მთავარი » კინო » ცხოვრების ხის მელანქოლია

ცხოვრების ხის მელანქოლია

In the Long Run, We are all dead – J.M. Keynes.

მათთვის, ვისაც ჯერ არ უნახავს ტერენს მალიკის „ცხოვრების ხე“ და ლარს ვონ ტრიერის „მელანქოლია“, და ვინც აპირებს ორივეს ნახვას, პოსტის წაკითხვა სასურველი არ არის.

ისე მოხდა, რომ ორივე ფილმს თითქმის ერთი მეორის მიყოლებით ვუყურე და თავისდაუნებურად გარკვეული პარალელების გავლება მომიხდა ამ ორ მართლაც რომ ხელოვნების ნიმუშს შორის. ბოლოს, ასევე ფიქრის პროცესში ერთი მეორეს თანმიმდევრულად მიება და რაღაც სახე მიიღო. რა გამოვიდა აგერ მოგახსენებთ.

რას ხდება მალიკის სამყაროში? რის ჩვენებას ცდილობს? რამდენიმე განსხვავებული ადამიანი, განსხვავებული ემოცია, განსხვავებული მიდგომა სამყაროსადმი და მათი ჰარმონიული თანხვედრა უნივერსის მონოტონურ რიტმთან? სიყვარულის, ოჯახის, რწმენიs და სხვა დანარჩენის ამაოება? ჩემი აზრით კი! და ამისთვის ყველაზე მეტად მისტერ ობრაიენის პერსონაჟსიყენებს. მამა – ერთი პედანტი, ეგოისტი კაცი, ვერ/არშემდგარი მუსიკოსი, ხელმოცარული ადამიანი, რომელიც ბოღმას, ზიზღს, შურისძიებას თუ სიყვარულს მხოლოდ თავის ცოლთან და შვილებთან ურთიერთობაში ამჟღავნებს ვაჟკაცურად? მართალია კი, და ნათელია რომ მას შვილები განსაკუთრებულად უყვარს, მაგრამ რატომღაც თავისი ვერშემდგარობის მონა ხდება და ამ სიყვარულს ის შედეგი არ მოაქვს, რაც იდეალურ შემთხვევაში შეიძლება მოყვებოდეს. შვილებში ის შიშს და საშუალო სტატისტიკურ სიყვარულს იწვევს საკუთარი თავისადმი.დამოკიდებულებას, რომელიც ნებისმიერი „ჩვეულებრივი“ დედაშვილური (თუ მამაშვილური) ურთიერთობის დამახასიათებელია. ეს დამატებით წნეხს კი ისევ მამაზე ახდენს. ჯეკის, შვილის, თვალებში გაორებული ემოციის, სიყვარულის, მორჩილების, შიშის და ზიზღის დანახვისას, ნამდვილად გულგრილი ვერ დარჩები. სულ მცირე იმას მაინც გაიძულებს მალიკი ადამიანს, რომ ჩვენს გარშემომყოფებს უფრო ყურადღებით და გულისწყურით ჩავხედოთ თვალებში.

რა გვითხრა მალიკმა? ის რომ, არ აქვს მნიშვნელობა რა დონის არარაობა იქნები ადამიანი, მაინც იგივე არარაობად მოკვდები? გვაჩვენა, არა, კი არ გვაჩვენა, აიღო და პირდაპირ სახეში გაგვარტყა ფაქტი, რომ რა დონის და მასშტაბის კარგი თუ ცუდი, ლამაზი თუ უშნო, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ადამიანიც არ უნდა იყო, მაინც ერთი პატარა პაიკი ხარ სამყაროს მუდმივ დინებაში. დასაბამიდან დღემდე, აფეთქებიდან აფეთქებამდე, ადამიდან უკანასკნელ ადამიანამდე. მიუხედავად იმისა შენ შეძლებ რამის შეცვლას თუ არა, ან მინიმუმ მცდელობა მაინც თუ გექნება თუ არა, არ აქვს აზრი, იმიტომ რომ სევდა, ტრაგედია, და გარდაუვალი დასასრული მაინც ყველაფერს გააცამტვერებს. მაშინ რა აზრი აქვს სიცოცხლეს? მაშინ რატომ არის ადამიანი ცხოველზე „რაღაცით“ მეტი? რატომ აქვს ადამიანს სული, ან რატომ აქვს უნარი სულზე იზრუნოს? ვისთვის ეს მალიკისეული მიწიერი ყოფა უკვდავებისთვის მზადებაა, ვისთვის კი დაკარგული ადამიანის დაკარგული გაცამტვერება. ზრდასრული ჯეკისთვის რომელია არ ვიცი, რატომღაც მგონია რომ მეორე.

ამის საპირისპიროად, ამ თემის გაგრძელებასავით, ლარს ვონ ტრიერმა სცადა მალიკის დაწყებული საქმის დამთავრება. თითქოს ამ ფილმით ლოგიკური დასასრული შეიძლება ჰქონოდა ჩვენს მსჯელობას. ტრიერმა, ეს ყველაფერი ერთი ადამიანის პრობლემაზე დაიყვანა. ადამიანის, რომელმაც რაღაც ეტაპზე გააცნობიერა, რომ ყველაფერი მის გარშემო არის სიყალბე. ქორწილი სადაც მამა თავის პატივმოყვარეობას იკმაყოფილებს, დედა, რომელიც მელანქოლიის ახლოს მეგობარია, და რომლისთვისაც ყველაფერი კარგი დასრულებულია (საქორწილო სუფრაზე ეუბნება ზუსტად ჯასტინს: ისიამოვნე სანამ ამის შანსი გაქვს!), და და სიძე, რომლებიც ცდილობენ სტუმრებს აჩვენონ როგორი გრანდიოზული დღესასწაული მოუწყვეს ჯასტინს, ჯასტინის უფროსი სამსახურში და ამავდროულად სიძის მამა, რომელიც ყველას გულის მოგებას ცდილობს, და ა.შ. და ამ დროს, ზუსტად ამ დროს, ხვდება ჯასტინი, რომ მის გარშემო უბრალოდ შუშის ადამიანები დგანან, რომლებიც ერთი ხელის მოსმით დაიმსხვრევიან. მან ძალიან კარგად იცის, რომ ამის გაცნობიერება და მელანქოლიის შემოტევა ერთი იქნება. თუმცა, უკვე გვიანი იყო: მან პლანეტა უკვე მანამდე დალანდა! (პლანეტა ფილმში რა თქმა უნდა სრულიად სიმბოლურ ხასიათს ატარებს, და არანაირ კოსმიურ დაჯახებებთან და ზღაპრებთან საქმე არ გვაქვს). საინტერესოა სიძე, ჯონი. რომელსაც მტკიცედ სჯერა, რომ მელანქოლია მათ აცდება, ვერ დაამარცხებს და კოშმარივით წარულს ჩაბარდება. სჯერა საკუთარი თავის იმიტომ, რომ თავს ძლიერ ადამიანად თვლის, ცოლზე და შვილზე ზრუნვის პასუხიმგებლობას გამძაფრებულად აღიქვამს, სჯერა რომ მართალია და გარშემომყოფებსაც იმედს და ნუგეშს აძლევს. თუმცა, როცა აცნობიერებს რომ მწარედ ცდებოდა, როცა ხვდება, რომ ის ცოდნა და პრინციპები რითაც ცხოვრობდა მელანქოლიის წინაშე უძლურია, ჩვეულ, ადამიანურ სისუსტეს ავლენს და თავ იკლავს. ჯასტინი კი სრულიად საპირისპიროდ იქცევა. მან პლანეტის დანახვის მომენტიდან მასში ფიზიკური და სულიერი ბალანსის აღდგენამდე დაკარგა ყველაფერი ის, რისი დაკარგვისაც ეშინოდა და რისი დაკარგვაც ერთი შეხედვით მტკვნეული უნდა ყოფილიყო (აქ რატომღაც მგონია, რომ ასეთი ზედმეტი ტვირთისგან გაწმენდილი ადამიანი ემსგასვება ბავშვს და ამიტომაცაა რომ ბოლოს ჯასტინი და მისი დისშვლი ერთნაირად წყნარად ხვდებიან მელანქოლიას, განსხვავებით თავის თავში გაურკვევლი კლერისგან). მიხვდა, რომ იგივე პრინციპები, ღირებულებები, ემოციები, და გრძნობები ფუჭია, თუმცა სამაგიეროდ პოულობს საკუთარ თავში ძალას, და რაც მთავარია რწმენას, რომ საკუთარი სამყარო, საკუთარი ჯადოსნური ქოხი ააგოს. ზუსტად ეს რწმენა არის ყველაზე მტკიცე და საჭირო. რწმენა, რომელიც შენ თავში გაპოვნინებს ღმერთს, და უფრო დიდისთვის გაგამზადებს. რწმენა რომელიც მომავლის გარდაუვალობის შიშს ამარცხებს. რწმენა, რომელთან შედარებით მელანქოლიაც ერთ პატარა საპნის ბუშტად იქცევა.

1 thoughts on “ცხოვრების ხის მელანქოლია

დატოვე კომენტარი