არონოვსკის გედების ტბა

ოპერა, ბალეტი და ზოგადად, კლასიკური მუსიკა რომ ხელოვნების უმაღლეს და უმძლავრეს გამოვლინებად მიმაჩნია ეგ არ ახალია. მეტიც, დარწმუნებული ვარ და ამის მტკიცედ მჯერა, რომ კლასიკურ მუსიკას ემოციებში, სიღრმესა და ფილოსოფიაში ვერც ერთი ჟანრის არათუ მუსიკა, არამედ ბევრი სხვა, მონათესავე დისციპლინაც ვერ დაუდგება გვერდზე. ლიტერატურაო მეტყვით, კი ბატონო, მაგრამ ეგ საერთოდ სხვა ოპერიდანაა…

კლასიკური მუსიკა, მაინც უფრო ზოგადი და გლობალური ცნებაა, ამიტომაც ამჯერად დავწვრილმანდები და მხოლოდ ბალეტზე ვიტყვი ერთ ორ სიტყვას. თუმცა ჩემი თქმა რა საჭიროა, ოპერისა და ბალეტის თეატრები ყველა ქალაქშია და ვინც ჯერ არ დაინტერესებულხართ ამ სფეროთი, შეგიძლიათ აწი აითვისოთ, და ვისაც ათვისებული გაქვთ, მათ კიდევ ერთხელ განიცადოთ ის ყველაფერი რაც სცენიდან მოდის. მართლაც რომ ერთი სიამოვნებაა დიდ დარბაზში სკამზე მოკალათებული ჟიზელის ან დონ კიხოტის ცქერა და მოსმენა.

თუმცა ის რაც დარენ არონოვსკიმ ჩაიდინა “შავ გედში”, ეს იყო კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი უშედევრესის შედევრებს შორის ახალი შეფუთვით და მაკიაჟით წარმოჩენა. საერთოდაც არ გჭირდებათ უახსლოესი ოპერის თეატრის მისამართის მოძებნა, შეგიძლიათ მარტივად მოათავსოთ ერთი ადგილი სავარძელში, მოიმარჯვოთ კომპიუტერი და დატკბეთ. თუმცა, იმედებს გაგიცრუვებთ და გეტყვით, რომ ფილმი გედების ტბის ზღაპრულ ისტორიას არ გვიყვება (ან შეიძლება გვიყვება ირიბად). ფილმის ღირსშესანიშნაობაზე მე აქ არ და ვერ დავიწყებ დიდ სჯა ბაასს, ვინაიდან და რადგანაც არ გამომივა, მაგრამ თუ მაინც და მაინც გაინტერესებთ კომპეტენტური აზრი, შემიძლია გადაგამისამართოთ ამ საკითხის ექსპერტებთან. მე უბრალოდ იმას გეტყვით, რომ ფილმში არის ყველაფერი, რისი წარმოდგენაც კი შეგიძლიათ: სიყვარული, ემოცია, ცხოვრება, სევდა, სიკვდილი, ადამიანობა, სტრესი, რწმენა, პრობლემა, მეგობრობა, ფანტაზია, რეალიზმი, პერფექციონიზმი, ეგზისტენციალიზმი, პაციფიზმი, კუბიზმი, იმპრესიონიზმი, ყველანაირი -იზმი მოკლედ. და ეს ყვალაფერი ჩაიკოვსკის უკვდავი მუსიკის ფონზე, რაც გასაქანს არ გაძლევს მაყურებელს და 2 საათის განმავლობაში გედების ტბის გარემოში გტოვებს. თანაც ისე რომ, ერათხელაც არ დაგამთნქრებს, ერთხელაც არ მოგინდება ჩაის დასხმა, საჭირო ოთახში გასვლა, და პირწიგნაკის შემოწმება. ყველაფერი ისე მდორედ და შეუმჩენვლად გადადის ერთმანეთში, რომ გაოცების გარდა სხვა აღარაფერიღა დაგრჩენიათ. მისტიკიდან უცებ ცხოვრებისეულ რომანტიკაში დაგაბრუნებთ, საიდანაც წარმოდგენა არ მაქვს როგორ, საშინელებათა სცენაზე აღმოჩნდებით. ეს არის უბრალოდ ჭკვიანი და ლამაზი, დაძაბული და სასიამოვნო, რთული და მარტივი, რეალური და არარეალური სამყაროს ყველაზე ლამაზი წარმოჩინება. ლამაზი პირდაპირი და ირიბი გაგებით. პირდაპირით იმიტომ რომ, ნატალი პორტმანი მართლაც რომ უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ლამაზი ამ ფილმში, და ყველაფერთან ერთად იგი ძალიან უხდება ბალანჩინის პროტოტიპ კასელის გმირს. არაპირდაპირი გაგებით კი…არაპირდაპირი გაგებით კი ჯობია უყუროთ და გაიგებთ.

ფილმს ერთადერთი რამ აკლია: უმჯობესია და სასურველია (და შეიძლება აუცილებელიც კი) ნანახი გქონდეთ ან იცოდეთ მაინც გედების ტბა. ეს არის, ჩემი აზრით, ერთი დიდი სურათის ბოლო (და ალბათ არც თუ ისე პატარა) შტრიხი, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ რატომ არის ოდეტი ასეთი საინტერესო, ტრაგიკული, რთული და ლამაზი პერსონაჟი. მართალია, ზიგფრიდი და დანარჩენები ფილმში დიდად არ ფიგურირებენ, მაგრამ ისინი მაინც ფილმთან ერთად ერთ დიდ უსასრულობას ქმნიან!

არ ვიცი ფილმს, რეჟისორს, პორტმანს რა ჯილდოებს მისცემენ და რას არ მისცემენ, მაგრამ ფაქტია, რომ ფილმმა ათიანში გაარტყა.

დეკემბერი 2010 © გ.დ

ლაიპციგი და ქუჩაში შემთხვევით აღმოჩენილი იოჰან სებასტიან ბახი

საშინელი სიცივეა ევროპაში. ამაზრზენად საზიზღარი! ძალიან ცივა! ცივა ყველგან და ცივა ყვალაფერს! მოკლედ შესაშური მდგომარეობა ნადმვილად არ არის ამ კუთხით. ასეთ ამინდში კი იდეალური სურათი ალბათ ასეთია: თბილი ოთახი, ლიმნიანი ჩაი, ბოლომდე ჩარაზული ფანჯრები, ტელევიზორი, ან რამე ფილმი, ან თუნდაც ჯანდაბას ხომ, ფინანსების გადაშლილი წიგნი და მერტონ მოდელის თბილი სიტყვებით მოხსენიება!

მაგრამ არსებობენ ცოტა უცნაური ადამიანები, და რომელიღაცა ასეთმა უცნაურმა ადამიანმა მოიფიქრა ექსკურსია ქალაქ ლაიპციგში. რა გეექსკურსიება ერთი თუ ღმერთი გწამს, დაეტიე სახლში! მაგრამ, ნურას უკაცრავად!

მოკლედ ამ იდეამ ბევრი ერთი შეხედვით შეციებული სტუდენტი მოხიბლა. მათ შორის მეც. უფრო სწორედ რაღაც უცებ გადავწყვიტე რომ კარგი იქნებოდა ამ სიცივეში ექსკურსიაზე წასვლა. ნუ მოკლედ, ასე იყო თუ ისე წავედი. დილას 8 სთ-ზე გავიღვიძე, და თავი სკოლის მოსწავლე მეგონა, ადრეულად გაღვიძებული, ერთი სული რომ აქვს სკოლის ჭიშკართან ავტობუსში მოკალათდეს. გავიმზადე დღის სანოვაგე, ცხელი ჩაი და გავეშურე მთავარი სადგურისკენ, სადაც მატარებელი გველოდებოდა. გველოდებოდა რა, იდგა თავისთვის.

(თურმე რამდენი ხალხი დადის წინ და უკან ამ სიცივეში..)

ლაიპციგის სადგური საკმაოდ დიდი და ლამაზი აღმოჩნდა. უცებ ფრანკფურტის სადგურის კოშმარული ღამე გამახსენა, მაგრამ ეს ავბედითი მოგონება მაშინვე განვაგდე ფიქრთაგან ჩემთანაგან, და ქუჩისაკენ გავწიე. ნუ რა გითხრათ, ცხოვრება ჩქეფდა. საშობაო ბაზარი იყო მოწყობილი, როგორც ყველა გერმანულ ქალაქში, ხალხი მიდი მოდიოდა, სანტა კლაუსის ქუდებში გამოწყობილები, ყოველი მეორე კაცი (კაციც და ქალიც პრინციპში) ბრათვურსტს შეექცეოდა მადის აღმძვრელად. რაც მტავარია საერთოდ არ ციოდა ამ ხალხს!!!

რატომღაც წინა დღით არანაირი ინფრომაცია არ მოვიძიე ლაიპციგის შესახებ, რისი ნახვა-დათვალიერება შეიძლებოდა, რა ადგილები იქნებოდა საინტერესო. ალბათ, მეტყობა რომ გამოუცდელი მოგზაური ვარ. თან, თვითონ ეს ექსკურსიაც ისე, სპონტანურად დავგეგმე. ასე პირდაპირ გავუყევი ქუჩებს, მთავარი იყო ორიენტირი – ჰაუფთბანჰოფი არ დამეკარგა. უცებ გზაში გამახსენდა, რომ ბახი (იოჰან სებასტიანი) სწორედ ამ ქალაქში მოღვაწეობდა, და მოღვაწეობდა საკმაოდ დიდი ხანი და ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი დაჰყო იქ. გამიხარდა, იქნება და რამე ღირსშესანიშნაობას გადავაწყდე მეთქი. და ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი: ბახის ძეგლი წამომეჭიმა წინ. მის უკან კი ცნობილი წმიდა თომას ეკლესია. ჯერ მხოლოდ ამ სანახაობით ვიყავი აღფრთოვანებული, რომ უცებ გზის მეორე მხარეს ბახის მუზეუმი დავლანდე. შესანიშნავი მოგზაური ვარ! პირდაპირ იქ მივედი სადაც მინდოდა!

საუცხოო მუზეუმი იყო! მდიდრული, გრაციოზული, არისტოკრატული! ბახური! ნამდვილად ბახური! მომსახურე პერსონალი და ე.წ გიდებიც კი ისე დახვეწილად იქცეოდნენ, რომ ბახის რომელიღაც შვილის რომელიღაც შთამომავალი გეგონებოდათ. ბევრი სიძველე ძალიან ჰარმონიულად იყო შერწყმული უახლეს (ან არც თუ ისე ახალ) ტექნოლოგიებთან. ოთახიდან სადაც ბახის ხელნაწერები ინახებოდა, უცებ აღმოჩნდებოდით დარბაზში, სადაც თქვენს მიერ არჩეულ ინსტრუმენტებს ღილაკის ერთი პატარა დაჭერით ააჟღერებდით, და მერე შეფასებაც შეგეძლოთ, როგორი ორკესტრი გამოგივიდათ. ჩელოს დინჯ ხმოვანებას შეუხამებდით ფაგოტს, ტრომბონსა და ქსილოფონს და რამე გამოგივიდოდათ ნამდვილად. მე ნამდვილად არ გამომივიდა, იმიტომ რომ ჩემთან ერთად ვიღაც მოხუცი კაცი პატარა ბავშვივით ყველა ინსტრუმენტის ღილაკს აჭერდა თითს, და არც ერთს არ უსმენდა ბოლომდე. (!). თუმცა მაგას დიდად არ გაუფუჭებია განწყობა. დირიჟორად არც ისე გამოვდგებოდი და არც ასე. ასე რომ..

ძველისძველი ორღანის ნახვა თუ გინდოდათ, მაშინ შემდეგ ოთახში უნდა შესულიყავით. როგორც აღმოჩნდა სულ რამდენიმეღა ყოფილა დარჩენილი მსგავსი ორღანი, და ერთ-ერთი სად თუ არა ლაიპციგში ინახებოდა. ეჭვი მქონდა რომ შემდეგი დარბაზი ასევე რაიმე სურპრიზს შემომთავაზებდა ტექნოლოგიების მხრივ და ისევ მართალი აღმოვჩნდი. რაღაც ულტრა თანამედროვე ზე-ტექნოლოგიების მქონე რაღაც ჰაი ჰუი ეკრანი სადაც თითის ერთ მოსმით ხან ქუჩებში დასეირნობდი ბახთან ერთად, ხან ტოკატა და ფუგის სამუშაო ვარიანტს აკვირდებოდი, და ხანაც ბახის კალიგრაფიის თავისებურებებს ითვისებდი. (ისე რა გაკრული ხელი ქონია). თვალიერებაში ისე გავერთე რომ ამასობაში მუზეუმის ბოლოში გავსულვარ. იქ რაღაც ნაცრისფერი კარი იყო და მეგონა რომ უნდა გამეგრძელებინა გზა და ერთი ორი დავეჯაჯგურე ამ კარებს, მაგრამ როგორც კი შევამჩნიე რამდენიმე უცნაურად მოცქერებული წყვილი თვალი, მშვიდად და წყნარად, ბახისეული ღიმილით გამოვბრუნდი უკან.

მუზეუმს რა თქმა უნდა მცირე ზომის საყავეც ახლავს პირველ სართულზე, სადაც ასევე მშვიდ და ბახისეულ გარემოში მოგართმევენ იმას რაც გნებავთ.

მუზეუმიდან გამოსულმა სრულიად შემთხვევით დავინახე გზის მაჩვენებლები მენდელსონის სახლ-მუზეუმისკენ! და მაშინ-ღა გავაცნოებიერე რომ გერმანიის, და არა მარტო, ერთ-ერთი ყველაზე “კულტურულ” ქალაქში ვიმყოფებოდი! ჯერ საერთოდ რამეს თუ ვნახავდი არ მეგონა, და ეხლა ბახი და მენდელსონიო! უცებ ამომიტივტივდა ბუნდოვნად, რომ მენდელსონიც მუშობდა ლაიპციგში და ორკესტრსაც ხელმძვანელობდა! (ამრიგად, ჩემი მოსწავლეობის დროს გაწეული ამაგი წყალში არ ჩავუყარე ჩემს მუსლიტერატურის პედაგოგს!). მაგრამ ეს ამოტივტივება უკვე გვიანი იყო. მენდელსონი კი მიყვარს, მაგრამ ჩემი თავი უფრო მიყვარს და იმ სიცივეში ფეხით კიდევ ვერ ვივლიდი იმდენს. თან დროც აღარ მქონდა ბევრი, უფრო სწორედ საკმარისი, და დანიშნულების ადგილ – ჰაუფთბანჰოფისკენ გავწიე.

ძალიან კარგი ექსკურსია გამოდგა მთლიანობაში. (ისე ექსკურსია ერქვა და ერთი გიდი არ უნდა გვყოლოდა?ასე გზააბნეული ხომ არ ვისეირნებდი და ამდენ დროს არ დავკარგავდი!). სახლში ჩამოსულმა კი წავიკითხე მერე რაღაცეები ლაიპციგზე, რაოდენ დიადი და გასაოცარი ქალაქია ეს ისედაც ჩანდა, მაგრამ ახალი და საინტერესოც უამრავი აღმოვაჩინე. ამიტომაც, აუცილებლად უნდა წავიდე კიდევ ერთხელ…ოღონდ, მერე! აი რომ გამოთბება მერე…

ამიერიდან, ლაიპციგზე პირველი რაც გამახსენდება ეს, იოჰან სებასტიან ბახი იქნება.

დეკემბერი, 2010 © გ.დ.

ჩემი და პოლ მაკარტნის პირველი შეხვედრა

ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობენ რაღაც განსკუთრებული თარიღები. ვიღაცეებისთვის ეს ვინმეს (ან საკუთარი) დაბადების დღეა, ზოგისთვის ლატარიაში მილიონის მოგების თარიღია, ზოგისთვის ვინმეს გაცნობის და ზოგიერთისთვისაც დიდი საფეხბურთო მატჩის დღეა. ლატარიის ბილეთს რომ ავსებენ, ხომ გინახიათ, რომ იმ რიცხვებს ხაზავენ, რომელ რიცხვებთანაც რაიმე განსაკუთრებული აკავშირებთ. მე არასოდეს არ მჯეროდა, კი არა და, არ მქონდა ესეთი განსაკუთრებული თარიღი, უფრო სწორედ დიდ მნიშვნელობას არასოდეს ვანიჭებდი ამას. მაგრამ, ერთი წლის წინ ყველაფერი შეიცვალა. ჩემთვის უკვე არსებობს 3 დეკემბერი. რიცხვი სამი. თვე დეკემბერი. წელი 2009. მას შემდეგ უკვე ერთი წელი გავიდა, და ერთი წლის თავზე ეს პოსტიც დაიწერა.

მაგრამ, 3 დეკემბრამდე იყო, ნოემბრის ერთი ჩვეულებრივი საღამო. ჩვეული სიცივე. და სახლში, უფრო სწორედ ჩემს ოთახში, კომპიუტერში შემძვრალი ჩემი თავი. ზედმეტი მოცაელეობისგან გახსნილი ფანტაზია და უბრალოდ იმაზე ოცნება, რომ იქნება და სადმე შორს იყოს სერ პოლის კონცერტი, და საკუთარი თავის წარმოდგენა, როგორ ვყვები მას პენი ლეინის სიმღერაში…ასე ფიქრებში გართულს, ერთ-ერთ საიტზე უცებ რაღაც დაუჯერებელი რამე მხვდება თვალში: Sir Paul McCartney – Good Evening Berlin. მეგონა მეძინებოდა ძალიან და წესიერად ვერ ვაზროვნებდი. რამდენჯერმე წავიკითხე! აშკარად ყველაფერი ისე იყო, როგორც ჩანდა. თარიღი მილიონჯერ გადავამოწმე: 3.12.2009. ნუთუ მართალია? მეგონა რომ რამე შეცდომა იქნებოდა. იმიტომ რომ, ხომ არ შეიძლებოდა ეს თარიღი მე გამომპარვოდა?! არა, მართლა 3 დეკემბერი ეწერა. ანუ სულ რაღაც თვეზე ნაკლები რჩებოდა! და ასე ახლოს! აქვე! სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში! მგონი რაღაც ხდებოდა ჩემს თავს. მაშინ ყველაზე სულელური გადაწყვეტილება მივიღე რაც კი შეიძლება მიმეღო: შეშინებულმა გამოვრთე კომპიუტერი და სასწრაფოდ დავიძინე! წარმოდგენა არ მაქვს რატომ…

აი მეორე დღეს კი, როგორც კი ავდექი, ვქენი ის, განვიცადე ის 5 წუთი, რასაც მთელი ცხოვრება ასე ველოდი. ის 5 წუთი, რასაც ასე ხშირად წარმოვიდგენდი მთელი ჩემი ბიტლომანური ცხოვრება: დავრეკე და ვიყიდე, დიახ დიახ, ვიყიდე კონცერტის ბილეთი! თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ეს რა ნეტარებაა, როდესაც ცოტა მონგრეული ინგლისურით ვიღაც ბატონი გაუბნებათ: Thank You Sir! You have just bought a ticket for Sir Paul McCartney’s Concert! Wish you a nice evening!..გაიგეთ?! ბილეთი გაქვსო! და აბა შენ იცი! ისიამოვნეო! ისიამოვნეო! სასაცილოდაც არ მეყო..იმას არ მოვყვები მერე რა ანომალიური მოვლენები დამეწყო მთელი დღე! განა იმიტომ, რომ მერიდება ან არ მინდა ასე სახალხოდ მოვყვე?! აარა, უბრალოდ არც კი მახსოვს…

ამის მერე დაიწყო ყველაზე რთული პერიოდი. კვირების, დღეების, საათების თვლა. თვლა აუღელვებლად, წყნარად და მშვიდად.

ასე ნელ-ნელა მოდიოდა 3 დეკემბერი. და როგორც ყველაფერი კარგი, ეს ლოდინიც ძალიან მალე დამთვარდა. წინა ღამეს არ მეძინა: მე ხომ სულ რაღაც 24 საათში ჩემს ყველაზე დიდ ოცნებას ავისრულებდი, და ამასთანავე, ჩემს ყველაზე დიდ ოცნებას გამოვეთხოვებოდი. სულ რაღაც 24 საათში გავიგებდი, როგორი იქნებოდა ცხოვრება ოცნების გარეშე…

ნუ მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, როგორც იქნა დადგა ეს 3 დეკემბერიც, მოვითავე მაინც და მაინც იმ დღეს დანიშნული გამოცდა, გავემზადე, ჩავიცვი ჩემი ბიტლზის მაისური, და ჩემს ორ თანამგზავრთან ერთად გავემართე ბერლინისკენ. ისე როგორ იქნებოდა, რამე გაუთვალისწინებელი არ მომხდარიყო იმ დღეს. ინებეთ: მატარებელი რომელიც მთელი მისი არსებობის მანძილზე, მას შემდეგ რაც კაცობრიობამ რკინიგზა გამოიგონა, მას შემდეგ, რაც გერმნელმა ერმა რკინიგზის გამოყენება დაიწყო, ყოველთვის პირდაპირ მიდიოდა ბერლინში. იმ დღეს კი რაღაც დაემართა, შუა გზაში გაჩერდა, სადღაც ჩამოგვსვა და მეორე მატარებლის მისასწრებად გვარბენინა. მაგრამ ესეც კი ტკბილად მახსოვს..

რაც უფრო მეტად ვუახლოვდებოდი აღქმულ მიწას, მიწას კი არა და, დარბაზს, მით უფრო მიწევდა სიცხე, წნევა, შაქარი, ჰემოგლობინი, როე, პროთრომბინი, და ყველაფერი დანარჩენი. ნელ ნელა ვხვდებოდი ხალხს საკონცერტოდ გამოწყობილს, ყველა ასაკისას, ყველა სქესისას, რასის, აღანოგობის, გონებრივი შესაძლებლობების, თვალის ფერის, ფეხის ზომის, თმის ფერის…ნელ ნელა ჩნდებოდა პოსტერები, რეკლამები..აჰმ, ახლოვდება..ახლოვდება..აი დარბაზიც, ხალხი, ბევრი ხალხი… ამდენი ბიტლომანი ერთად, ამდენი გამოცდილი ბიტლომანი ერთად, ამდენი ხანში შესული და ახალგაზრდა ბიტლომანი ერთად არასოდეს მინახავს. და მათ ყველას ერთი რამე აერთიანებს, მათ იციან ის რისთვისაც იქ მივიდნენ. მათ იციან რატომ მივიდნენ იქ და რა უნდათ!

გიჟივით ჩავაბარე მოსასხამი, ქუდი, ხელთათმანები, ყველაფერი ზემდეტი მოკლედ, და გავემართე დარბაზში ჩემი ადგილის დასაკავებლად. ბევრი ხალხი, ხმაური, ტექნიკოსების ბოლო შტრიხები, ყველაფერი მზადაა. მალე გამოვა ის და აი მერე აღარ ვიცი მე რა დამემართება. ალბათ ის, რასაც ერთი ჩემი მეგობარი ვარაუდობდა, ანუ უნებლიე შარდვა!

Good Evening Berlin!
მერე იცით რა მოხდა? დარბაზი ჩაბნელდა! სცენა აინთო, და…და…და სცენაზე გამოვიდა სერ პოლ მაკკარტნი. ეხლაც მაჟრიალებს და მაშინ ალბათ დაბუჟებული მქონდა მთელი სხეული. პირდაპირ ყველანაირი მისალმების გარეშე პირველი აკორდი, მეორე, მესამე, Magical Mystery Tour! ოჰ რა ემოცია იყო, სიტყვებით ამის გადმოცემა წარმოუდგენელია. Drive My Car, Jet, და ეს მე ვიყავი ჩემს რელიზებულ ოცნებაში. მე ვიყავი იქ, სადაც სულ პატარაობიდან წარმომედგინა ჩემი თავი, ვიყავი ზუსტად ისე, როგორც წარმომედგინა (ერთადერთი იმ განსხვავებით, რომ პენი ლეინი არ იმღერა). ვიყავი პროცესში, როდესაც განვიცდიდი იმას, რაც არასოდეს განმიცდია!!! არანაირი რაციონალური არ იყო მაშინ ჩემში, ვმღეროდი მთელ ხმაზე, ისე როგორც შემეძლო, რაც შემეძლო, არ მაინტერესებდა რომ ჩემს წინ ცოტათი ასაკიანი ქალბატონი იჯდა, და შემთხვევით ხელი ვთხარე პირდაპირ თავში, და შეცბუნებულმა რომ გამომხედა მე გვერდზე გავიწიე, ისე რომ იმ ქალს ეჭვი ჩემს გვერდზე მდგომ ვიღაც გერმანელზე აეღო. სულ არ მაინტერესებდა რას იზამდა, ან რას იტყოდა! Blackbird, My Love, Band on The Run, Live and Let Die, არაამქვეყნიურობა იყო. ეს კიდევ არაფერი, Let It Be-ც კი თავიდან აღმოვაჩინე! მერე დაიწყო ჰეი ჯუდი! ეს ნამდვილად ღვთაებრივი მუსიკაა! მთელი დარბაზი მღეროდა, ხან ცალკე კაცები, ხან მარტო ქალები, ხანაც ერთად, სერ პოლი კი სცენიდან დირიჟორობდა. ყველაფერ სიკეთესთან ერთად, ორი ე.წ. Extended Jam-ი ჰქონდა, რაც დამატებით ხიბლს ძენდა ყველაფერს რაც იქ ხდებოდა. ოოხ, რა ახალგაზრდა იყო პოლი თქვენ ვერც კი წარდმოიდგენთ. აბა სხვანაირად Only Mama Knows-ს როგორ იმღერებდა. შემდეგ მიაყოლა Let Me Roll it/ Foxey Lady outro, Highwaყ, Long and winding road, (I Want to) Come Home – სხვათაშორის ამ სიმღერის პრემიერა იყო მაგ ტურის დროს, My Love, Blackbird – რომლის შესრულების დროსაც რომელიღაც აკორდი შეეშალა, რა თქმა უნდა შეიმჩნია, და რა თქმა უნდა ყველამ გაიგო და ისიც რა თქმა უნდა, ბოლოს იმ ტონალობაში დაამთავრა, რომ აკორდი გასწორებულიყო. :D. ლენონის და ჯორჯისადმი მიძღვნილი Something და A Day in the life/Give Peace a Chance. რომ ვიხსენებ/ვუყურებ სიმღერების ჩამონათვალს, რომელიც იმ დრეს იმღერა, მინდება სათითაოდ დავწერო თითოეულზე რა ემოციას ვგრძნობდი. მაგრამ ძალიან გამიგრძელდება. მითუმეტეს რომ I’ve got a Feeling-ზე და Ob la Di, Ob la Da -ზე ცალკე პოსტის დაწერა შემიძლია. ამ ყველაფრის გვირგვინი იცით რა იყო? ვერ გამოიცანით! Helter Skelter!!! დარწმუნებული ვარ იცოდა სერ პოლმა დარბაზში რომ ვიყავი და ეს სიმღერა მე მომიძღვნა! სხვა ვარიანტი არ არსებობს. პირველივე აკორდებიდანვე, სიგიჟე, სიხარული, აღტაცება, თავისუფლება, გაუგებრობა, არეულობა, ქაოსი, სიყვარული, მეგობრობა, ძმობა, ერთობა, ყველაფერი თავის პიკს აღწევს. და ჰარმონიულად გადადის Sgt. Peppers/The End-ის ნაწილზე. კონცერტის ბოლო!

კონცერტის დასრულების შემდეგ, სრულიად დადუმებული ვიყავი, და არ შემეძლო ყველაზე მარტივი წინადადების ნორმალურად დალაგებაც კი. უბრალოდ ლაპარაკის თავი არ მქონდა. არც ყინვაში მატარებლის ლოდინი მახსოვს და არც ის, სახლში როგორ მოვედი. მას შემდეგ, დიდი ხნის მანძილზე, რამდენიმე კვირა ალბათ, ბიტლზისთვის საერთოდ აღარ მომისმენია. არაფრისთვის არ მომისმენია. არ ვიცი რატომ. უბრალოდ არანაირი მოთხოვნილება არ მქონდა მუსიკის.

ეს ყველაფერი მეორე, მეათე და მეათასშვიდასსამოცდამერვეხარისხოვანია! იმ დღეს მე ხომ ჩემს მთავარ ოცნებას გამოვეთხოვე!

პ.ს. დიდი ხანი ვერაფრით მოვიფიქრე რა დამერქმია ამ პოსტისთვის.

დეკემბერი, 2010 © გ.დ.