რატომ არ გვაქვს სახელმწიფო?

არა, სულ ტყუილად აიკაპიწეთ ხელები საკამათოდ და საჩხუბრად. ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერ ადრეა, ჯერ გეტყვით და მერე…

სათაური მეტად ხმაურიანი გამოუვიდა ამ ჩანაწერს. პომპეზურობით, გრაციით და ინტრიგით ცოტა ნანუკას შოუსაც კი გავს, მაგრამ არა.. ნურას უკაცრავად.

პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ!

მოკლედ, ამ ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ერთ სტატიას გადავაწყდი, რომელიც ეძღვნებოდა ერთ-ერთი ევროპული ერის პოსტ მსოფლიო ომის ცხოვრებას, თუ როგორ მოახდინეს რეაბილიტაცია, როგორ აზროვნებდნენ, როგორ დაიწყეს ყველაფერის თავიდან შენება, და მსგავსი დეტალები ძალიან კარგად იყო აღწერილი. შედეგად ამ ერმა მიიღო ის, რომ ევროპაში ყველაზე ძლიერი და წონიანი თუ არა, ერთ ერთი ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი ქვეყანა, არა, უფრო ზუსტად სახელმწიფო კიდევ ერთხელ შექმნა. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, დამაფიქრა ერთმა რამემ: რატომ ვერაფრით ვერ ვახერხებთ ჩვენ იგივეს გაკეთებას? იგივეს მხოლოდ უფრო მცირე მასშტაბების თუნდაც, მიხლოებულისაც კი? ასეთი რა გამოუსწერებელი გვჭირს ჩვენ რომ ასეთი შორია ჩვენთვის ცნება სახელმწიფო? ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, სადამდეც მივედი ეხლავე მოგახსენებთ.

ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ქვეყანა, ფარგლებში მოქცეული გეოგრაფიული ერთეული. ყველაფერ სიკეთესთან ერთად ეს ფარგლებიც მორღვეულია, და გამოდის რომ გეოგრაფიულ-ფიზიკურადაც არ გვაქვს ქვეყანა ნორმალურად. მაგრამ ამას გავანებოთ თავი! გავანებოთ არა იმიტომ, რომ არ მანაღვლებს ან არ უნდა გვანაღვლებდეს, არამც და არამც. უბრალოდ გავანებოთ თავი იმიტომ, რომ ჩვენი ისტორიის მანძილზე დაშლა დაქუცმაცებას ყოველთვის მოსდევდა ასე თუ ისე აღდგენა-გაერთიანება, და იმედი მაქვს, რომ სინუსოიდა ამჯერადაც წავა ზემოთ, უბრალოდ იმის დაშვება რომ მე, თქვენ, ისინი, და სხვები შეიძლება ვერ მოვესწროთ ამას, ცოტა წარმოუდგენლად რთულადაც მეჩვენება. და მოდით, ამაში ვიყოთ ბოლომდე ეგოისტები, და რამენაირად მოვახერხოთ რომ მოვესწროთ!

მოდით გავანებოთ გეოგრაფიას თავი. მოდით გავანებოთ ქვეყანას,ფარგლებს, მეზობლებს, ისტორიას და პოლიტიკას თავი. მე უბრალოდ იცით რა მაინტერესებს? აი რამდენად გვაქვს ჩვენ ჩვენი სახელმწიფო ჩვენივე მენტალიტეტში? რამდენად გვაქვს ჩვენ ჩვენი სახელმწიფო ჩვენში? გვაქვს კი საერთოდ? მაგრამ მანამდე, უპირველესად, მგონია რომ ჯერ მთავარი რამე უნდა გავარკვიოთ: რა არის სახელმწიფო ჩვენთვის.

მართლაც რა არის სახელმწიფო? რომ დავფიქრდეთ, რამე თეორიულ/ფილოსოფიურ/აბსურდულის მოგონება ან შესაბამისი განმარტების მოძიება შეიძლება, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით საერთოდაც არ მგონია ეს რაიმე სახის ხეირს გვაძლევდეს. ამიტომაც ჯობია სახელმწიფოს აზრი და არსი დავიყვანოთ მარტივ ყოვლედღიურობაზე. მე მგონია, რომ თუ ასეთ მარტივ დონეზე გავაცნობიერებთ რა არის სახელმწიფო, მაშინ შეიძლება ელემენტარულად ეს სახელმწიფო გვქონდეს. ყოველდღიური პატარ-პატარა დეტალები ქმნიან ერთ დიდ სურათს, ერთ დიდ კულტურას, ერთი დიდ უნარს იმისა, რომ შევძლოთ სახელმწიფო შევქმნათ, შევინარჩუნოთ, ვმართოთ და მერე განვავითაროთ.

მგონია რომ, არსებობს რამდენიმე ისეთი საკითხი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. ერთი შეხედვით ძალიან მარტივი და უმნიშვნელო შეიძლება იყოს ზოგი მათგანი, მაგრამ რეალურად მგონია, რომ სულაც არ არის ეგრე. ჩამოთვლას არ დავიწყებ, ძალიან ბევრი იქნება ალბათ და აზრი არ აქვს, ამიტომაც რამდენიმეს ვახსენებ მხოლოდ რაც ყველაზე ძალიან მხვდება თვალში. აი მაგალითად, ქუჩაში ნაგვის პრობლემა ავიღოთ. რატომ ვერ გვარდება ეს პრობლემა? იმიტომ რომ, ჩვენ არ გვინდა ამ პრობლემის მოგვარება! თუმცა რომ იკითხო, ყველას აწუხებს, ყველა შეწუხებულია და ყველას უნდა სუფთა ქალაქში ცხოვრება. აზრი არ აქვს იმას, ნაგვის ურნას ყოველ ფეხის ნაბიჯზე დადგამენ, ლამაზ ურნებს დადგამენ თუ არც თუ ისე ლამაზს, ყუბანეიშვილის „ლექსებს“ დააწერენ ზედ თუ ბაირონის ციტატებს, ნაგავს ორჯერ გაიტანენ დღეში თუ საათში ერთხელ. არანაირი აზრი არ აქვს ამას. იმიტომ არ აქვს, რომ ჩვენ მაინც ქუჩაში დავაგდებთ ნახმარ ერთჯერად ცხვირსახოცს, შოკოლადის ეტიკეტს, ბორჯომის ბოთლს. ჩვენ მაინც მანქანიდან გადმოვყოფთ ხელს და რომანტიულად გავატანთ ჰაერის მასებს სიგარეტის კოლოფის პარკს. მერე რა, ვიღაც ხომ მაინც მოხვეტავს. კი აბა რა! მეტი საქმე არ მაქვს ეხლა სააკაშვილის დალაგებულ ქუჩას მოვუფრთხილდე! აი აი ზუსტად! აი ამას აქვს აზრი! ვინ იქნება იქ ზევით, ვისი ახლობლის რომელ ნათესავს არ დაჩაგრავენ/ან დაჩაგრავენ იქ ზევით! აი რასაც აქვს მნიშვნელობა! აი მანდ ჩნდება ჩვენში ჩვენივე სახელმწიფოს არ არსებობა: რთულია იმის წარმოდგენა და გაანალიზება, რომ იმ ნაგვით ჩვენივე სახლს ვაღორიანებთ, მიუხედავად იმისა ჯონდი ბაღათურია იქნება „ის“ იქ ზემოთ თუ ტომ კრუზი. (ანდა ზოგ ქვეყანაში, გვარს და სახელს არ დავასახელებ, უკვე ისე „წინ არიან წასულები“, რომ სხვის დაგდებულ ნაგავს იღებენ და ურნაში ათავსებენ. წარმოგიდგენიათ? არა ხო?!). ჩვენთან ამას მხოლოდ ქუჩის დამლაგებლები თუ იზამენ. ისიც რამდენად კეთილსინდისიერად ეგ ცალკე საქმეა. აი ზუსტად აქ უკვე მეორე პრობლემა იჩენს თავს: მიფუჩეჩება, არაპროფესიონალიზმი, არაკეთილსინდისიერება, საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება, საქმის ახლობლობა/ჩაწყობით მოგვარება და ა.შ.

როგორ უნდა იარსებოს სახელმწიფომ, თუ მისი დასაქმებული მოსახლეობის ალბათ აბსოლუტური უმრავლესობა არის არაპროფესინალი? ხმამაღალი განცხადებაა ღმერთმანი, მაგრამ როცა კი რამე დამჭირვებია ნებისმიერ ორგანიზაციაში, სახელმწიფო თუ არასახელმწიფოში, ბანკში თუ კლინიკაში, ყველგან არაპროფესიონალები მემსახურებიან, რომლებმაც თავიანთი საქმე ნახევრად იციან. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ პირობებში ვერ იარსებებს სახელმწიფო გამართულად. (და ვერც არსებობს, ფაქტი სახეზეა). ეს ეხება სტუდენტსაც, არასტუდენტსაც, მოსწავლესაც, პენსიონერსაც და ყველა სხვა დანარჩენს. პროფესიონალიზმიც კარგი ჯანდაბას, მივჩქმალოთ ერთი წამით. პატიოსნება? რამდენი აკეთებს ჩვენს გარშემო თავის საქმეს პატიოსნად? ჩამოთვლა არ არის საჭირო, უბრალოდ დავფიქრდეთ. ეხლა კიდე უფრო გავართულოთ ამოცანა: რამდენი აკეთებეს ჩვენს გარშემო საქმეს პატიოსნად და პროფესიონალურად ერთდროულად? ჩემს გარშემო ძალიან ცოტა…ცოტა იმიტომ რომ, ქიმიკოსი ფოსტაში მუშაობს, ფოსტალიონი საავადმყოფოში, მუსიკოსი ბანკში და ეკონომისტი …(ეკონომისტი საერთოდ არსად არ მუშაობს, იმდენია უკვე :D). ნუ კარგი, შეგვიძლია ამის მიზეზი სოციალური პრობლემები მოვიყვანოთ, მაგრამ მთლად მასეც არ არის საქმე…

თანაც, ძალიან დიდ სიბრძნეს არ გადმოვაფრქვევ ალბათ თუ ვიტყვი რომ, ხაბაზმა (იმან არა, თქვენ ვინც იფიქრეთ) პური უნდა აცხოს კარგად, ქირურგმა ოპერაცია უნდა აკეთოს, და ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპისტმა ეზოფაგოგასგტროდუოდენოსკოპია უნდა აკეთოს. ფეხსაცმლის შემკეთებელს უნივერსიტეტის პროფესორი ვერ აუხსნის როგორ უნდა დააწებოს ქუსლზე „რეზინი“ ისე რომ წებო გარეთ არ გამოვიდეს! არ იცის და მორჩა! ისევე როგორც, ფეხსაცმლის დიდოსტატი ვერ აუხსნის მათემატიკის პროფესორს ლაგრანჟს და დიფერენციალურ განტოლებებს. (მაგრამ სამაგიეროდ, ორივე ისეთი ექსპერტები არიან პოლიტიკაში და ისე მშვენივრად აგიხსნიან რა და როგორ უნდა იყოს მოწყობილი სახელმწიფოში, რომ დე გოლი და ათა თურქი მათთან შედარებით კრიკეტის მოთამაშეები გეგონებათ. ერთი თხოვეთ თქვენს მეზობელს, პროფესიით ხატვის პედაგოგს, ასფალტის დაგებაში მოგეხამროთ, ეგრევე მჟავე უარს გტკლიცავთ, რა ვიცი მე ეგ როგორ უნდა გავაკეთოო, თან ღიპს მოიფხანს სათუთად და ჩააბოყინებს. მაგრამ თუ რამე პოლიტიკასთან ახლოს მდგომს შესთავაზებთ, დამთავრებული ამბავია: წამში აგიხსნით როგორ უნდა იყოს ეკონომიკა დალაგებული, როგორ უნდა მუშაობდეს სანავიგაციო სისტემა და რა მორალურ-ადამიანური უფლებები გააჩნია პრეზიდენტს!)

ალბათ, შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ იმ ხაბაზმა პურის ცხობაც არ იცის წესიერად, და ამიტომც ცდილობს სხვა სფეროში ექსპერტობას. ეგეც დასაშვებია. მაგრამ მაშინ კონტრშეკითხვა მიჩნდება: რატომ არ იცის თავის საქმე? ადვილია კი, ამაზე პასუხის გაცემა ვიღაცეებისკენ ხელის გაშვერით გავცეთ, აი იმან სკოლა დაანგრია, აი ამან განათლება წაგვართვა, აი იმ მესამემ ქართველობაც მიაყოლა და ა.შ. მაგრამ…

ერთის მხრივ კარგია (ისევ “ალბათ”), როცა ყველა ადამიანს სჯერა, რომ ქვეყნისთვის მასაც შეუძლია რამის გაკეთება. მაგრამ ნებისმიერ სფეროში? რა აუცილებელია ეს რაღაც იმ სფეროში ვაკეთოთ, სადაც წარმოდგენა არ გვაქვს რა და როგორ? არანაკლები წვლილი შეაქვს ხაბაზს, ექიმს, ბუღალტერს და პროქტოლოგს სახელმწიფოს შენებაში მაშინ, როცა თავის სფეროში აკეთებენ საქმეს მაღალ დონეზე. (ნუ თუ მარცვლეულის რომელიმე სახეობის პოლიტიკოსი ხარ, მაშინ არ ვიცი…). მივალთ აქამდეც იმედია..მაინც და მაინც ბაზალეთის ტბის ძირას მდებარე ოქროს აკვნიდან აღზევებულ თეთრ რაინდს უნდა ველოდოთ? ნუ, მომგებიანია ეს პოზიცია, ზედმეტ ძალისხმევას არ მოითხოვს და რატომაც არა?

ველოდოთ კი ბატონო..

მაგრამ, “ალბათ” აჯობებს ყველამ თავის საქმეს და პროფესიას მიხედოს პატიოსნად და კეთილსინდისიერად. ამიტომაც, წავედი ეხლა მეც, ჩემს საქმეს მივხედავ…

2011 © გ.დ.

Advertisements