მთავარი » საქართველო » ჰელოუინით განათ(ლ)ებული საქართველო

ჰელოუინით განათ(ლ)ებული საქართველო

რა არის ჰელოუინი? უკვე ყველამ თუ არა, აბსოლუტურმა უმეტესობამ იცით ამ დღის შესახებ რაღაცა მაინც. ეს ძველი კელტური დღესასწაულია, რომელიც სათავეს ძველი კელტების ტრადიციული ფესტივალიდან, სოუინ-დან იღებს. ამ დროს, ზაფხულის ანუ სინათლის პერიოდის დასრულებისას და წლის ბნელის პერიოდის დასაწყისში, ანუ ოქტომბრის ბოლო დღეებში, ხალხი ეშმაკებს და კუდიანებს აშინებს და დევნის სადღაც შორს. დავკმაყოფილდეთ ამ ტრაფარეტული წინადადებებით და ნუ მიმოვიხილავთ ამ დღესასწაულის საწყისებს და ავკარგიანობას. უბრალოდ, მარტივად სხვა თემაზე გადავიდეთ: ჰელოუინი და საქართველო. ეს ორი ცნება ისე არ მოდის შესაბამისობაში ერთმანეთთან, როგორც მაგალითად საქართველოს ნაკრები და ფეხბურთი, ან ხინკლის სიყვარული და დიეტა!

ამ საკითხმა დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში, ზოგი გამართლებული, ზოგიც გაუმართლებელი. თუმცა მე პირადად არც ერთი მხარის ადვოკატობას არ ვაპირებ, არც რამის მტკიცებას მოვყვები, და არც ვინმეს დავიცავ. მე უბრალოდ ჩემს აზრს დავწერ.

ჰელოუინის მშობლიურ და მონათესავე ქვეყნებში გასაგებია, რომ ხალხს უხარია ეს დღესასწაული, ხალისობენ და აღნიშნავენ, ისე როგორც მათი ტრადიციაა და ისე როგორც მათ მიაჩნიათ სწორად. ისიც ადვილი გასაგებია ალბათ, რომ ჰელოუინი და მასთან დაკავშირებული ტაშ-ფანდური მათი კულტურის და ცხოვრების სტილის ნაწილია. ჩვეულებრივი და ბუნებრივი მოვლენაა, როდესაც ხალხი აღნიშნავს იმ დღესასწაულს, რომელიც საუკუნეებია მათში არსებობს (მიუხედავად იმისა, მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა). ნათელია ეს ყველაფერი და მარტივი. პრინციპში რომ გითხრათ დიდად მაინტერესებს თქო სხვადასხვა კულტურების დღესასწაულები და მათი აღნიშვნის ტიპები, ალბათ მოგატყუებთ. ალბათ კი არა, ნამდვილად მოგატყუებთ. ამჯერად, ჩემთვის უფრო საინტერესოა საერთოდ რა ფენომენს წარმოადგენს ჰელოუინი საქართველოში. ძალიან გაუგებარია ეს მოვლენა ჩემთვის.

რამდენიმე წლის წინ ალბათ ვიღაცა ახალმა ქართველმა უცხოეთში ყოფნისას აღმოაჩინა რომ ოქტომბრის ბოლო დღეებში, ხალხი რაღაც უცნაურ და საშიშ სამოსში ეწყობა და ქუჩაში ისე დარბის. მოეწონა. დაფიქრდა. გადაწყვიტა: რატომ არ შეიძლება იგივეს გაკეთება საქართველოში? თან ახალ რაღაცას შეიტანს ქვეყანაში, „მაგარი პონტი“ იქნება, და თვითონაც ორიგინალური და თანამედროვე ტიპი გამოჩნდება. ეს ყველაფერი უკეთეს შემთხვევაში. უარესი შემთხვევა კი შეიძლება ყოფილიყო ის რომ, ვინმემ მოცალეობის ჟამს კოტრიალისას ტელევიზორში აღმოაჩინა ჰელოუინი და ევრიკა! ასეა თუ ისე, ვიღაცამ მოტვინა, აწონ-დაწონა და დაგეგმა. მერე ვინმემ à la ბიჭოლამ თავის ბარში გადაწყვიტა ჰელოუნი ივენთის გაკეთება და აჰა: იხარე ერო! გვეღირსა „ცივილიზაცია“! როგორც იქნა ვეღირსეთ სინათლეს! ნახვამდის უკუნეთო, გაუნათლებლობავ, და ჩამორჩენილობავ! ჩვენ ვქმნით ახალ, ევროპულ საქართველოს! მთელი „წინწასული“ მსოფლიო აღნიშნავს ამ დღეს, და ჩვენ რითიღა ვართ მაგათზე ნაკლებნი? არა, არაფრით მეგობრებო, საერთოდაც არაფრით!

გვერდიდან კი ეს ყველაფერი (ჩემი მოკრძალებული და სრულიად სუბიექტური აზრით) ძალიან სასაცილოდ ჩანს. ახალგაზრდა ქართველი ვაჟკაცები და დიაცები, რაღაც უცნაურ კოსტიუმებში გამოწყობილები, დროს ატარებენ, ერთობიან, ღრეობენ. ანუ თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მაგრამ პათოსი და განწყობაა რაღაც განსაკუტრებული და საზეიმოა. ნეტავ რას ზეიმობენ? რა ეშმაკებს დევნიან? ვის დევნიან? სად დევნიან? საიდან დევნიან? როდის მერე დევნიან? მგონი არაფერსაც არ შვებიან. მგონი საერთოდაც, ქართულ ჰელოუინს არანაირი იდეური დატვირთვა არ აქვს. არაფერი აღსანიშნავი: სმა-ჭამა, უფრო სმა ვიდრე ჭამა, კივილ-წივილი, უსაზღვროდ ხმამაღალი მუსიკა, ზოგის აღვირის ახსნა და ზოგის სასოს წარკვეთა, და ბოლოს გვირგვინი: ჩხუბი და დანის მუცელში ტრიალი! მაგრამ მაინც, რაღაც გაუგებარი (ან ვინმესთვის გასაგები) მიზეზების გამო ჰელოუინი ერთ-ერთი ყველაზე „გაპიარებული“ და აფიშირებული მოვლენაა წლის განმავლობაში ქართულ, უფრო სწორად თბილისურ, რეალობაში. ტელევიზია, გაზეთი, რადიო, ინტერნეტფორუმები – ყველაფერი ჰელოუინით ცხოვბრობს ამ დღეებში. მაგრამ ეს კიდევ არაფერი. თქვენც შეამჩნევდით, რომ საზოგაოდების გაკრვეული ნაწილი ღიზიანდება ამ ღონისძიების გამო. და ხშირად მეჩვენება, რომ ჰელოუინის მონაწილეები ძალით ცდილობენ სწორედ ამ ნაწილის გაღიზიანებას. მე სხვა ახსნას ვერ მოვუძებნი მაგალითად იმ ფაქტს, რომ ვინმე აჟიტირებული ახალგაზრდა რქებდადგმული საცვლებით როკავს სიონის ეზოში! მე კი არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, თუ უნდა „იტოკოს“ და თუ უნდა ყირაზე დადგეს, მაგრამ ეს ჩვენი საყვარელი დედაქალაქი ხომ ამხელაა? ხომ შეიძლება იგივე სხვაგან აკეთო? თბილისი კი არა და, შარდენიც კაი დიდია, რომ ყველაფერი ეს ზედმეტი აგრესიის გამოწვევის გარეშე მოახერხო. რატომ უნდა ვუშალოთ ერთმანეთს ნერვები? არ მეთანხმებით? სწორედაც რომ ამიტომ, ცოტა კომიკურად ჩანს ეს ჩვენი ჰელოუინი. ამას ემატება ამ დღეობის საცარი ხელოვნურობა. წარმოიდგინეთ აბა, რომ ჭია-კოკონობას აწყობენ პორტუგალიასა და კუალა-ლუმპურში, ამასობაში ლონდონის ქუჩებში კი ლომისობას აღნიშნავენ. სულ მცირე სასაცილოა. რა შუაშია? ვისთან ხართ? ვინ დაგპატიჟათ? რა გნებავთ? რას მოითხოვთ?

მე პირადად, არც წინააღმდეგი ვარ ჰელოუინის და არც მომხრე. საერთოდ ნაკლებად მადარდებს ეგ საკითხი. ჩემი საქმე სულაც არ არის ვინ, როგორ, რას, როდის და რატომ აღნიშნავს. მე ვინ მეკითხება? ნებისმიერ ადამიანს როგორც უნდა და რასაც უნდა იმას იზამს სადაც უნდა. (ნუ ფიგურალურად რომ ვთქვათ). მეტიც: ერთხელ მე თვითონაც მიმიღია ჰელოუინში მონაწილეობა მაშინ როცა საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველად დავეჯახე ამ მოვლენას, ლაბადაც მქონია მოხვეული და ნაჯახიც მჭერია ხელში (პლასტმასის რა თქმა უნდა). იქ და იმ დროს ჰელოუინს სხვა დატვირთვა ქონდა და აქვს. მის მერე არ ვიცი რატომ, მაგრამ სურვილიც აღარ გამჩენია დიდად, თუნდაც ისევ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნისას, აღმენიშნა ეს ღირსშესანიშნავი დღე. ნუ საქართველოში ხომ საერთოდ…

ისიც უნდა დავამატო ალბათ, რომ მე იმ ხალხის არც წინააღმდეგი ვარ და მითუმეტეს არც კრიტიკოსი, ვინც ჰელოუინობს. ღმერთმა დამიფაროს! 🙂 ჩემი ბევრი მეგობარი და ნაცნობი მშვენივრად ერთობა მაგ დღეს. მე უბრალოდ ჩემს აზრს გამოვხატავ ზოგადად ქართული ჰელოუინის მიმართ.
ეს არის და ეს.

პ.ს. ისე მსოფლიოში ბევრზე ბევრი სხვა დღესასწაულია, პომიდვრების აქეთ-იქეთ სროლიდან დაწყებული დაგორებული ყველის დაღმართში დევნით დამთავრებული. ასე რომ: მოემზადე ბნელო საქართველოვ! წინ განათლება და პროგრესი გელის!

ნოემბერი,2010, © გ.დ.

Advertisements

8 thoughts on “ჰელოუინით განათ(ლ)ებული საქართველო

  1. აბსოლუტურად გეთანხმებით
    ჰელოუინი სრულიად უცხოა ქართული კულტურისთვის
    ჩვენში მსგავსი ბერიკაობა იყო მგონი, ნიღბებით და იმას არ აღნიშნავენ, ცუდი ტონია ტრადიციების გახსენება ) სხვისი და უცხო რატომ უნდა დაამკვიდრო მართლა ვერ ვხვდები

  2. ძვირფასო გიორგი,

    :)))) ხო, ხო ვიცი მიმართვა, რომ წაიკითხე, ეგრევე გაიფიქრე, რომ წიგნებისა და ავტორების მოშველიებით ვაპირებდი ხანგრძლივ კრიტიკას! შენ შეცდი, არამც და არამც! გეთანხმები ჰელოუინი უცხოა, საოცრად უცხო ქართული კრიტიკისათვის. გეთახნმები, არ მესმის რა საჭიროა საცვლით მოსილმა შეურაცჰყო ის ადგილები, რომლებიც ადამიანებისთვის წმინაა. ამ ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ… ხო აბა, მაინც არ შემიძლია ცოტაოდენი შეკამათების გარეშე, მგონი უკვე ჩემ ჰობიდ იქცა. ხოდა, ერთი, რომ ვკითხულობდი, დავფიქრდი: კი მაგრამ არც გერმანელებისთვისაა ჰელუინი ტრადიციული და კულტურასთან შერწყმადი (რასაც გერმანელი მეგობრების ნააზრევიც მიდასტურებს), მაგრამ კი იცი რომ რაღაც ნაწილი საზოგადოების, ზეიმობს და ერთობა კიდეც. მეორე, ხშირად საქართველოში ორივე დაპირისპირებული მხარე რადიკალია. აქეთ სიონის წინ ექსტაზურ როკვაში ჩაძირული საცვლიანი ახალგაზრდა, იქით რელიგიურ გამათრახებაში ჩაძირული საეკლესიო პირები. ვაი ბედკრულო საქართველოვ! დიახ, დიახ შარშან სამღვდელო პირებმა ჩემი მეგობრები ცემეს, გოგოებიც, რომლებიც არც პანკები არიან, არც ჰიპები და არც სხვა სახის სატანისტები :))) იყვნენ თავისთვის ძმები ბლუზების ფორმაში და ერთობოდნენ. მესამე, თუ ერთის მხრივ პოზიტიური პოპულარიზაცია მიდის ჰელუინის, ამავე დროს მიმდინარეობს მისი მისტიფიკაცია იმავე მედიის საშუალებით: ჰელუინის დროს გართობა, თურმე პირდაპირ ნიშნავს მაგიურ რიტუალებში ჩართვასა და სისხლშეწირვაში მონაწილეობას. და ბოლოს, ნეტაი ერთი სხვა სადარდებელი არ ქონდეთ, გლობალიზაცია მიმდინარეობს ბოლოსდაბოლოს და ეს ჰელუინიც შემოაღწევდა, ხოდა ვისაც უნდა გაერთოს და იაროს ამ წვეულებებზე, ისევე როგორც გერმანიში აკეთებენ, ვისაც უნდა კიდე ‘სულ ეკიდოს’. და რამოხდება ამით ცუდი, მერე რა?
    პ.ს. რამდენიმე შენი ნააზრევი წავიკითხე, ფრიად მომწონს. ამგვბარებს თუ წერდი მარტინას გაკვეთიებზე გეთქვა, წავიკითხავდი და მეც გავერთობოდი. ერთი რჩევა მაქვს, თუ მიიღებ გაითვალისწინე. ყველა სტატიაში შევამჩნიე, რომ ამბობ სხვადასხვა ფორმით ეს მხოლოდ ჩემი აზრია, მე კი არაფერი მაქვს საწინააღმდეგო და ა.შ. არ გინდა ასეთები, თავის დაცვა გამოდის წინასწარ. თითქოს ადამიანის შეკამათების საშუალებას არ უტოვებ. ისედაც ვიცით, რომ შენი აზრია. ბლოგია ბოლოსდაბოლოს და სააწინაღმდეგო რომ აარ გქონდეს და განსხვავებული ჰაზრები ამ ბლოგსაც არ შექმნიდი.
    გკოცნი და გეხვევი შენი ლაუ

    • ძვირფასო ბაია!

      :)))) პირველ რიგში დიდად მადლობელი რომ დაკარგეთ თქვენი ძვირფასი დროის გარკვეული ნაწილი ჩემს ბლოგზე ხეტიალში (ოღჩ, რა ოფიციალური ვარ). თქვენი კრიტიკაც და შენიშნვაც ჩანიშნულია. უბრალოდ ამას იმიტომ ვუსმევ ხოლმე ხაზს, რომ ხომ იცი, ზოგი პირდაპირ იმაზე გიწყებს კამათს, რატომ ფიქრობ ესე, და რატომ არ ფიქრობ ისე როგორ მას სურს. ამიტომაც ვიმეორებ ხოლმე, რომ ესა თუ ის, ჩემი სუბიექტური აზრია, რაც არ ნიშნავს რომ მე ობიექტურ ჭეშმარიტებას ვღაღადებ და ეს არის “სწორი” და ასე უნდა ფუქროდებს ყველა. არ მინდა უაზრო პოლემიკის ადგილად იქცეს ჩემი ეს ბლოგი. თორემ, ჯანსაღი კრიტიკა და კამათი კი იცი როგორც მიყვარს! 🙂

      ეხლა რაც შეეხება საქმეს: კი მართალია, არც გერმანელებისთვის არის “თლად” მშობლიური ჰელოუინი, და ნურც იმას ჩავეძიებით ეხლა რა იდეურ-ტრადიციული კავშირი შეიძლება არსებობდეს დასავლეთ ევროპის, კელტების და სხვათა და სხვათა შორის. არ გვინდა ეხლა, და არც არის საჭირო, ვინაიდან და რადგანაც ნამეტანი შორს წაგვიყვანს. უბრალოდ მე იმას აღვნიშნავდი, რომ თვით გერმანელებისთვისაც კი ეს დღესასწაული არ არის რაღაც განსაკუთრებული, და ამის ე.წ. პიარი ყველა ფრონტზე არ მიმდინარეობს. არც არავინ შეგაწუხებს აქ საჰელოუინი ტაშფანდურით. საქართველოსგან გასნხვავებით. მე მხოლოდ იმას ვკითხულობ რატომაა ასეთი აჟიტირება თქო იქ,სრულიად უცხო და ახალ გარემოში. მეტი არაფერი.

  3. მიხარია რომ კიდევ დარჩა ამ საცოდავ საქართველოში საღად მოაზროვნე ადამიანები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s