მთავარი » ბიტლზი » ჩემი და პოლ მაკარტნის პირველი შეხვედრა

ჩემი და პოლ მაკარტნის პირველი შეხვედრა

ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობენ რაღაც განსკუთრებული თარიღები. ვიღაცეებისთვის ეს ვინმეს (ან საკუთარი) დაბადების დღეა, ზოგისთვის ლატარიაში მილიონის მოგების თარიღია, ზოგისთვის ვინმეს გაცნობის და ზოგიერთისთვისაც დიდი საფეხბურთო მატჩის დღეა. ლატარიის ბილეთს რომ ავსებენ, ხომ გინახიათ, რომ იმ რიცხვებს ხაზავენ, რომელ რიცხვებთანაც რაიმე განსაკუთრებული აკავშირებთ. მე არასოდეს არ მჯეროდა, კი არა და, არ მქონდა ესეთი განსაკუთრებული თარიღი, უფრო სწორედ დიდ მნიშვნელობას არასოდეს ვანიჭებდი ამას. მაგრამ, ერთი წლის წინ ყველაფერი შეიცვალა. ჩემთვის უკვე არსებობს 3 დეკემბერი. რიცხვი სამი. თვე დეკემბერი. წელი 2009. მას შემდეგ უკვე ერთი წელი გავიდა, და ერთი წლის თავზე ეს პოსტიც დაიწერა.

მაგრამ, 3 დეკემბრამდე იყო, ნოემბრის ერთი ჩვეულებრივი საღამო. ჩვეული სიცივე. და სახლში, უფრო სწორედ ჩემს ოთახში, კომპიუტერში შემძვრალი ჩემი თავი. ზედმეტი მოცაელეობისგან გახსნილი ფანტაზია და უბრალოდ იმაზე ოცნება, რომ იქნება და სადმე შორს იყოს სერ პოლის კონცერტი, და საკუთარი თავის წარმოდგენა, როგორ ვყვები მას პენი ლეინის სიმღერაში…ასე ფიქრებში გართულს, ერთ-ერთ საიტზე უცებ რაღაც დაუჯერებელი რამე მხვდება თვალში: Sir Paul McCartney – Good Evening Berlin. მეგონა მეძინებოდა ძალიან და წესიერად ვერ ვაზროვნებდი. რამდენჯერმე წავიკითხე! აშკარად ყველაფერი ისე იყო, როგორც ჩანდა. თარიღი მილიონჯერ გადავამოწმე: 3.12.2009. ნუთუ მართალია? მეგონა რომ რამე შეცდომა იქნებოდა. იმიტომ რომ, ხომ არ შეიძლებოდა ეს თარიღი მე გამომპარვოდა?! არა, მართლა 3 დეკემბერი ეწერა. ანუ სულ რაღაც თვეზე ნაკლები რჩებოდა! და ასე ახლოს! აქვე! სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში! მგონი რაღაც ხდებოდა ჩემს თავს. მაშინ ყველაზე სულელური გადაწყვეტილება მივიღე რაც კი შეიძლება მიმეღო: შეშინებულმა გამოვრთე კომპიუტერი და სასწრაფოდ დავიძინე! წარმოდგენა არ მაქვს რატომ…

აი მეორე დღეს კი, როგორც კი ავდექი, ვქენი ის, განვიცადე ის 5 წუთი, რასაც მთელი ცხოვრება ასე ველოდი. ის 5 წუთი, რასაც ასე ხშირად წარმოვიდგენდი მთელი ჩემი ბიტლომანური ცხოვრება: დავრეკე და ვიყიდე, დიახ დიახ, ვიყიდე კონცერტის ბილეთი! თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ეს რა ნეტარებაა, როდესაც ცოტა მონგრეული ინგლისურით ვიღაც ბატონი გაუბნებათ: Thank You Sir! You have just bought a ticket for Sir Paul McCartney’s Concert! Wish you a nice evening!..გაიგეთ?! ბილეთი გაქვსო! და აბა შენ იცი! ისიამოვნეო! ისიამოვნეო! სასაცილოდაც არ მეყო..იმას არ მოვყვები მერე რა ანომალიური მოვლენები დამეწყო მთელი დღე! განა იმიტომ, რომ მერიდება ან არ მინდა ასე სახალხოდ მოვყვე?! აარა, უბრალოდ არც კი მახსოვს…

ამის მერე დაიწყო ყველაზე რთული პერიოდი. კვირების, დღეების, საათების თვლა. თვლა აუღელვებლად, წყნარად და მშვიდად.

ასე ნელ-ნელა მოდიოდა 3 დეკემბერი. და როგორც ყველაფერი კარგი, ეს ლოდინიც ძალიან მალე დამთვარდა. წინა ღამეს არ მეძინა: მე ხომ სულ რაღაც 24 საათში ჩემს ყველაზე დიდ ოცნებას ავისრულებდი, და ამასთანავე, ჩემს ყველაზე დიდ ოცნებას გამოვეთხოვებოდი. სულ რაღაც 24 საათში გავიგებდი, როგორი იქნებოდა ცხოვრება ოცნების გარეშე…

ნუ მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, როგორც იქნა დადგა ეს 3 დეკემბერიც, მოვითავე მაინც და მაინც იმ დღეს დანიშნული გამოცდა, გავემზადე, ჩავიცვი ჩემი ბიტლზის მაისური, და ჩემს ორ თანამგზავრთან ერთად გავემართე ბერლინისკენ. ისე როგორ იქნებოდა, რამე გაუთვალისწინებელი არ მომხდარიყო იმ დღეს. ინებეთ: მატარებელი რომელიც მთელი მისი არსებობის მანძილზე, მას შემდეგ რაც კაცობრიობამ რკინიგზა გამოიგონა, მას შემდეგ, რაც გერმნელმა ერმა რკინიგზის გამოყენება დაიწყო, ყოველთვის პირდაპირ მიდიოდა ბერლინში. იმ დღეს კი რაღაც დაემართა, შუა გზაში გაჩერდა, სადღაც ჩამოგვსვა და მეორე მატარებლის მისასწრებად გვარბენინა. მაგრამ ესეც კი ტკბილად მახსოვს..

რაც უფრო მეტად ვუახლოვდებოდი აღქმულ მიწას, მიწას კი არა და, დარბაზს, მით უფრო მიწევდა სიცხე, წნევა, შაქარი, ჰემოგლობინი, როე, პროთრომბინი, და ყველაფერი დანარჩენი. ნელ ნელა ვხვდებოდი ხალხს საკონცერტოდ გამოწყობილს, ყველა ასაკისას, ყველა სქესისას, რასის, აღანოგობის, გონებრივი შესაძლებლობების, თვალის ფერის, ფეხის ზომის, თმის ფერის…ნელ ნელა ჩნდებოდა პოსტერები, რეკლამები..აჰმ, ახლოვდება..ახლოვდება..აი დარბაზიც, ხალხი, ბევრი ხალხი… ამდენი ბიტლომანი ერთად, ამდენი გამოცდილი ბიტლომანი ერთად, ამდენი ხანში შესული და ახალგაზრდა ბიტლომანი ერთად არასოდეს მინახავს. და მათ ყველას ერთი რამე აერთიანებს, მათ იციან ის რისთვისაც იქ მივიდნენ. მათ იციან რატომ მივიდნენ იქ და რა უნდათ!

გიჟივით ჩავაბარე მოსასხამი, ქუდი, ხელთათმანები, ყველაფერი ზემდეტი მოკლედ, და გავემართე დარბაზში ჩემი ადგილის დასაკავებლად. ბევრი ხალხი, ხმაური, ტექნიკოსების ბოლო შტრიხები, ყველაფერი მზადაა. მალე გამოვა ის და აი მერე აღარ ვიცი მე რა დამემართება. ალბათ ის, რასაც ერთი ჩემი მეგობარი ვარაუდობდა, ანუ უნებლიე შარდვა!

Good Evening Berlin!
მერე იცით რა მოხდა? დარბაზი ჩაბნელდა! სცენა აინთო, და…და…და სცენაზე გამოვიდა სერ პოლ მაკკარტნი. ეხლაც მაჟრიალებს და მაშინ ალბათ დაბუჟებული მქონდა მთელი სხეული. პირდაპირ ყველანაირი მისალმების გარეშე პირველი აკორდი, მეორე, მესამე, Magical Mystery Tour! ოჰ რა ემოცია იყო, სიტყვებით ამის გადმოცემა წარმოუდგენელია. Drive My Car, Jet, და ეს მე ვიყავი ჩემს რელიზებულ ოცნებაში. მე ვიყავი იქ, სადაც სულ პატარაობიდან წარმომედგინა ჩემი თავი, ვიყავი ზუსტად ისე, როგორც წარმომედგინა (ერთადერთი იმ განსხვავებით, რომ პენი ლეინი არ იმღერა). ვიყავი პროცესში, როდესაც განვიცდიდი იმას, რაც არასოდეს განმიცდია!!! არანაირი რაციონალური არ იყო მაშინ ჩემში, ვმღეროდი მთელ ხმაზე, ისე როგორც შემეძლო, რაც შემეძლო, არ მაინტერესებდა რომ ჩემს წინ ცოტათი ასაკიანი ქალბატონი იჯდა, და შემთხვევით ხელი ვთხარე პირდაპირ თავში, და შეცბუნებულმა რომ გამომხედა მე გვერდზე გავიწიე, ისე რომ იმ ქალს ეჭვი ჩემს გვერდზე მდგომ ვიღაც გერმანელზე აეღო. სულ არ მაინტერესებდა რას იზამდა, ან რას იტყოდა! Blackbird, My Love, Band on The Run, Live and Let Die, არაამქვეყნიურობა იყო. ეს კიდევ არაფერი, Let It Be-ც კი თავიდან აღმოვაჩინე! მერე დაიწყო ჰეი ჯუდი! ეს ნამდვილად ღვთაებრივი მუსიკაა! მთელი დარბაზი მღეროდა, ხან ცალკე კაცები, ხან მარტო ქალები, ხანაც ერთად, სერ პოლი კი სცენიდან დირიჟორობდა. ყველაფერ სიკეთესთან ერთად, ორი ე.წ. Extended Jam-ი ჰქონდა, რაც დამატებით ხიბლს ძენდა ყველაფერს რაც იქ ხდებოდა. ოოხ, რა ახალგაზრდა იყო პოლი თქვენ ვერც კი წარდმოიდგენთ. აბა სხვანაირად Only Mama Knows-ს როგორ იმღერებდა. შემდეგ მიაყოლა Let Me Roll it/ Foxey Lady outro, Highwaყ, Long and winding road, (I Want to) Come Home – სხვათაშორის ამ სიმღერის პრემიერა იყო მაგ ტურის დროს, My Love, Blackbird – რომლის შესრულების დროსაც რომელიღაც აკორდი შეეშალა, რა თქმა უნდა შეიმჩნია, და რა თქმა უნდა ყველამ გაიგო და ისიც რა თქმა უნდა, ბოლოს იმ ტონალობაში დაამთავრა, რომ აკორდი გასწორებულიყო. :D. ლენონის და ჯორჯისადმი მიძღვნილი Something და A Day in the life/Give Peace a Chance. რომ ვიხსენებ/ვუყურებ სიმღერების ჩამონათვალს, რომელიც იმ დრეს იმღერა, მინდება სათითაოდ დავწერო თითოეულზე რა ემოციას ვგრძნობდი. მაგრამ ძალიან გამიგრძელდება. მითუმეტეს რომ I’ve got a Feeling-ზე და Ob la Di, Ob la Da -ზე ცალკე პოსტის დაწერა შემიძლია. ამ ყველაფრის გვირგვინი იცით რა იყო? ვერ გამოიცანით! Helter Skelter!!! დარწმუნებული ვარ იცოდა სერ პოლმა დარბაზში რომ ვიყავი და ეს სიმღერა მე მომიძღვნა! სხვა ვარიანტი არ არსებობს. პირველივე აკორდებიდანვე, სიგიჟე, სიხარული, აღტაცება, თავისუფლება, გაუგებრობა, არეულობა, ქაოსი, სიყვარული, მეგობრობა, ძმობა, ერთობა, ყველაფერი თავის პიკს აღწევს. და ჰარმონიულად გადადის Sgt. Peppers/The End-ის ნაწილზე. კონცერტის ბოლო!

კონცერტის დასრულების შემდეგ, სრულიად დადუმებული ვიყავი, და არ შემეძლო ყველაზე მარტივი წინადადების ნორმალურად დალაგებაც კი. უბრალოდ ლაპარაკის თავი არ მქონდა. არც ყინვაში მატარებლის ლოდინი მახსოვს და არც ის, სახლში როგორ მოვედი. მას შემდეგ, დიდი ხნის მანძილზე, რამდენიმე კვირა ალბათ, ბიტლზისთვის საერთოდ აღარ მომისმენია. არაფრისთვის არ მომისმენია. არ ვიცი რატომ. უბრალოდ არანაირი მოთხოვნილება არ მქონდა მუსიკის.

ეს ყველაფერი მეორე, მეათე და მეათასშვიდასსამოცდამერვეხარისხოვანია! იმ დღეს მე ხომ ჩემს მთავარ ოცნებას გამოვეთხოვე!

პ.ს. დიდი ხანი ვერაფრით მოვიფიქრე რა დამერქმია ამ პოსტისთვის.

დეკემბერი, 2010 © გ.დ.

Advertisements

12 thoughts on “ჩემი და პოლ მაკარტნის პირველი შეხვედრა

  1. ახდენილი ოცნება უნდა დაგერქმია ალბათ ამ ბლოგისთვის.. მახსოვს მე რომ პირველად მაკარტნი ვნახე აბსოლიტურად იგივე გრძნობები მქონდა. განსაკუთრებით კარგად ის მახსოვს რომ რამდენიმე დღე ვერაფერს ვეღარ ვუსმენდი (მათ შორის ბითლზს) და რამდენიმე სიმღერა მეც თავიდან აღმოვაჩინე 🙂

    ძალიან კარგი იყო, შენმა ბლოგმა მეც ჩამაფიქრა მეც ხომ არ დამეწერე რამე ჩემს მოსკოვის დაუვიწყარ კონცერტზეთქო 😀

    • საინტერესო იქნება ძალიან. სხვათაშორის მოსკოვის კონცერტი რატომღაც ძალიან გამორჩეულად მახსოვს, რომელ დღეს, რა რიცხვში ვუყურე, ერთ-ერთ რუსულ არხზე. 🙂 რატომ არ ვიცი…

  2. რა ბედნიერი ხარ..
    აი, სულ ვიგრძენი ყველაფერი და ყელში რაღაც მომაწვა..

    მეც მინდა, ეგ ოცნება ავიხდინო..
    ეჭვი მეპარება, მაგრამ უკვე მერამდენე წელია ველოდები, რომ პოლი სადმე მეზობლად ჩამოვა და მე აუცილებლად წავალ.
    სასაცილოა, მაგრამ დიდი ხანია პოლის კონცერტზე დასასწრებად ფულს ვაგროვებ. მჯერა, რომ ეს ოცნება ამიხდება..

    • აუცილებლად ჩამოვა, და ჩვენ ყველანი აუცილებად წავალთ 😀 აი ფულის შეგროვებას რაც შეეხება, მაგას აზრი დიდად არ აქვს მგონი. კონცერტისთვის ფული ისე გაჩნდება არსაიდან, როგორც არაფერი..:)უცებ, თავისით.

  3. ათასჯერ წარმომიდგენია ჩემი თავი კონცერტზე, 🙂 მე და პოლი სულ let it be-ს ვმღერით და მერე ცრემლები მიდგება თვალებში… იცით როგორ მინდა ? აი ისე როგორც……. ყველა ბიტლომანს ან თითქმის ყველას 🙂 იმედია მეც წავალ კონცერტზე, ისე რატომღაც სულ მგონია რომ ბოლო-ბოლო მე და პოლი ბერლინში შევხვდებით ერთმანეთს 🙂 იმედი ბოლოს კვდება 😀

  4. რა მაგარიიაა… სულ დამაჟრიალა,ამ პოსტს რო ვკითხულობდი
    მც ხშირად წარმოვიდგენ,როგორ აღმოვჩნდები პოლის კონცერტზე,რა გრძნობები მექნება…მართლა მჯერა,რომ ვნახავ (თუმცა ამ ბოლო დროს მეც გადამეწურა იმედი 😦 ) და მარტო წარმოდგენაზეც ცუდად ვხდები 😀 არა,ალბათ ვერ წარმოვიდგენ მაინც ბოლომდე… იმედია როდესმე ვიხილავთ სერ პოლს აქ თუ არა ერევანში ან სადმე მაინც 😀 :))

  5. ამ პოსტს რო ვკითხულობდი არც ვიცი რა მწიდა,როლში შევიჭერი და თითქოს ჩემ თავზე ვკითხულობდიო.ისე ცხადად ვგრძნობდი და ვხედავდი ყველფაერს რაც აქ ეწერა.. ეხლა კიდე სევდამ შემიპყრო,როგორ მინდა….როგორ მინდა მეც ესე ამიხდეს ჩემი ოცნება..პოლი…პოლიი ვნახო..რა ბედნიერიი ვქინები..ასე მგონია ეგ ბედნიერება მთელი ცხოვრებაც კი მეყოფა…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s