მთავარი » მუსიკა » მე – ბიტლომანი

მე – ბიტლომანი

რას ნიშნავს უსმენდე ბიტლზს და თავს თვლიდე ნამდვილ ბიტლომანად? რთული შეკითხვაა და ეჭვი მაქვს პასუხის მრავალი ვარიანტი ექნება. გააჩნია ვინ როგორ აღიქვამს ბიტლზს. ის ვიღაცისთვის შეიძლება იყოს უბრალოდ მუსიკა, ვიღაცისთვის ის ოთხი ვიღაც ტიპის ჯგუფია, სხვებისთვის ლეთ ით ბი და იესთერდეი-ა, შეიძლება ვინმესთვის საერთოდაც არაფერი არ არის. (რას ვიზამთ, ესეც არ არის გამორიცხული). სინამდვილეში კი, ბიტლზი ძალიან ბევრი და ძალიან დიდია. (მგონი)

ვინც მე მიცნობს, კარგად თუ არც ისე კარგად, ალბათ ცოტათი მაინც იცის რას ნიშნავს ჩემთვის ბიტლზი. ბიტლზი ეს არის ჩემი ცხოვრების თითოეული ეტაპის ფონი. ბიტლზი ეს არის ჩემი ბავშვობა. ჩემი ბავშვობის ყველა ეტაპი დაკავშირებული იყო და არის მათთან. რომ დავფიქრდე, ზუსტად ვერ გეტყვით როდის დავიწყე ბიტლზის მოსმენა, ამიტომაც მგონია, რომ რაც დავიბადე მას შემდეგ აზრიანად თუ გაუცნობიერებლად ბიტლზს ვუსმენ. ეს რა თქმა უნდა ჰაერიდან არ მოსულა: რომ არა დედაჩემი და თოთოობის დროს გაუცნობიერებლად რეი ჩარლზის, ბიტლზის თუ აბბა-ს ფირფიტების მოსმენა, ალბათ დღეს ბრიტნის სპირსის და ბექ სთრით ბოიზის სურათები მექნებოდა კედლებზე გამოჭენებული. რომ წამოვიზარდე, ბიტლზმა უკვე სხვა, ბევრად უფრო ფართო დატვირთვა მიიღო. საბედნიეროდ, გაუგებარი მიზეზების გამო (და ეს დღემდე ვერ ამიხსნია რატომ მოხდა ასე) არ გავხდი საფეხბურთო კლუბ ლივერპულის გულშემატკივარი. და თავიდანვე, ისევე როგორც მუსიკაში, ფეხბურთშიც ჭეშმარიტების გზას დავადექი.

ინგლისურის სწავლის და ყურის მუსიკალურად განვითარების გარდა სხვა ბევრი ფაქტორიც იყო იმისთვის, რომ ამ ჯგუფს განსაკუთრებული სტატუსი და ადგილი ჰქონოდა ჩემთს ცხოვრებაში. ეს მუსიკა მასვენებდა, მაძლევდა განწყობას სამეცადინოდ, დასაძინებლად, საჭმელად, ქუჩაში გასასვლელად. მოკლედ ძალიან ბევრი რამისთვის. მაგალითად, მშვენივრად მახსოვს ჩემი აბიტურიენტობის ხანას რომელი ალბომები და რომელი სიმღერები უკავშირდება. რომელი სიმღერები იყო აქტუალური არდადეგებზე, ახალ წელს, საღამოს, დილას, ძილის წინ, გზაში. აბაზანაშიც კი. ისეთი მომენტებიც იყო, როდესაც ვკითხულობდი, ვუყურებდი და ვუსმენდი ყველაფერს რაც ამ ოთხეულს უკავშირდებოდა, და მიხაროდა, რომ უფრო და უფრო მეტ რაღაცეებს ვიგებდი. ჩემი პრეზენტაციების და საშინაო დავალების ესეების არც თუ ისე იშვიათი თემა იყო ხოლმე ეს ჯგუფი. მეტსაც გეტყვით, ისეთი დღეებიც ყოფილა, და არაერთხელ, როცა უკლებლივ ყველა ალბომისთვის მომისმენია მიჯრით. 250 სიმღერის ერთმანეთის მიყოლებით მოსმენა ერთი სიამოვნებაა დამიჯერეთ!:) ყველაფერ სიკეთესეთან ერთად, ჩემს გარშემო მყოფებზეც ვზრუნავდი, და დღეს ძალიან მიხარია და საოცრად თვითკმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩემი ძვირფასი დაიკოც (და არა მარტო ის) დავაყენე ჭეშმარიტების გზაზე, (მეტნაკლებად მაინც :D) და იმედია ამ გზას აღარ აცდება და ემინემს და ლედი გაგას არ მოუსმენს მომავალში. იმედია! 😀

ჩემი ბიტლომანობის პერიოდი ორად იყოფა: ოცნების და “დაღვინების” პერიოდებად. ოცნების ხანა მოიცავს პერიოდს დაბადებიდან 2009 წლის 3 დეკემბრის საღამოს 8 საათამდე, ანუ მანამდე სანამ სერ პოლ ჯეიმსის ძე მაკარტნის ცოცხლად მოვუსმინე (თუმცა ეს სხვა თემაა, და მალე იუბილე უწევს ამ თარიღს და ვრცლად იქ დავწერ ყველაფერს), და მეორე ხანა: 3 დეკემბრიდან დღემდე.

მიყვარს უკლებლივ ყველა სიმღერა, ყველა ალბომი, ოთხეულის ყველა გამოჩენა, ჭორი და ყველა ინტერვიუ. მაგრამ…

ერთი დიდი მაგრამ არსებობს: ძალიან ბევრი ბიტლომანისგან განსხვავებით, ჩემთვის ჯონი, პოლი, რინგო და ჯორჯი საერთოდაც არ არიან ავტორიტეტები მუსიკის გარეთ. მუსიკაში ისინი ჩემთვის ერთადერთები არიან, და თუ მუსიკის ღმერთი არსებობს, მაშინ ის ლივერპულიდანაა ნამდვილად. მაგრამ მის გარეთ…

მაგალითად, არ ვარ ჯონის თანამოაზრე მის ათეისტურ იდეებში (ვერც ვიქნები), ხშირად არც პიროვნული თავისუფლების “გიჟ-მაჟურ” იდეებს ვემხრობი. არც მისი ცხოვრების სტილი მომწონდა დიდად, და არც ელესდე მიმაჩნია მუზის წყაროდ. რა ვქნა მაგრამ ვერ გავხდები მეც ვეგეტარიანელი მხოლოდ იმის გამო, რომ სერ პოლი ხორცს არ ჭამს. მისი ხათრით, ვერც კეტებს ჩავიცმევ შარვალ-კოსტუმზე. პოლის ხათრით რომ არც ევერტონს არ ვუგულშემატკივრებ, მაგას უკვე მიხვდით ალბათ ხო? ანდა საერთოდ რა საჭიროა? ჯერჯერობით (და არც არასდროს) არ ვაპირებ ინდოეთში ვინმე მააჰარიშთან მედიტაციაზე სირბილს, და ნირვანას ლოდინს. ნუ პრინციპში, არც დიდი ბეჭდების გაკეთება მიზიდავს :D.

მთელი თაობები სამოციან წლებში და მას შემდეგაც, ცდილობდნენ დამსგავსებოდნენ ბიტლზს. ბევრი თავის ინდივიდუალიზმს კარგავდა, და ხშირად მასა ერთნაირად გაშვებულ შარვალში, ბიტლომანურად შეკრეჭილი თმებით და ერთი და იგივე ლექსიკით და მანერებით გამოირჩეოდა. ყველა ერთნაირი იყო. ყველას ერთი აზრი ქონდა. ყველას მსგავსი პოლიტიკური შეხედულებები ქონდა. ყველამ ერთი ხელის მოსმით შეიცვალა ცხოვრების სტილი და ღირებულებები. (ეს რა თქმა უნდა, სხვას თუ არაფერს, ბიტლზის სიდიადეს და მნიშვნელობას ნამდვილად უსმევს ხაზს) რაღა დაგიმალოთ, და მე არც ანარქისტობისკენ მიბიძგებს მათი მუსიკა, არც ანტიკონსერვატიზმისკენ, არც ერთი სახელმწიფოს და ერთი რელიგიის იდეა მხიბლავს და არც ტიტველი ვაპირებ ინტერვიუების მიცემას! 🙂 მე საერთოდ პირიქით მგონია: ბიტლზი ინდივიდუალიზმს ქადაგებდა, რაზეც ჩემი აზრით მათი რამდენიმე კონცეპტუალური ალბომი და სიმღერაც მიანიშნებს.

მეორეს მხრივ, ჩემი ერთი „კოლეგა“ ბიტლომანისთვის ნამდვილი ბიტლომანობა მათ იდეურ თანამოააზრეობასაც გულისხმობს და ბიტლომანობის განუყოფელ თუ არა, ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს. მასაც, ჩემზე მეტად თუ არა, ნამდვილად არანაკლებად უყვარს ბიტლზი. და შესაბამისად იმის განსაზვრა, თუ რას ნიშნავს იყო ნადმვილი ბიტლომანი, ან როგორი უნდა იყოს ნამდვილი ბიტლომანი, ცოტა რთულად მეჩვენება და ამის დეფინიცია ბოლოს მაინც სუბიექტური ხდება ძალიან.

ამიტომაც, ყველაფერს ჯობია, უბრალოდ დახუჭოთ თვალები, life is easy with eyes closed , როგორც ერთმა ცნობილმა სათვალიანმა კაცმა გვითხრა, გადაეშვით Magical Mystery Tour -ში, იმოგზაურეთ ყვითელი წყალქვეშა გემით across the universe და აღმოაჩინეთ თქვენი საკუთარი ოქროსფერი ოცნებები!

დასასრული!

პ.ს. ჩემი პირველი ბიტლომანური პოსტი!

ნოემბერი 2010 © გ.დ.

Advertisements

7 thoughts on “მე – ბიტლომანი

  1. ველოდი ამ პოსტს :))
    მე როგორც ჯერ დასაღვინებელ ანუ მეოცნებე ბიტლომანს, მიმაჩნია რომ ბიტლები მარტო მუსიკა არაა, ამიტომაც თუ ბიტლომანი ხარ, მარტო ყურებს კი არ უნდა სიამოვნებდეს, მუსიკა, არამედ ბითლზი სწორედ რომ იდეურად უნდა იყოს ახლოს, თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს იმას რომ მე ინდივიდუალიზმს არ ვემხრობი და თითქოს ვამბობ რომ უნდა მივბაძოთ, მიბაძვა არაფერ შუაშია, მითუმეტეს ისეთ წვრილმანებში როგორიცაა ვეგეტარიანელობა, შიშველი ინტერვიუები და ა.შ..
    მე პირადად ბიტლომანი გავხდი არა იმიტომ რომ მუსიკა მსიამოვნებდა მხოლოდ , არც იმიტომ რომ ჯონ ლენონის იმიჯი მომეწონა და ვიფიქრე მივბაძავ-თქო, რა კაია მრგვალი სათვალე, ექსცენტრიულობა ბაკენბარდები და ა.შ.. არა იმიტომ რომ ბუინებრივად აღმოვაჩინე ბევრი რამ საერთო.

    • რა თქმა უნდა ბიტლზი მარტო მუსიკა არ არის. ბევრად უფრო დიდია თქო, როგორც აღვნიშნე უკვე. რა თქმა უნდა, ზოგს იდეა ხიბლავს, ზოგს მაჟორული ტონალობა, ზოგს გარეგნობა, და ზოგს ლაპარაკის მანერა. ყველა ბიტლომანი თავისებურად ბიტლომანია (რაღაც ამდაგვარი ხო!) 🙂

  2. ძალიან მომეწონა…მსიამოვნებდა რო ვკითხულობდი..არ მესმის იმ ხალხის ვინც მეუბნება თინეიჯერულ ასაკში ხარ და იმიტო უსმენ ბიტლებსო,თორე ნახე მერე საერთოდ აღარ მოუსმენო,მაგ დროს თავი მეც ბიტლომანი მეგონაო..არ ვიცი ყველას თავის აზრი აქვს,მე ასე ვფფიქრობ რომ ბითლზბეი უკვე სამუდამოდ არის დაკავშირებული ჩემს ცხოვრებასთან და ყოველთვის მიხარია ბიტლომანების გაცნობა და თუ მსგავსი ბიტლომანური პოსტების კითXვა.მადლობა პოსტისთვის 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s