (თუ რაც იყო). თან იგრძნობოდა რაოდენ დიდ პატივს სცემდნენ ჯერ კიდევ მაშინ გრუზინებს: ამ დოკუმენტის შესახებ არაფერი არ უთხრეს არც მეფე გიორგი XII-ს, და არც ვინმე თავადებს. თავისთვის მოსხდნენ იქ სადღაც პეტერბურგში, გადაკრეს ერთი ორი ჭიქა, და „მიგვიერთეს“. მერე დაელოდნენ ყველაზე კარგ მომენტს, ისეთს კარგად რომ გამოჩენილიყო რაოდენ არარაობანი ვართ მათთან შედარებით, სიონში შეკრებილი თავადები ალყაში მოაქციეს, და სიყვარულით დააფიცებინეს რუსეთისადმი მონობა. აჰ მთავარი დამავიწყდა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა შეშფოთება გამოთქვეს.

Resistance?

Resistance?

ფაქტი N5: რა მივიღეთ დასტაევსკის სამშობლოსგან? ქართლ-კახეთის სამეფოს უეზდებად დაყოფა, მმართველებად ისპრავნიკების დანიშვნა, სასამართლოს რუსულ ენაზე წარმოება, ბაგრატიონების დევნა-გადასახლება, დედოფლის სასახლეში შეჭრილი რუსი გენერალი, დასავლეთ საქართველოს ანექსია და სამთავროების გაუქმება, „ელიზნაურის ტრაქტატის“ დადება და მერე დარღვევა რუსების მხრიდან, სამეფო გვარის შთამომავლების დახვრეტა, აჯანყებულების სრული განადგურება, ერთმორწმუნე მეგობრის მეგობრული ჟესტი და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება (!) (ნაბიჯი რომელიც ყველაზე მონდომებულმა მტერმაც ვერ განახორციელა, ვერც მონღოლმა, ვერ თურქმა და ვერც სპარსმა), საკათალიკოსოების მოსპობა, წირვის რუსულ ენაზე ჩატარება, რუსი ეგზარქოსების ჩამოთრევა, საეკლესიო ქონების რუსების ხელში გადასვლა, ისტორიული მნიშვნელობის ქონების რუსეთში გაზიდვა, დარჩენილის განადგურება, ფრესკების და ხელნაწერების წაბილწვა, ლუარსაბიზაცია, სამხედრო გზის მშენებლობის დროს გამათრახებისგან დახოცილი ქართველი გლეხები, ენის გაუპატიურება (ტუფლი, ვანა, კასტრული და სხვანი), ილიას მკვლელობა, საბჭოთა ოკუპაცია, ინტელიგენციის დახვრეტა, 1937 წელი, ავტონომიების შექმნა, სტალინი, რეპრესიები, ყველაფერი ქართულის დევნა, (აქ დარწმუნებული ვარ ბევრი არგუმენტად სუხიშვილებს, ბორჯომს, მანდარინს, ჩაის, ლიკანის სამეფო რეზიდენციას, და სხვა სისულელეებს მოიყვანს, ნუ შეწუხდებით), რუსული კულტურის „საკუთარ“ კულტურად აღქმა, ალა პუგაჩოვა, ყველაფერი რუსულის უპირატესად აღქმა, რუსული ტელევიზია, რუსული შანსონი, რუსული გაზეთი, რუსული ენის სილამაზის გამძაფრებულად დაცვა, ნატაშა და უნახავი ქართველისთვის რუსი ქალის მითი, გართობა, ღრეობა რუსულად, პუშკინის და კუტუზოვის ქუჩები, 9 აპრილი, ნიჩბები, ტანკები, ასლან აბაშიძე, პრეზიდენტის მკვლელობა, ედიკა და მისი ქურდების შპანა, სიბნელე, გაუნათლებლობა, ჩამორჩენილობა, უკულტურობა, ბომჟობა, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომები, სამოქალაქო ომი, გალის რაიონი, 2008 წელი, დაბომბილი საქართველო,რუსული ბომბები ფოთში, ზუგდიდში, სენაკში, გორში, სატვირთო თვითმფრინავებით გამოყრილი ქართველები, ძაღლურად აკრძალული ქართული პროდუქცია, (იმათი გამკვირვებია, ვინც მათხოვრულად თვალებში შესციცინებს რუსს, და ელოდება როდის დაუშვებს ქართულ ღვინოს რუსულ ბაზარზე. დარწმუნებული ვარ მადლობის გადახდაც არ მოერიდებათ), ქართველის მიმართ ბატონყმური დამოკიდებულება („ვის რაში ჭირდება თქვენი ბორჯომი, თქვენ იდარდეთ მშივრები დაიხოცებით ჩვენს გარეშე, ჩვენ რა“), ორი რუსეთის მითი, პუტინი ცუდია – ხალხი კარგია, ამერიკის მტრად წარმოჩინება, (უკულტუროები, ჰამბურგერის სამშობლო, გარყვნილები, უისტორიო ხალხი, ფუუ! ესეც ჩვენი ცოტა გაუნათლებლობის ბრალი),თინა კანდელაკი, სოსო პავლიაშვილი,პრიმაკოვი, ზურაბ წერეთელი, მიმინოს ძეგლი, იკაწერინა ანდრეევნა, კავეენი და კავეენის ხუმრობები გრუზინებზე, ყანობა, ბოსტანი და ყველაფერი სიბნელე.

და ყოველივე ამის მერე რატომ უნდა იფიქრო ადამიანმა რომ რუსეთთან მეგობრობა საქართველოსთვის კარგია და საჭირო? ასწორებს ლუარსაბის პოზა?

End of Part One.

ნოემბერი, 2011 © გ.დ.

„პოლე ჩუდესი“ და ქართული ტელებორბლები

საუცხოო გადაცემაა „იღბლიანი ბორბალი“. ჯერ ერთი დავიწყოთ იქედან, რომ ქართულ ტელევიზიებს კრეატივში ძალიან უჭირთ, უჭირთ რა, საერთოდ არ აქვთ. მათი აზროვნება და ინტელექტი მხოლოდ „მაფიოზობანას“ თუ წვდება. დანარჩენს კი სხვადასხვა მეზობელი ქვეყნების სატელევიზიო იდეებით ინაზღაურებენ. რაღა მეზობელი ქვეყნების, ერთი მეზობლის სატელევიზიო სივრცე გადმოაქართულეს ლამის მთლიანად. თან იმ მეზობლის, რომლის გინებაშიც არიან დღე და ღამე, და რომელთანაც მტრული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ იდეაში. ამას თავი რომ დავანებოთ, გადმოაქვთ ყოვლად უაზრო, ვადაგასული, მდაბიო და უხარისხო იდეები. ჯერ სად ხართ! ამ ყველაფერს ზედ დავუმატოთ ისიც, რომ ამ საზიზღარ გადაცემებს ყოვლად უგემოვნოდ აკეთებენ. ხომ გეუბნებოდით საუცხოო გადაცემაა იღბლიანი ბორბალი თქო!თქვენ კიდევ არ მიჯერებდით! „პოლე ჩუდეს“-ი ვისაც არ გახსოვთ, თქვენთვისვეა უკეთესი, აი ვისაც გახსოვთ, ისინი დამეთანხმებით ალბათ რა კრეტინობაა ეგ გადაცემა: ააღარც სასაცილოა (თუ იყო როდისმე ეგეც საკითხავია), არც გასართობია, და არც შემეცნებითი, არც იაკუბოვიჩის ულვაში წარდმოადგენს რაიმე ღირებულებას და არც დანარჩენი. თუმცა ვიღაცას თავში მოუვიდა იდეა, და გვჩუქნის ყოველ ოთხშაბათს ამ დაუვიწყარ სანახაობას. ფონად რა გასდევს ამ ყველაფერს: დუტას უკბილო და გამაღიზიანებელი ხუმრობა-ღადაობები, სტუდიაში საჩუქრად მიტანილი მჟავე კიტრის მწნილი, წამყვანის სხვადასხვა კილოზე მოქცეული ლაზღანდარი, შორენას (!!!) დაყენებული გაპრუწული მეტყველება სრულიად იდიოტური რეპლიკებით (როგორიცაა „ხო კარგად ხარ?, 2 ლარი არა გაააქ? ხო მაქ უიმეეეეე!“) და დუტას და შორეს ერთმანეთში არშიყი. ღირებულება – 0, ესთეტიური სიამოვნება – 0, ტელევიზორის ყურების გაგრძელების სურვილი – 0, ხალისი – 0. თან წინა კვირას აღმოვაჩინე, რომ ამ გადაცემის ავტორებს ჰგონიათ თითქოს ძალიან მნიშვნეოვანი და ხალხისთვის საჭირო პროექტი იყოს ეს თქვენი ბორბალი – ალბათ ამიტომაც იყო რომ ჩემპიონთა ლიგის პირდაპირი რეპორტაჟი მთელი ერთი საათით გვიან დაიწყეს, და საბოლოო ჯამში პირდაპირი რეპორტაჟი სულაც აღარ იყო პირდაპირი და ჩანაწერით „გვასიამოვნეს“. (ამ ფაქტმა რატომღაც დარწმუნებული ვარ აიძულა ფეხბურთის გულშემატკივრები რუსთავი 2 ცოტა თბილი სიტყვებით მოეხსენიებინათ). ფეხბურთი გამოუშვით ფარჩაკებო! (აჰ, თან ერთი საინტერესო დეტალი გამომრჩა: ისეთი გადაცემა როგორიცაა რა? სად? როდის? გადაიტანსეს სადღაც შუა კვირაში, ღამის 12 საათზე! ძალიან მონდომებული მაყურებელი თუღა უყურებს. ამ გადაცემის უდიდეს სარგებელზე და დადებით მხარეებზე იმედია კამათი არ მომიწევს)

კიდევ ერთი სატე“ლ“ევიზიო მარგა“ლ“იტი და ბაჯაღ“ლ“ო ოქროა ქართუ“ლ“ი იუმორის მამა ვანო ჯავახიშვილი და მისი „შოუ“ (უფრო სწორედ ზი შოუ! აი რატომ? რატომ? რა შუაშია ეს ზი?) მან იუმორის რაღაც უშრეტ წყაროს მიაგნო: ერთი და იგივეზე „ღადაობს“ უკვე 5 წე“ლ“ია (თუ რამდენიც არის), თან ღადაობს ერთი და იგივენაირად. მოძვე“ლ“და, აღარ არის სასაცი“ლ“ო. იგივე სახეები, იგივე ხუმრობები. თვითონ გადაცემის ხარისხი უდაბ“ლ“ესი: ტექსტი მაინც რომ ისწავ“ლ“ოს და ზეპირად მოგვიყვეს მომზადებული მონოლოგი არ იქნებოდა ურიგო, სტუმრებთან თითიდან გამოწოვი“ლ“ი დია“ლ“ოგები, და ასევე თითიდან გამოწოვი“ლ“ი სიცი“ლ“ი. მგონი აღარც „საყვარელი ვანოს“ დაქაჩუ“ლ“ი წარბები არის სასაცი“ლ“ო. თქვენ როგორ გგონიათ? თან რამდენჯერაც მისი გადაცემის სტუმარს ვუსმინე, 90 პროცენტი სერიოზული საუბარი მიდის, პატრიოტულ-პოლიტიკურ თემებზე, გულზე მჯიღის ცემა და „ჯოს ჯოს ჯოს“. მსგავს გადაცემებსაც სჭირდება ცოტაოდენი ინტელექტი თუ რაც გინდათ ის დაარქვით, მაგალითად ის „რაღაც“, რაც ჰქონდა გოგიჩაიშვილის ღამის შოუებს დასაწყისში, და იმედის ღამის შოუს სულ თავიდან. თან ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ვანო უკვე იომორის გურუდ ითვლება, სტატუსი აქვს, ყველა გადაცემის სტუმარია, და მთავარი: იგი ხომ ნიჭიერის ჟიურიში იყო, და სხვადასხვა ნომრების უგემოვნობასა თუ გემოვნებიანობას აფასებდა. 😀 .

და კიდევ ერთი გადაცემა მომხვდა თვალში. ადრე გასაგები მიზეზების გამო ხშირად ვერ ვუყურებდი ქართულ ტელეარხებს და შესაბამისად აზრზეც არ ვიყავი რა გადაცემები გადიოდა, მაგრამ უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმვალობაში ეს სიამოვნება არ მომკლებია. მოკლედ იმედის დღის შოუმაც არ მომაკლო შთაბეჭდილებები. პრინციპში ეს გადაცემა მდედრებისთვისაა განკუთვნილი იდეაში, მაგრამ მაინც: გადაცემის მთავარი ღირსება ჭორაობაა. თან უკვდავი თემა აქაც: ის იმის შეყვარებულია, ეს ამის, ის იმასთანაა, ეს ამასთან, თან სიტყვა შეყვარებულის და მისი მონათესავე ტერმინების წარმოთქმაზე ერთ ერთი წამყვანს შინაგანი სიამაყის და თავდაჯერების გრძნობა უჩნდება, ტაბუ დადებულ თემებზე საუბრობს, მააააშ! :D. როცა ესე ცქმუტავენ ამ თემებზე, ერთადერთი სურვილი მიჩნდება, სტუდიაში დავურეკო და „ძალიან საყარლები ხართ, გიყურებთ მთელი ოჯახით“-ის მაგვირად მხოლოდ ერთადერთი რამე ვუთხრა: იიიიიიიიიიიიიიიიი! ჩაქრით თქვენა!

თუმცა გარდა ყველაფერი ზემოთხსენებულისა, შიგადაშიგ მაინც მოიპოვება ნორმალური გადაცემები: საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ჩემი აზრით ყველაზე ნორმალური და მრავალფეროვანი პროგრამა. ჯერ ჯერობით არაფერი განსაკუთრებული არ მომხვედრია თვალში და ყურში, მაგრამ თუ რამეა აქ ვარ და თქვენც აქ ხართ და გეტყვით!

© გ.დ. 2011.

ჰელოუინით განათ(ლ)ებული საქართველო

რა არის ჰელოუინი? უკვე ყველამ თუ არა, აბსოლუტურმა უმეტესობამ იცით ამ დღის შესახებ რაღაცა მაინც. ეს ძველი კელტური დღესასწაულია, რომელიც სათავეს ძველი კელტების ტრადიციული ფესტივალიდან, სოუინ-დან იღებს. ამ დროს, ზაფხულის ანუ სინათლის პერიოდის დასრულებისას და წლის ბნელის პერიოდის დასაწყისში, ანუ ოქტომბრის ბოლო დღეებში, ხალხი ეშმაკებს და კუდიანებს აშინებს და დევნის სადღაც შორს. დავკმაყოფილდეთ ამ ტრაფარეტული წინადადებებით და ნუ მიმოვიხილავთ ამ დღესასწაულის საწყისებს და ავკარგიანობას. უბრალოდ, მარტივად სხვა თემაზე გადავიდეთ: ჰელოუინი და საქართველო. ეს ორი ცნება ისე არ მოდის შესაბამისობაში ერთმანეთთან, როგორც მაგალითად საქართველოს ნაკრები და ფეხბურთი, ან ხინკლის სიყვარული და დიეტა!

ამ საკითხმა დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში, ზოგი გამართლებული, ზოგიც გაუმართლებელი. თუმცა მე პირადად არც ერთი მხარის ადვოკატობას არ ვაპირებ, არც რამის მტკიცებას მოვყვები, და არც ვინმეს დავიცავ. მე უბრალოდ ჩემს აზრს დავწერ.

ჰელოუინის მშობლიურ და მონათესავე ქვეყნებში გასაგებია, რომ ხალხს უხარია ეს დღესასწაული, ხალისობენ და აღნიშნავენ, ისე როგორც მათი ტრადიციაა და ისე როგორც მათ მიაჩნიათ სწორად. ისიც ადვილი გასაგებია ალბათ, რომ ჰელოუინი და მასთან დაკავშირებული ტაშ-ფანდური მათი კულტურის და ცხოვრების სტილის ნაწილია. ჩვეულებრივი და ბუნებრივი მოვლენაა, როდესაც ხალხი აღნიშნავს იმ დღესასწაულს, რომელიც საუკუნეებია მათში არსებობს (მიუხედავად იმისა, მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა). ნათელია ეს ყველაფერი და მარტივი. პრინციპში რომ გითხრათ დიდად მაინტერესებს თქო სხვადასხვა კულტურების დღესასწაულები და მათი აღნიშვნის ტიპები, ალბათ მოგატყუებთ. ალბათ კი არა, ნამდვილად მოგატყუებთ. ამჯერად, ჩემთვის უფრო საინტერესოა საერთოდ რა ფენომენს წარმოადგენს ჰელოუინი საქართველოში. ძალიან გაუგებარია ეს მოვლენა ჩემთვის.

რამდენიმე წლის წინ ალბათ ვიღაცა ახალმა ქართველმა უცხოეთში ყოფნისას აღმოაჩინა რომ ოქტომბრის ბოლო დღეებში, ხალხი რაღაც უცნაურ და საშიშ სამოსში ეწყობა და ქუჩაში ისე დარბის. მოეწონა. დაფიქრდა. გადაწყვიტა: რატომ არ შეიძლება იგივეს გაკეთება საქართველოში? თან ახალ რაღაცას შეიტანს ქვეყანაში, „მაგარი პონტი“ იქნება, და თვითონაც ორიგინალური და თანამედროვე ტიპი გამოჩნდება. ეს ყველაფერი უკეთეს შემთხვევაში. უარესი შემთხვევა კი შეიძლება ყოფილიყო ის რომ, ვინმემ მოცალეობის ჟამს კოტრიალისას ტელევიზორში აღმოაჩინა ჰელოუინი და ევრიკა! ასეა თუ ისე, ვიღაცამ მოტვინა, აწონ-დაწონა და დაგეგმა. მერე ვინმემ à la ბიჭოლამ თავის ბარში გადაწყვიტა ჰელოუნი ივენთის გაკეთება და აჰა: იხარე ერო! გვეღირსა „ცივილიზაცია“! როგორც იქნა ვეღირსეთ სინათლეს! ნახვამდის უკუნეთო, გაუნათლებლობავ, და ჩამორჩენილობავ! ჩვენ ვქმნით ახალ, ევროპულ საქართველოს! მთელი „წინწასული“ მსოფლიო აღნიშნავს ამ დღეს, და ჩვენ რითიღა ვართ მაგათზე ნაკლებნი? არა, არაფრით მეგობრებო, საერთოდაც არაფრით!

გვერდიდან კი ეს ყველაფერი (ჩემი მოკრძალებული და სრულიად სუბიექტური აზრით) ძალიან სასაცილოდ ჩანს. ახალგაზრდა ქართველი ვაჟკაცები და დიაცები, რაღაც უცნაურ კოსტიუმებში გამოწყობილები, დროს ატარებენ, ერთობიან, ღრეობენ. ანუ თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მაგრამ პათოსი და განწყობაა რაღაც განსაკუტრებული და საზეიმოა. ნეტავ რას ზეიმობენ? რა ეშმაკებს დევნიან? ვის დევნიან? სად დევნიან? საიდან დევნიან? როდის მერე დევნიან? მგონი არაფერსაც არ შვებიან. მგონი საერთოდაც, ქართულ ჰელოუინს არანაირი იდეური დატვირთვა არ აქვს. არაფერი აღსანიშნავი: სმა-ჭამა, უფრო სმა ვიდრე ჭამა, კივილ-წივილი, უსაზღვროდ ხმამაღალი მუსიკა, ზოგის აღვირის ახსნა და ზოგის სასოს წარკვეთა, და ბოლოს გვირგვინი: ჩხუბი და დანის მუცელში ტრიალი! მაგრამ მაინც, რაღაც გაუგებარი (ან ვინმესთვის გასაგები) მიზეზების გამო ჰელოუინი ერთ-ერთი ყველაზე „გაპიარებული“ და აფიშირებული მოვლენაა წლის განმავლობაში ქართულ, უფრო სწორად თბილისურ, რეალობაში. ტელევიზია, გაზეთი, რადიო, ინტერნეტფორუმები – ყველაფერი ჰელოუინით ცხოვბრობს ამ დღეებში. მაგრამ ეს კიდევ არაფერი. თქვენც შეამჩნევდით, რომ საზოგაოდების გაკრვეული ნაწილი ღიზიანდება ამ ღონისძიების გამო. და ხშირად მეჩვენება, რომ ჰელოუინის მონაწილეები ძალით ცდილობენ სწორედ ამ ნაწილის გაღიზიანებას. მე სხვა ახსნას ვერ მოვუძებნი მაგალითად იმ ფაქტს, რომ ვინმე აჟიტირებული ახალგაზრდა რქებდადგმული საცვლებით როკავს სიონის ეზოში! მე კი არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, თუ უნდა „იტოკოს“ და თუ უნდა ყირაზე დადგეს, მაგრამ ეს ჩვენი საყვარელი დედაქალაქი ხომ ამხელაა? ხომ შეიძლება იგივე სხვაგან აკეთო? თბილისი კი არა და, შარდენიც კაი დიდია, რომ ყველაფერი ეს ზედმეტი აგრესიის გამოწვევის გარეშე მოახერხო. რატომ უნდა ვუშალოთ ერთმანეთს ნერვები? არ მეთანხმებით? სწორედაც რომ ამიტომ, ცოტა კომიკურად ჩანს ეს ჩვენი ჰელოუინი. ამას ემატება ამ დღეობის საცარი ხელოვნურობა. წარმოიდგინეთ აბა, რომ ჭია-კოკონობას აწყობენ პორტუგალიასა და კუალა-ლუმპურში, ამასობაში ლონდონის ქუჩებში კი ლომისობას აღნიშნავენ. სულ მცირე სასაცილოა. რა შუაშია? ვისთან ხართ? ვინ დაგპატიჟათ? რა გნებავთ? რას მოითხოვთ?

მე პირადად, არც წინააღმდეგი ვარ ჰელოუინის და არც მომხრე. საერთოდ ნაკლებად მადარდებს ეგ საკითხი. ჩემი საქმე სულაც არ არის ვინ, როგორ, რას, როდის და რატომ აღნიშნავს. მე ვინ მეკითხება? ნებისმიერ ადამიანს როგორც უნდა და რასაც უნდა იმას იზამს სადაც უნდა. (ნუ ფიგურალურად რომ ვთქვათ). მეტიც: ერთხელ მე თვითონაც მიმიღია ჰელოუინში მონაწილეობა მაშინ როცა საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველად დავეჯახე ამ მოვლენას, ლაბადაც მქონია მოხვეული და ნაჯახიც მჭერია ხელში (პლასტმასის რა თქმა უნდა). იქ და იმ დროს ჰელოუინს სხვა დატვირთვა ქონდა და აქვს. მის მერე არ ვიცი რატომ, მაგრამ სურვილიც აღარ გამჩენია დიდად, თუნდაც ისევ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნისას, აღმენიშნა ეს ღირსშესანიშნავი დღე. ნუ საქართველოში ხომ საერთოდ…

ისიც უნდა დავამატო ალბათ, რომ მე იმ ხალხის არც წინააღმდეგი ვარ და მითუმეტეს არც კრიტიკოსი, ვინც ჰელოუინობს. ღმერთმა დამიფაროს! 🙂 ჩემი ბევრი მეგობარი და ნაცნობი მშვენივრად ერთობა მაგ დღეს. მე უბრალოდ ჩემს აზრს გამოვხატავ ზოგადად ქართული ჰელოუინის მიმართ.
ეს არის და ეს.

პ.ს. ისე მსოფლიოში ბევრზე ბევრი სხვა დღესასწაულია, პომიდვრების აქეთ-იქეთ სროლიდან დაწყებული დაგორებული ყველის დაღმართში დევნით დამთავრებული. ასე რომ: მოემზადე ბნელო საქართველოვ! წინ განათლება და პროგრესი გელის!

ნოემბერი,2010, © გ.დ.

ვიმეტყველოთ ქართულად – (ანუ რიჟა სთორი)

ნაწილი პირველი

იმ დღეს მეილზე მომივიდა რაღაც ინვითეიშენი, ჩემმა ბოსმა დამიფორვარდა. კონცერტი იყო სადღაც ლაგოდეხი მიუზიქ სქაი ჰოლში და მეც უიქენდი თავისუფალი მქონდა და წავედი. იუქეიდან ჩამოსული ბენდი უკრავდა და ძალიან საინტერესო პერფორმანსი იყო. მთელი პოლიტიკური ესთაბლიშმენთი ესწრებოდა ამ ივენთს. კონცერტის მერე ლაუნჯში ფართი იყო და იქაც მაგარი გავაჯაზეთ. სადაც არ უნდა გაგეხედა, ყველგან ვინმე სელებრითის დაინახავდი. მობილზე რომ დავხედე, მისდ ქოლები დამხვდა, მაგრამ შიგნით მაგარი ხმაური იყო და ვერსად დავრეკავდი. ივენთის მერე ჩემს მეგობარს ეგრევე ესემესი გავუგზავნე, მივწერე რომ ბევრი დაკარგა რომ არ წამოვიდა ჩემთან ერთად. სახლში რომ მივედი ეგრევე ლეპტოპი ჩავრთე, და სურათები გავაფეისბუქე. ხუთ წუთში უკვე 15-მა კაცმა დამილაიქა. ამასობაში უკვე გვიანი იყო, და დასაძინებლად წავედი. როგორც ყოველთვის ლეპტოპის დაშათდაუნება დამავიწყდა.

ნაწილი მეორე

მეორე დღეს რომ გავიღვიძე ჩემს სპალნაში, ოთახის ფანჯრების პადაკოინიკებზე მტრედები ისხდნენ და ფაფხურობდნენ რაღაცას. ეგრევე თვალში მომხვდა მაგიდაზე მდგომი ვაზა. გასარეცხი დამრჩენია. ავდექი წავიღე ეს ვაზა კუხნაში და რაკოვინაში ჩავდე პირდაპირ. კრანი გადავატრიალე და მხოლოდ ცივი წყალი მოდიოდა. ნერვები ამეშალა, ეგრევე შევვარდი ვანაში, მაგრამ ცხელი წყალი არც იქ იყო. რომ გამოვედი პოლზე დაყრილი ნასკები ავიღე და სკამზე დავდე. ტუფლები გავიწმინდე ამასობაში, და ბალკონის კარები გავაღე, რომ დილის სუფთა ჰაერი შემოსულიყო. ბალკონზე რბილ კრესლოში ჩავჯექი, და დაველოდე სანამ ჩაინიკში წყალი ადუღდებოდა ყავისთვის. მიყვარს დილაობით სვეჟად მოდუღებული ყავა, პროსტა ძალიან ცხელი თუა მეწვება ხოლმე ენა. როგორც იქნა ცხელი წყალიც ჩაირთო. რამდენიმე წუთში, უკვე პადიეზდში ვიყავი. ახალი მაიკა მეცვა და ძაან მიხაროდა. სამი დღე შკაფში მეკიდა, და ერთი სული მქონდა როდის ჩავიცმევდი. პადიეზდიდან რომ გამოვედი, ჩემი მეზობელი შემხვდა, მაგარი უცნაური როჟაა. თავის დვარნიაშკა ძაღლს ასეირნებდა და რა თქმა უნდა, აშეინიკი არ ეკეთა იმ ცუგას. ზაჟიგალკა უნდოდა როგორც ყოველთვის, მე არ მქონდა, და ზაჟიგალკის მაგივრად სპიჩკა მივეცი. გარეთ ძალიან ციოდა, კურტკა უნდა ჩამეცვა, მაგრამ უკან, სახლში აბრუნება დამეზარა. მანქანის კაპოტი დამხვდა გაფხაჭნილი. მარა არ მივაქციე ყურადღება. ჩანთა ბაგაჟნიკში ჩავაგდე, სიდენიაზე მოვკალათდი, დაქოქვის კნოპკას დავაჭირე, მატორი ავამუშავე, და სხოდუ სამსახურში წავედი.

Etc.

პ.ს. ჩვენი ყოველდღიური ლექსიკის პატარა ნაკვესი.
კი, კარგია, როცა ბევრი უცხო ენა იცი. კიდევ უფრო კარგია, როცა ამ ენებს ასე ძალიან კარგად და თავისუფლად ფლობ. ისიც კარგია, რომ ინგლისურს თუ სხვა უცხო ენას სკოლაშივე ასწავლიან, და ათი ათასი, ყივჩაღის დარი, ინგლისურის პედაგოგი ჩამოდის და გვანათლებს. რა ჯობია ამას? მაგრამ, ვინმემ გითხრათ, რომ უცხოური ტერმინებით ქართული სიტყვები ჩაანაცვლეთო? მგონი არა. (მე არ ვსაუბრობ სპეციფიკურ, მაგალითად ბიზნეს ფრაზეოლოგიაზე). ამიტომაც, მგონი ჯობია გავუფრთხილდეთ იმას რაც გვაქვს. თუ არა და, მერე, 10, 20, ან 50 წლის მერე, მიშას, გრიშას, ან ბარაკს, ნუ დააბრალებთ იმას, რომ ქართული ენა „წაგვართვეს“!

ნოემბერი, 2010 © გ.დ.