არაკ-იგავი მატარებელში

ეს ქალი ისე იყურება, თითქოს რამის აზრზე იყოს!

რეალურად ეხლა რა ხდება გეტყვით მე თქვენ: ამ ქალს ესმის მუსიკის ხმა ჩემი ყურსასმენებიდან. ესმის და ფიქრობს, ნეტა რას ვუსმენ. იმას კი ხვდება რომ ეს ჩვეულებრივი მუსიკა არ არის. იმასაც ხვდება რომ ეს არის რაღაც ეგზოტიკური. ხომ, აი ეხლა სახის გამომეტყველებაც ეცვლება, და ადვილი გამოსაცნობია რომ უკვე მოსწონს რასაც ვუსმენ. უი უი, აი მისი ინტერესის კიდევ ერთი ახალი საგანი გავაჩინე: ეხლა უკვე აინტერესებს სადაურად და რა ენაზე ვწერ. არც ის უნდა რომ შეეტყოს, რომ თითქოს აინტერესებს ეს ყვალაფერი და ჩემს პირად რაღაცეებში მოსწონს ყურება, მაგრამ ეს უკვე აშკარაა. არც კი სცხვენია: მოტყდა კისერი, აქიცინებს გიჟივით, შემომხედავს, გაიხედავს, ჩემსკენ გამოიხედავს, ცალი თვალით შეხედავს ამ ფაილს, გაიხედავს. აჰ, ყოჩაღ, ქალბატონო, ყოჩაღ, პერიფერიული ხედვა გაქვთ საოცრად კარგი! ამასობაში ერთი კომპოზიცია დასრულდა, ახალი უნდა ჩავრთო, თორე ეს ქალი თავს რაღაც უხერხულად გრძნობს. მე მომიტევეთ, სრულიად დამავიწყდა მეხსენებინა რას ვუსმენ: ამჯერად ჩემი უეცარი და ცნობისმოყვარე სტუმრისთვის ქართულ ფოლკლორზე შევჩერდი… აი რას ნიშნავს გქონდეს აურაცხელი ძალაუფლება: გაუჩინო ადამიანს ცნობისმოყვარეობა, და შემდეგ წვეთ-წვეთად, ნელ ნელა დაუკმაყოფილო ის. ამასთან, მისი კისრის ქიცინსაც გვერდიდან აკვირდებოდე, და გულში ცბიერად და ეშმაკურად იღიმოდე. ყოვლისშემძლე მე!

იგავის მორალი: თუ გინდათ ხალხი დაიმონოთ და შემდეგ მათზე სასტიკად იბატონოთ, უსმინეთ საუკეთესო მუსიკას, და ჩააწვეთეთ იგი თქვენს სიახლოვეს მყოფ უცნობ გადამთიელებს. დიახაც!

აპრილი, 2011 © გ.დ.